Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი „სპორტში დოპინგის“ პრობლემის მხოლოდ ნაწილი შეიძლება იყოს


მსოფლიო სპორტს ასეთი რამ არ ახსოვს: საერთაშორისო ანტისადოპინგო უწყების საგამოძიებო კომისია მოითხოვს მთელი ფედერაციის დისკვალიფიკაციას. საქმე ეხება რუსეთს, კომისიის მტკიცებით, სახელმწიფოს ხელშეწყობით ამ ქვეყნის მძლეოსანთა მიერ დოპინგის სისტემატურ მოხმარებას.

კრემლი რომ ამ ბრალდებას უარყოფდა, მით უმეტეს, რომ ის სახელმწიფოს ეხება, სავარაუდო იყო. რუსეთის მთავრობის წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა 10 ნოემბერს განაცხადა, სანამ არ არსებობს მტკიცებულებები, ძნელია ასეთი ბრალდების აღიარება, ის უსაფუძვლოაო. არადა, საერთაშორისო სადოპინგო უწყების კომისიის რეკომენდაციას რომ მისდიოთ, რუსეთმა უნდა დატოვოს მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაცია, უნდა დაიხუროს მოსკოვის დოპინგის კონტროლის ლაბორატორია, ძირფესვიანად უნდა განახლდეს რუსეთის მძლეოსნობის კავშირი, ისევე როგორც ამ ქვეყნის ანტისადოპინგო უწყება, „რუსადა“. კომისია ბრალად სდებს რუსეთს სახელმწიფო დონეზე მანიპულაციას დოპინგის სფეროში, რაც, ალბათ, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ვიტალი მუტკოსაც უნდა ეხებოდეს. 335-გვერდიანი ანგარიშის თანაავტორმა, ანტისადოპინგო საერთაშორისო უწყების ყოფილმა ხელმძღვანელმა, დიკ პაუნდმა პირდაპირ ასე გამოაცხადა: „ჩვენი რეკომენდაციაა, 2016 წელს რუსეთის მძლეოსნობის ფედერაცია არ იქნეს დაშვებული საერთაშორისო შეჯიბრებებზეო“.

რუსეთის სპორტის სამინისტრომ, მისმა ხელმძღვანელმა პაუნდის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა, ეს არის მცდელობა რუსეთის სპორტს ჩრდილი მიაყენონ. რუსეთის სპორტი მსოფლოში ერთ-ერთი ლიდერია, გარდა მეტოქეებთან პაექრობისა, დოპინგთან ბრძოლაშიო.

„ეს პირველი ბრალდება არ არის რუსეთისა და რუსეთის სპორტის მიმართ. ვერ ვიტყვი, რომ სამინისტროს ან მე, პირადად, მდებენ ბრალს. თვითონ კომისიის დასკვნაში, ანგარიშში, ამაზე არ ლაპარაკობენ. ეს, ჩანს, კომისიის ხელმძღვანელის, დიკ პაუნდის, ემოციური განცხადებაა, როგორ ესმის მას ვითარება და მეტი არაფერი. კომისიის დასკვნები კი რუსეთისთვის არაფერი მოულოდნელი აღმოჩენები არ არის“, ამბობს ვიტალი მუტკო და იტყობინება, რუსეთში მძლეოსნობის სფერო ახალ ხალხს ჩავაბარეთ, ათეულობით სპორტსმენი და სპეციალისტი გავათავისუფლეთ, საგანგებო კომისია შევქმენით, რომელიც იძიებს ამ საქმეებსო.

საერთაშორისო კომისიის ანგარიშის გამოქვეყნებას წინ უსწრებდა თვეების განმავლობაში გაწეული შრომა. საერთაშორისო ანტისადოპინგო უწყებამ კვლევა დაიწყო მას მერე, რაც გერმანიის საზოგადოებრივ ტელეარხ “ა-ერ-დეს“ ჟურნალისტებმა შექმნეს დოკუმენტური ფილმი, სახელწოდებით „საიდუმლო საქმე დოპინგი: როგორ ქმნის რუსეთი თავის გამარჯვებულებს“. ამ ფილმში მოტანილი მტკიცებულება ახლა მხოლოდ გამყარებულია კომისიის ანგარიშში. მაგრამ, გერმანიის პრესის თანახმად, მანამდე საერთაშორისო ანტისადოპინგო უწყება დიდად არ ყოფილა დაინტერესებული კვლევა ჩაეტარებინათ. ერთი მხრივ, რაც უნდა დაასკვნას საერთაშორისო ანტისადოპინგო უწყებამ და შემდეგ რეკომენდაციებით გამოვიდეს, მათ გატარება, განხორციელება დასჭირდებათ. ეს უწყება მოკლებულია ამ უფლებამოსილებას. ამას გარდა, ჩანს, უწყებამ - სულ მცირე, ერთ შემთხვევაში - მაინცდამაინც საქები როლი ვერ ითამაშა: რუსი მამხილებლები, მორბენალი იულია სტეპანოვა და რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს თანამშრომელი ვიტალი სტეპანოვი, იძულებული იყვნენ შემოვლითი გზით ესარგებლათ და მათთვის მიემართათ, ვინც დაინტერსებულიც იყო და სანდოც, -„ა-ერ-დეს“ ჟურნალისტებისთვის. ანგარიშის ავტორმა გერმანელ ჟურნალისტებს მიულოცა კიდეც:

„რუსი სპორტსმენების მიმართ დოპინგის მოხმარების გამო ბრალდებები, რომლებიც „ა-ერ-დეს“ პროგრამაში გაისმა, დამოუკიდებელი კომისიის მიერ დადასტურდა, როგორც საფუძვლიანი. გვსურს მივულოცოთ გერმანელ ჟურნალისტს, რომელმაც ისინი შეკრიბა, ჰანს იოახიმ ზეპელტს, ასევე „ა-ერ-დეს“. გვსურს მივულოცოთ საგამოძიებო ჟურნალისტიკის შესანიშნავი ნიმუშის გამო, რომელმაც მოგვცა იშვიათი შესაძლებლობა მნიშვნელოვანი წინსვლისთვის მიგვეღწია სპორტში დოპინგის გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლაში“.

საგამოძიებო ჟურნალისტიკის ამ ნიმუშის თანახმად, დოპინგის მოხმარების საქმეში ჩარეული იყვნენ სპორტსმენები, მწვრთნელები, ექიმები, სპორტთან დაკავშირებული უწყებები, ანტისადოპინგო ცენტრის ჩათვლით. ანგარიშში დეტალურადაა აღწერილი, როგორ იმალებოდა დოპინგზე შემოწმების შედეგები, როგორ ატყობინებდნენ სპორტსმენებს წინასწარ, რომ შემოწმება ჩატარდებოდა, ასევე ის, თუ როგორ სტუმრობდნენ კონტროლის ლაბორატორიას შიგადაშიგ უშიშროების სამსახურის თანამშრომლები.

ცნობილია ის, რომ მუტკო მეგობრობს საერთაშორისო ანტისადოპინგო უწყების ხელმძღვანელ კრეიგ რიდისთან და, შესაბამისად, ეს სააგენტო, სავარაუდოა, არ ისურვებდა სტეპანოვებისთვის ესმინა და მათ ნაამბობს გაჰყოლოდა. მაგრამ ახლა თავისი სიტყვა უნდა თქვას საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა, მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ. რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციის თავმჯდომარემ ვადიმ ზელიჩონოკმა განაცხადა კიდეც, ანტისადოპინგო სააგენტოს არ აქვს უფლებამოსილება რუსეთი არ დაუშვას შეჯიბრებებზე, ამას ოლიმპიური კომიტეტი წყვეტსო. მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის თავჯდომარე სებასტიან კოუ რთული ამოცანის წინაშეა: მან უნდა განახორციელოს საერთაშორისო ანტისადოპინგო უწყების საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციები. თავის გამოსვლაში ის იმეორებდა, რუსეთის ფედერაციას ვთხოვეთ რეაგირება, ახსნა- განმარტება ბრალდებებზეო. მან არ ისურვა პირდაპირ ეპასუხა შეკითხვაზე, არსებობს თუ არა შესაძლებლობა, რუსი სპორტსმენები არ დაუშვან ოლიმპიურ თამაშებზე რიო დე ჟანეიროში:

„მე არ შემიძლია განვსაჯო. ეს საკითხი მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის საბჭომ უნდა განიხილოს და დასკვნა პარასკევს მოგვახსენოს. სწორედ ამიტომ ვიმოქმედე ასე სწრაფად".

საერთაშორისო ანტისადოპინგო უწყების ანგარიშში აღნიშნულია, რომ მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ წლების წინ რუსეთის ფედერაცია დაიცვა ბრალდებებისგან და იქ მითითებულია ორ პირზე, ფედერაციის ყოფილ თავმჯდომარე ლამინ დიაკსა და მის ხაზინადარ ვალენტინ ბალახნიჩევზე. გასულ კვირაში საფრანგეთის ხელისუფლებამ დიაკს, რომელიც აგვისტოში გადადგა, მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამის აღებაში წაუყენა ბრალი. ფული, ბრალდების თანახმად, დიაკმა აიღო იმისათვის, რომ დაეფარა დოპინგის მოხმარების შემთხვევები, სხვათა შორის, მოხმარებისა რუსი სპორტსმენების მიერ. ბალახნიჩევი ხაზინადრის თანამდებობიდან გადადგა დეკემბერში და რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციის პოსტიდან - თებერვალში, გერმანული დოკუმენტური ფილმის ეთერში გასვლიდან ორ თვეში. მისი რეაქცია საერთაშორისო ანტისადოპინგო უწყების ანგარიშზე ასეთი იყო: წარმოადგინონ ბრალდება ჩემს მიმართ, მე მათ პასუხს გავცემო. ამ ანგარიშში ასეთ ფრაზასაც წაიკითხავთ: რუსეთი არ არის ერთადერთი ქვეყანა, არც მძლეოსნობაა ერთადერთი სახეობა, სადაც სპორტში დოპინგს იყენებენ. ამასვე წერს გერმანიის პრესა. „ფრანკფურტერ ალგემაინეს“ კომენტატორი წერდა, მძლეოსნობის ფედერაციის მაღალი წრეების მხრიდან თვალის დახუჭვის გარეშე რუსეთი ასეთ მანიპულაციებს ვერ შეძლებდაო. და, შესაბამისად, მასაც მიაჩნია, რომ რუსეთი პრობლემის მხოლოდ ნაწილი შეიძლება იყოს.

  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG