Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი: ათლეტების შარდის ანალიზების გაცვლა ფარული ხვრელით


„როცა მაყურებლები გამარჯვებულებს სიხარულით ესალმებოდნენ, ჩვენ სასწრაფოდ ვცვლიდით მათი შარდის ანალიზებს“, - უამბო “ნიუ იორკ ტაიმსს” რუსეთის ანტისადოპინგო უწყების ყოფილმა ხელმძღვანელმა, გრიგორი როდჩენკოვმა, და მის ნათქვამს დიდი რეზონანსი მოჰყვა. თუ მისი ბრალდებები დადასტურდა, რუსეთის სპორტსმენები ოლიმპიურ თამაშებში ვეღარ იასპარეზებენ, რაც, ალბათ, ტრაგედია იქნება რუსეთის სპორტისთვის. რა გაამხილა როდჩენკოვმა და რას ფიქრობს სპორტული და ანტისადოპინგო სამყარო?

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი აცხადებს, რომ ლოზანის ანტისადოპინგო ლაბორატორიას დაავალებს, განმეორებით შეამოწმოს სოჭის ოლიმპიური თამაშების ანტისადოპინგო ანალიზის ნიმუშები „ყველაზე თანამედროვე და ეფექტიანი მეთოდებით“. ასეთია რეაქცია საერთაშორისო დონეზე იმის მიმართ, რაც სოჭის ოლიმპიადის დროს რუსეთის ანტისადოპინგო ლაბორატორიის ხელმძღვანელმა გრიგორი როდჩენკოვმა ილაპარაკა. იმის გარდა, რომ რუსეთი თავის სპორტსმენებს ოლიმპიადის წინ დოპინგს მიზნობრივად აწვდიდა, მათ შეჯიბრების შემდგომი შემოწმების დროს მხარში ედგა და მათი შარდის ანალიზებს ცვლიდა. როდჩენკოვის ბრალდებით, 2014 წელს სოჭის ასპარეზობის მონაწილე ათობით რუსი სპორტსმენი იყო ჩართული „სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ დოპინგის პროგრამაში“.

თომას ბახი სტატიაში, რომელიც პარიზის ყოველდღიურ გაზეთ „მონდის“ 18 მაისის ნომერში გამოქვეყნდა, ამბობს, თუ დადასტურდა, რომ ბრალდებები სიმართლეს შეესაბამება, ეს იქნებოდა „დოპინგი, შოკისმომგვრელი ახალი მასშტაბით, დანაშაულებრივი მოქმედების უპრეცედენტო დონეზეო“. რუსეთის სპორტის სამინისტრო აცხადებს, რომ მზად არის „სრულად ითანამშრომლოს“ ანტისადოპინგო სააგენტოსთან. რუსეთს უკვე აუკრძალეს მძლეოსანთა საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა ფართოდ გავრცელებულ დოპინგზე ნოემბერში გამოქვეყნებული მტკიცებულებების გამო. თომას ბახი აცხადებს აგრეთვე, რომ, 2008 და 2012 წლებში პეკინისა და ლონდონის ოლიმპიადებზე ანტისადოპინგო შემოწმების ნიმუშების ხელახლა შემოწმების შედეგად, სავარაუდოდ, ათობით ათლეტს ეტყვიან უარს წელს რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე. „ნიუ იორკ ტაიმსი“ თავის სტატიაში სვამდა შეკითხვას, ვითომ რუსი სპორტსმენები მეტ დოპინგს იღებდნენ, ვიდრე სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიო? პასუხი ამავე გაზეთისა ასეთია: ამას ვერავინ დაადგენს, მაგრამ რაც ვიცით, ისაა, რომ მათ უფრო ხშირად უდგენდნენ, რომ დოპინგი ჰქონდათ მიღებული. 2014 წლის მონაცემები ჯერ კიდევ შენახულია. ბოლო ხანს რუსი სპორტსმენების მიერ დოპინგის მოხმარებაზე ბევრს ლაპარაკობს მსოფლიო მედია. საქმე ისაა, რომ გერმანიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, „ა-ერ-დემ“, გამოაქვეყნა ჰაიოს ზეპელტის, დოპინგის ექპერტის, დოკუმენტაცია, რასაც მოჰყვა საერთაშორისო ანტისადოპინგო უწყების რეაქცია, დამოუკიდებელი კომისიის შექმნა და საქმის კვლევა. საფრთხე შეექნა რუსეთის მონაწილეობას მომავალ ოლიმპიურ თამაშებში, რუსეთის ანტისადოპინგო ლაბორატორიის ხელმღვანელი გრიგორი როდჩენკოვი კი სამსახურიდან დაითხოვეს. როგორც ითქვა, რუსეთის სპორტში - ძირითადად, მძლეოსნობაში - დოპინგის სისტემატური გამოყენების ფაქტებს ჰაიოს ზეპელტმა მიაკვლია. მან გერმანიის რადიოს უთხრა, როდჩენკოვს ნამდვილად დაეჯერებაო:

„როდჩენკოვი რუსეთის დოპინგის კონტროლის ლაბორატორიის ხელმძღვანელი იყო. ის სამსახურიდან დაითხოვეს, როცა „ა-ერ-დეს“ მიერ გამომზეურებული იქნა მის ლაბორატორიაში მაქინაციები, რომლებსაც, სულ მცირე, ის თვითონ არ უარყოფდა. მე მუდმივ კონტაქტში ვიყავი მასთან და ყოველთვის ცხადი იყო, მეტის თქმა სურდა. მისი ნაამბობი ემთხვეოდა იმას, რა გამოცდილებაც, ამ მხრივ, მე დამიგროვდა რუსეთის შესახებ. ახლა მან „ნიუ იორკ ტაიმსს“ მიმართა და ყველაფერი საჯარო გახადა“.

როდჩენკოვმა სამყაროს ამცნო, რომ რუსეთის ანტისადოპინგო უწყების და უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლები შარდის ანალიზებს, ახლებს, შეჯიბრების შემდეგდროინდელს, ერთი თვით ადრე, დოპინგის მიღებამდე აღებული ანალიზებით ცვლიდნენ. როდჩენკოვი დეტალებს იხსენებს: სოჭში, ლაბორატორიის დაცულ სივრცეში, არსებობდა საგანგებო ოთახი, რომელსაც კედელში ფარული ხვრელი ჰქონდა. ამ ხვრელის გზით ხდებოდა შარდის ანალიზების გამოცვლა. საქმე ეხება ბობსლეისტებს, ბიატლონისტებს, მოთხილამურე მრბოლელებს, ქალთა ჰოკეის ნაკრებს. ესენი, ყველა, რუსეთის დოპინგის პროგრამაში იყვნენ ჩართული. ზემოთ ითქვა, რომ მძლეოსნობაში დოპინგის სისტემატური გამოყენების ფაქტებს გერმანელმა ჰაიოს ზეპელტმა მიაკვლია. ამ ფაქტის გამო მხოლოდ მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ დააწესა სანქციები, სხვები იცდიან. მოსკოვი კრიტიკით გამოეხმაურა ცნობას, რომ აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს დაწყებული აქვს გამოძიება ათობით რუსი სპორტსმენის მიერ, სახელმწიფოს ხელშეწყობით, დოპინგის გამოყენების ბრალდებასთან დაკავშირებით. კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 18 მაისს განაცხადა, რომ მოსკოვი უარყოფითად აფასებს აშშ-ის იურისდიქციის საზღვარგარეთ გამოყენებას. გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ცნობით, ნიუ-იორკის აღმოსავლეთ რაიონის პროკურატურას დაწყებული აქვს გამოძიება, რომლის ფარგლებშიც შეისწავლის დოპინგის პროგრამაში რუსეთის მთავრობის წევრების, მწვრთნელების, ათლეტების და სხვათა როლს. მანამდე, „ნიუ იორკ ტაიმსის“ სტატიის შემდეგ, რუსეთის სპორტის სამინისტრომ აღიარა დოპინგის პრობლემა, მაგრამ დეტალებზე არ უსაუბრია. მინისტრმა ვიტალი მუტკომ ბრიტანეთის „სანდეი ტაიმსს“ უთხრა, რომ რუსეთის ოფიციალურმა პირებმა, მწვრთნელებმა და სპორტსმენებმა დაუშვეს შეცდომები, მაგრამ სახელმწიფოს როლის დაზუსტებას მან თავი აარიდა.

„უნდა ითქვას, რომ სოჭის 2014 წლის ზამთრის თამაშების ყველა მედალოსნის შედეგებს სხვა თვალით უნდა შევხედოთ და აშკარაა, რომ ისინი მანიპულირებული იყო“, - ამბობს „ა-ერ-დეს“ ექსპერტი, ზეპელტი, რომელიც თვლის, რომ დოპინგის სინჯების სახელმწიფო დონეზე დამალვა უპრეცედენტოა და ისტორიულია იმის გამოც, რომ მთლიანად ოლიმპიური თამაშებისთვის მზადების პროგრამის ნაწილი იყო და არა ერთი რომელიმე სახეობისა. ზეპელტის აზრით, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთი ოლიმპიური თამაშებიდან უნდა გამორიცხოს და ჩამოართვას 2018 წელს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება.

  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG