Accessibility links

„სრულიად საიდუმლოდ“ რუსეთში დოპინგზე


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სოჭის ოლიმპიადაზე

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სოჭის ოლიმპიადაზე

„სრულიად საიდუმლო: დოპინგი, ანუ როგორ ქმნის რუსეთი თავის ჩემპიონებს“ - ასეა დასათაურებული გერმანელი გამომძიებელი ჟურნალისტის, ჰაიო ზეპელტის დოკუმენტური ფილმი, რომელიც ამ თვის დასაწყისში აჩვენა გერმანიის საზოგადოებრივმა ტელევიზიამ. როგორც სათაურიც მიანიშნებს, ფილმი ამხელს აკრძალული ნივთიერებებისა და აკრძალული მეთოდების გამოყენებას სპორტული შედეგების გასაუმჯობესებლად, ამხელს მთელ სისტემას, რომელიც რუსეთში, როგორც ჩანს, სახელმწიფოს მხარდაჭერით სარგებლობს. ჰაიო ზეპელტის ფილმი მწვავე რეაქციას იწვევს: რუსეთში მას უწოდეს „პროვოკაცია რუსეთის სპორტის დისკრედიტაციის მიზნით“, ხოლო მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ პირობა დადო, რომ გულდასმით გამოიძიებს ფილმში თავმოყრილ ფოტო-, ვიდეო- და აუდიომასალას. გთავაზობთ ინტერვიუს ამ გახმაურებული დოკუმენტური ფილმის ავტორთან, ჰაიო ზეპელტთან. მას რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კლერ ბიგი ესაუბრა და თავდაპირველად ჰკითხა, რატომ გადაწყვიტა ემუშავა რუსეთში დოპინგის გამოყენების პრობლემაზე.

ჰაიო ზეპელტი: „წელს თებერვალში, როცა სოჭში, რუსეთში, ზამთრის ოლიმპიური თამაშები იმართებოდა, მივაკვლიეთ ორ საკითხს დოპინგის გამოყენებასთან დაკავშირებით - ეს არის Full Size MGF, კუნთების ზრდის მასტიმულირებელი პრეპარატი, და რუსეთში, როგორც ჩანს, ხშირად გამოყენებული ქსენონი - აირი, რომელიც ხელს უწყობს სისხლში ჟანგბადის ტრანსპორტის უნარის გაზრდას. ამის შემდეგ უცებ მოგვმართა რამდენიმე ადამიანმა, რომელსაც რუსეთში დოპინგის მოხმარებაზე მოყოლა სურდა. კონტაქტში შევედით ხალხთან რუსეთის სპორტული სამყაროდან - მათ შორის, მწვრთნელებთან, სპორტსმენებთან, რუსეთის ანტიდოპინგური სააგენტოს ყოფილ წევრთანაც. და დროთა განმავლობაში იქმნებოდა სულ უფრო მკაფიო სურათი იმისა, რაც ჩვენი ხედვით, მართლაც ხდება რუსეთში“.

ჟურნალისტ ჰაიო ზეპელტისა და მისი გუნდის მუშაობის, ინფორმაციის შეგროვების ამ პროცესს მოჰყვა დოკუმენტური ფილმის შექმნა რუსეთში დოპინგის მასობრივად გამოყენებაზე.

რახან დოპინგი აკრძალული ნივთიერებების ან აკრძალული მეთოდების გამოყენებას გულისხმობს და, შესაბამისად, აკრძალულია, მაგალითად, ევროსაბჭოს ანტიდოპინგური კონვენციით, ამ თემაზე მუშაობა ყველგან უკავშირდება სირთულეებს. ჰაიო ზეპელტი აღნიშნავს, რომ ინფორმაციის დიდი ნაწილი მოიპოვა ე.წ. უისლბლოუერებისაგან, ანუ მამხილებლებისაგან, რომლებმაც უკანონობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება გადაწყვიტეს.

ჰაიო ზეპელტი: „ჩვენ შევძელით ხშირად გვქონოდა კონტაქტი მამხილებლებთან და მათ ჯერ ინტერვიუებით შეგვიქმნეს სურათი სპორტის მესვეურების, მწვრთნელების და სპორტსმენების, პირველ რიგში კი, სამედიცინო პერსონალის ფართოდ გავრცელებულ კავშირზე დოპინგის გამოყენებასთან. ეს ჯერ, უბრალოდ, განცხადებები იყო, მაგრამ მერე გამოჩნდა მტკიცებულებებიც - წერილობითი დოკუმენტები, ვიდეო და აუდიომასალა, რომელიც მამხილებლებს ჰქონდათ ჩაწერილი და რომელსაც საბოლოოდ მოჰყვა ის, რომ განცხადებები ფაქტებად იქცა“.

დოპინგის მამხილებელ მასალასთან ერთად, ჰაიო ზეპელტის ფილმი ასახავს მასშტაბურ ძალისხმევას რუსეთში დოპინგის გამოყენების მისაჩქმალად.

ჰაიო ზეპელტი: „რუსი მძლეოსანი, ძალიან კარგი ბადროს მტყორცნელი ქალი მოგვიყვა, რომ ათლეტების, ყოველ შემთხვევაში, მძლეოსნების, მისი თქმით, 99% არის ჩართული რუსეთში დოპინგის სისტემაში. ეს იყო მისი განცხადება. მაგრამ, მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ფაქტებითაც, რომლებიც წარმოგვიდგინეს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რუსი სპორტსმენების დიდი ნაწილია ჩართული ამ სისტემაში“.

დოპინგის სისტემა რუსეთში რომ, ასე ვთქვათ, ზემოდან იმართება, ამაზე, გერმანელი ჟურნალისტის აზრით, მიანიშნებს თუნდაც ის გარემოება, რომ სპორტის სამინისტრო 100%-ით აფინანსებს დოპინგის გამოყენებასთან ბრძოლას და მას გულდასმით აკონტროლებს.

ჰაიო ზეპელტი: „ამას ემატება თავად პუტინი, რომელმაც ამ რამდენიმე წლის წინ, როცა პრემიერ-მინისტრი იყო, გამოსცა მთავრობის ბრძანება, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსმა ოფიციალურმა პირებმა უნდა შეამოწმონ უცხოელი ექსპერტების მიერ დოპინგის გაკონტროლება, რაც გამოიხატება იმაში, რომ შარდისა და სისხლის სინჯების ტრანსპორტის ან უცხოეთში გატანის შემთხვევაში, დოპინგის უცხოელმა შემმოწმებელმა ნებართვა უნდა აიღოს რუსეთის შესაბამისი უწყებებისაგან. ეს, რასაკვირველია, მხოლოდ ფარსია. საქმე ეხება მიჩქმალვას, საქმე ეხება დოპინგზე შემოწმებას, საქმე ეხება იმას, რომ ზოგი სპორსტმენი დოპინგზე არ შეუმოწმებიათ, მიუხედავად იმისა, რომ უნდა შეემოწმებინათ. საქმე ეხება იმას, რომ „რუსადა“, ანუ რუსეთის ანტიდოპინგური სააგენტო, როგორც ჩანს, სრულად არ იცავს დოპინგის კონტროლის სტანდარტებს. ვფიქრობ, სამწუხაროდ, უნდა ვივარაუდოთ, რომ რუსეთში მოქმედებს დოპინგით მანიპულაციის სისტემა, რომელზეც სახელმწიფო თვალს ხუჭავს ან შესაძლოა მას მხარს უჭერს“.

გერმანიის საზოგადოებრივ ტეელევიზიაში ჰაიო ზეპელტის ფილმის ჩვენებამ ბევრს გაახსენა ყოფილი აღმოსავლეთი გერმანია - გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელიც დოპინგით მანიპულაციის განსაკუთრებული მასშტაბით გამოირჩეოდა. რამდენად სწორია, ზეპელტის აზრით, დღევანდელი რუსეთის შედარება გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკასთან, ანუ გდრ-თან?

ჰაიო ზეპელტი: „მე ვიტყოდი, რომ აღმოსავლეთ გერმანიისა და რუსეთის შედარება ნამდვილად შეიძლება გარკვეული კუთხით: შეიძლება ითქვას, რომ მსგავსება არსებობს. მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ საქმე გვაქვს „სახელმწიფო დოპინგთან“, როგორც წინათ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში ხდებოდა, როცა ზემოდან მოდიოდა დავალება. რუსეთის შემთხვევაში ეს არის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი სისტემა, რაც ნიშნავს, რომ ბევრი ადამიანია საქმის კურსში, მონაწილეობს მიჩქმალვაში, იგრძნობა შიშისა და დაშინების ატმოსფერო. ხალხს, ვინც ამაზე ლაპარაკობს, ემუქრებიან. მაგრამ მაინც არ არის ისე ზედმიწევნით ორგანიზებული, როგორც ეს წინათ გდრ-ში იყო“.

აღმოსავლეთ გერმანიაში დოპინგის მასშტაბურ გამოყენებასთან ერთად ცნობილია ისიც, რომ ზიანი მიადგა ბევრი ათლეტის ჯანმრთელობას. როგორც ჰაიო ზეპელტი აღნიშნავს, ეს საფრთხე რჩება რუსეთშიც, რადგან ხელი არ აუღიათ სპორტული მიღწევების გასაუმჯობესებლად ჯანმრთელობისათვის საზიანო ნივთიერებების გამოყენებაზე. მაგალითად:

ჰაიო ზეპელტი: „რუსეთში დღემდე იყენებენ ორალ-ტურინაბოლს - ზუსტად იმ ნივთიერებას, რომელსაც გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში ითვალისწინებდა დოპინგის სახელმწიფო გეგმა. ამდენად, რასაკვირველია, უნდა ვივარაუდოთ, რომ დროთა განმავლობაში ამ პრეპარატმა შესაძლოა რუსეთშიც გამოიწვიოს ათლეტების ჯანმრთელობის დაზიანება“.

როგორც უკვე ვიუწყებოდით, რუსეთში კატეგორიულად უარყოფენ გერმანელი ჟერნალისტის დოკუმენტური ფილმიდან გამომდინარე ბრალდებას, რომ სისტემური ხასიათი აქვს მიღებული დოპინგის გამოყენებას რუსი სპორტსმენების მიღწევების გასაუმჯობესებლად. რუსეთის ათლეტთა ფედერაციის თავმჯდომარემ ვალენტინ ბალახნიჩევმა 6 დეკემბერს ფილმს „სრული სიცრუე“ უწოდა: „პროვოკაცია რუსეთის სპორტის დისკრედიტაციის მიზნით“. ფილმის ავტორთან საუბარში ჩვენი რადიო დაინტერესდა მისი რეაქციით სიცრუეში დადანაშაულებაზე.

ჰაიო ზეპელტი: „დარწმუნებული არა ვარ, მართლაც ნანახი აქვთ თუ არა ფილმი რუსებს, რომლებიც ამას ამბობენ, რადგან ფილმში მარტო ვიღაცების ნათქვამი კი არ არის მოყვანილი, არამედ წარმოდგენილი გვაქვს მტკიცებულებები. და ეს მტკიცებულებები, ჩემი აზრით, საკმარისად მკაფიო სურათს ქმნის. ამდენად, ჩემი აზრით, ხდება ის, რაც ბოლო თვეებში კეთდება სხვა, დიდი პოლიტიკური საკითხების გარშემო დისკუსიებში: კერძოდ, პირველ რიგში, ყველაფრის უარყოფა და უარის თქმა საკითხის დეტალურად განხილვაზე. ასე რომ, არ მიკვირს ასეთი რეაქცია რუსეთის მედიაში“.

მაგრამ რუსეთში დოპინგის გამოყენებაზე დოკუმენტური ფილმით გამოწვეული სკანდალი რუსეთის ფარგლებს გასცდა - მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტო ბრალდებების გამოძიებას აპირებს. რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს გამოძიებას რუსეთისთვის, რომლის გუნდმაც, მაგალითად, სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე ყველაზე მეტი მედალი მოიპოვა? შესაძლებელია, რომ ზოგ სპორტსმენს ოლიმპიური მედალი ჩამოართვან?

ჰაიო ზეპელტი: „რეგლამენტის მიხედვით, ათლეტი, რომელიც დოპინგს იყენებს, თუ ეს დადასტურდა, ვერ შეინარჩუნებს მედლებს, თუ ისინი 10 წლით ან უფრო დიდი ხნით ადრე არა აქვს მოპოვებული. ამიტომ საინტერესოა თვალის მიდევნება, რა რეაქცია ექნება საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს მარია სავინოვას შემთხვევაზე. სავინოვა მობილურით გადაღებულ ვიდეოში აღიარებს, რომ დოპინგი გამოიყენა“.

მარიამ სავინოვამ, რომლის შემთხვევაც გერმანელმა ჟურნალისტმა ზეპელტმა ახსენა, ლონდონში 2012 წლის ოლიმპიადის ოქროს მედალი მოიპოვა 800 მეტრზე რბოლაში. რაც შეეხება სხვა სპორტსმენებს ან რუს ოფიციალურ პირებს, მწვრთნელებს, დოპინგის სისტემაში ჩართულ ექიმებს?

ჰაიო ზეპელტი: „შედეგები, რაც შეეხება მწვრთნელებს, სპორტის მესვეურებს და სხვებს, ვფიქრობ, მათთვის შესაძლოა მოჰყვეს გამოძიებას. მაგრამ, ჩემი აზრით, ეს იქნება მხოლოდ პაიკების შეწირვა, რადგან ყურადღებას სხვაგან გადაიტანს სისტემისაგან და იმისაგან, თუ როგორ იმართება სპორტი გარედან. აქ უნდა დაისვას შეკითხვაც: რა გავლენას ახდენენ საერთაშორისო ორგანიზაციები სპორტის განვითარებაზე გარკვეულ ქვეყნებში და, პირველ რიგში, რამდენად დამოუკიდებელნი არიან ეს საერთაშორისო ორგანიზაციები“.

ასე რომ, გერმანელი ჟურნალისტის ფილმი რუსეთში დოპინგის გამოყენების სისტემაზე გაცილებით უფრო მასშტაბურ პრობლემასაც წამოჭრის: საერთაშორისო ორგანიზაციების როლს და, ზოგადად, დოპინგის გამოყენებას მსოფლიოში.

ჰაიო ზეპელტი: „რუსეთი არ მიმაჩნია გამონაკლისად. არა მგონია, ბევრ სხვა ქვეყანაში საქმე დიდად განსხვავებულად იყოს. თუმცა, ალბათ, არ ხდება ასეთი მასშტაბით“.

XS
SM
MD
LG