Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დოპინგის სკანდალის ახალი სერია - ახლა რუსი პარალიმპიელებით


რუსეთის პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ვლადიმირ ლუკინი
რუსეთის პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ვლადიმირ ლუკინი

რუსეთში მკაცრი კრიტიკით გამოეხმაურნენ საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებას მომავალ თვეში რიოს პარალიმპიური თამაშებისათვის რუსეთის მთელი გუნდის დისკვალიფიკაციის შესახებ. „ჯანსაღ აზრს მოკლებული გადაწყვეტილება“, „ადამიანის უფლებების დარღვევა“ - ასეთია რუსეთში გაკეთებული განცხადებები. თუმცა არანაკლებ მკვეთრია შეფასება, რომელიც მსოფლიო პარალიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ გამოთქვა.

რუსეთის მთავრობამ „კატასტროფულად დააღალატა თავისი პარალიმპიელები“, „მედლების მორალზე უფრო მაღლა დაყენება გულისამრევი“ დამოკიდებულებააო - ფიქრობს და ამბობს მსოფლიო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ფილიპ კრეივენი. მან 7 აგვისტოს რიო-დე-ჟანეიროში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა, რომ რუს პარალიმპიელ ათლეტებს არ ეძლევათ მომავალ თვეში რიოს პარალიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლება.

გადმოწერა

„საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის მმართველმა საბჭომ გადაწყვიტა დაუყოვნებლივ გარიცხოს რუსეთის პარალიმპიური კომიტეტი. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის პარალიმპიური კომიტეტი კარგავს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრობასთან დაკავშირებულ ყველა უფლებასა და პრივილეგიას. ეს გულისხმობს იმასაც, რომ (რუსი) ათლეტები ვერ მიიღებენ მონაწილეობას საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის მიერ სანქცირებულ ტურნირებში და ვერ მიიღებენ მონაწილეობას პარალიმპიური კომიტეტის ღონისძიებებში“, - განაცხადა კრეივენმა 7 აგვისტოს. მიზეზად სახელდება რუსეთში სახელმწიფოს მხარდაჭერით მოქმედი დოპინგის სისტემა, რომელსაც მსოფლიო პარალიმპიური კომიტეტი მიიჩნევს „უპრეცედენტო თავდასხმად“ სუფთა ათლეტებზე - ადამიანებზე, ვინც პატიოსნად, სპორტული შედეგის გასაუმჯობესებელი აკრძალული ნივთიერებების გარეშე, მონაწილეობს სპორტულ ასპარეზობებში.

ზედმეტია იმის თქმა, რომ იმ სპორტსმენების დიდი უმრავლესობა, რომლებსაც უარი უთხრეს თამაშებში მონაწილეობაზე, - და დღეს სწორედ ასეა! - აბსოლუტურად სუფთა სპორტსმენები არიან...
ვლადიმირ ლუკინი

რიოში გამართულ პრესკონფერენციაზე საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის ათლეტთა საბჭოს თავმჯდომარემ ტოდ ნიკოლსონმა განაცხადა, რომ კომიტეტი აპირებს სოჭის ზამთრის პარალიმპიურ თამაშებში მონაწილე სპორტსმენების ყველა სინჯის ხელახლა შემოწმებას: „ახლა, როცა გამოაშკარავდა, რომ სოჭის ლაბორატორიაში სინჯების შეცვლის სისტემა მოქმედებდა პარალიმპიური ზამთრის თამაშების დროსაც, შესაძლოა, ზოგმა ათლეტმა იკითხოს, შეიცვლება თუ არა სოჭი 2014-ის შედეგები. მათთვის ჩემი სათქმელია: გთხოვთ, მოთმინება იქონიოთ!“

რუსეთში მალევე და მკაცრი კრიტიკით გამოეხმაურნენ საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებას. რუსეთის საგარეო უწყების პრესმდივანმა მარია ზახაროვამ ფეისბუკში დაწერა, გადაწყვეტილება ათლეტების ადამიანის უფლებებს არღვევსო. ეს ფორმულირება 8 აგვისტოს გამოიყენა რუსეთის პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმაც, ვლადიმირ ლუკინმა. როგორც ის ირწმუნება, ძნელი წარმოსადგენია არსებობდეს რომელიმე პარალიმპიური კომიტეტი, რომელიც ისეთ ინტენსიურ ზომებს ახორციელებდეს დოპინგით სარგებლობის წინააღმდეგ, როგორც რუსეთის პარალიმპიური კომიტეტი, რომელსაც თვითონ ხელმძღვანელობს.

„ზედმეტია იმის თქმა, რომ იმ სპორტსმენების დიდი უმრავლესობა, რომლებსაც უარი უთხრეს თამაშებში მონაწილეობაზე, - და დღეს სწორედ ასეა! - აბსოლუტურად სუფთა სპორტსმენები არიან. სინჯები, რომლებიც შემოწმდა, სხვადასხვა გარემოებებში შემოწმდა და არაერთხელ შემოწმდა. შემოწმდა უცხოური - ზოგ შემთხვევაში მხოლოდ უცხოური - ორგანიზაციების მიერ, მათ შორის, ისეთის, როგორიც არის WADA“, - განაცხადა ლუკინმა.

ვიტალი მუტკო
ვიტალი მუტკო

სოჭში 2014 წლის ზამთრის პარალიმპიურ თამაშებში რუსეთმა 80 მედალი მოიპოვა. ახლა რიოში მომავალი თვის პარალიმპიურ თამაშებზე დისკვალიფიკაცია შეეხება 270-მდე რუს ათლეტს. თუმცა რუსეთში იმედოვნებენ, რომ არ შეეხება: სპორტის მინისტრმა ვიტალი მუტკომ გამოაცხადა, რომ მოსკოვი საერთაშორისო საარბიტრაჟო კომისიაში გაასაჩივრებს საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებას.

რუსეთის პარალიმპიური გუნდის მთლიანად დისკვალიფიკაცია კონტრასტს ქმნის პოზიციასთან, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა აირჩია: მან უარი თქვა რუსეთის ოლიმპიური გუნდისათვის რიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის აკრძალვაზე და სპორტის კონკრეტული სახეობების ფედერაციებს მიანდო გადაწყვეტილებების მიღება. შედეგად, 100-ზე მეტი რუსი ათლეტი არ დაუშვეს ოლიმპიადაზე, რომელსაც 5-დან 21 აგვისტოს მასპინძლობს ბრაზილია, ქალაქი რიო-დე-ჟანეირო. რუსეთის მიერ ოლიმპიურ განაცხადში შეყვანილი 389 სპორტსმენიდან სტარტზე გამოსვლის უფლება მიეცა 271-ს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG