Accessibility links

რეცეპტი - სააფთიაქო ნარკომანიასთან ბრძოლის იარაღი?


ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო

2014 წლის პირველი თებერვლიდან პირველ სექტემბრამდე ფორმა #3 რეცეპტის გაცემის წესი ეტაპობრივად დაინერგება და ძლიერმოქმედ მედიკამენტებს მომხმარებლები ექიმის დანიშნულების გარეშე აფთიაქებში ვეღარ შეიძენენ. ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო რეცეპტებზე გადასვლის ორ მთავარ მიზეზად ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის მასშტაბების ზრდასა და თვითმკურნალობით ჯანმრთელობის დაზიანების მომრავლებულ ფაქტებს ასახელებს. რეცეპტების ეტაპობრივი დანერგვის სისტემის დეტალები 17 იანვარს ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში თავმოყრილ სამედიცინო სფეროს, მათ შორის, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს გააცნო.

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ყველასთვის ცნობილია, რომ წამლები მთელ მსოფლიოში ორ ჯგუფად იყოფა: ის, რომელიც ურეცეპტოდ გაიცემა, და ის, რომლის ყიდვისათვის ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტია საჭირო. საქართველოში ამ დრომდე მოქმედებდა წესი, რომლის თანახმად, მეორე კატეგორიის, ანუ რეცეპტით გასაცემი წამლის ყიდვა მომხმარებელს ურეცეპტოდაც შეეძლო - ექიმის დანიშნულების გარეშე აფთიაქში მისული მყიდველისათვის ფარმაცევტს ასეთი წამლის მიყიდვაზე უარის თქმის უფლება არ ჰქონდა, რაც, სერგეენკოს შეფასებით, ამ სფეროს უკონტროლობაზე მეტყველებდა. მათ საპასუხოდ კი, ვინც ფიქრობს, რომ რეცეპტის შემოღება პაციენტს აიძულებს ექიმთან მივიდეს და ამ მომსახურებაში დამატებით თანხა გადაიხადოს, სერგეენკო ამბობს, რომ საყოველთაო დაზღვევის პირობებში ყველას შეუძლია ოჯახის ექიმის უფასო მომსახურებით ისარგებლოს:

„გარკვეული შეზღუდვები - სამედიცინო დაწესებულების არჩევის გამო ჯერ კიდევ რჩება. საყოველთო ჯანდაცვამ თავისუფალი არჩევანი მიანიჭა ყველა ადამიანს, თუმცა დროებით რჩება რიგი პროექტებისა, როდესაც პაციენტი მიმაგრებულია რომელიმე კონკრეტულ დაწესებულებაზე. ეს, ძირითადად, ბავშვებსა და მოხუცებს შეეხებათ და ამის გამო გარკვეული დისკომფორტი ექმნებათ. ჩვენ ამაზეც ვიზრუნეთ, რომ მათ ახალი წესების შემოღებით დიდხანს რიგში დგომა არ მოუწიოთ“.

რეცეპტის გამოწერის დასამკვიდრებლად უკვე გადადგმულ ნაბიჯებს შორის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო რამდენიმე ეტაპობრივ ცვლილებას ასახელებს. მათ შორის არის, მაგალითად ის, რომ გასული წლის 30 ივლისიდან პირველი და მეორე ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტების არასრუწლოვანებზე გაყიდვა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონის თანახმად აკრძალულია.

ყველაზე მტკივნეული საკითხი, დღეის მონაცემებით, კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკული სამკურნალო საშუალებებია. ეს არის დეზომორფინი და ამფეტამინები, ე.წ. „ნიანგი“, რომლის დასამზადებლადაც საჭირო ფარმაცევტული პროდუქტის შეძენა...
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონებში შევიდა ცვლილებები, რომელთა მიხედვით, კოდეინის, ეფედრინის, ფსევდოეფედრინის და ნორეფედრინის შემცველ ფარმაცევტულ პროდუქტზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ვრცელდება. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ასევე მზადაა ფარმაცევტული პროდუქტის გამოწერის ინსტრუქციისა და რეცეპტის ნიმუშის დამტკიცების შესახებ მინისტრის ბრძანებაში ცვლილების პროექტიც. განისაზღვრება იმ წამლების ნუსხა, რომელთა აფთიაქებში შეძენა (საცალო რეალიზაცია) შეუძლებელი იქნება და მათი ყიდვა მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში იქნება შესაძლებელი. ჯანდაცვის სამინისტროში იმედოვნებენ, რომ 2014 წლის პირველი თებერვლიდან პირველ სექტემბრამდე ფორმა #3 რეცეპტის გაცემის წესი ეტაპობრივად დაინერგება.

17 იანვარს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის ინსპექტირების სამმართველოს უფროსმა დავით მაჭარაშვილმა დაავადებათა კონტროლის ცენტრში შეკრებილ საზოგადოებას ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის პრობლემაზე მოკლე ანგარიში წარუდგინა. მისი თქმით, ნარკოტიკული თრობის მისაღწევად გამოიყენება როგორც პირველ, ისე მეორე ჯგუფში შესული, განსაკუთრებულ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტები. ურეცეპტოდ, საქართველოს კანონმდებლობით, მხოლოდ მესამე ჯგუფში შესული მედიკამენტები იყიდება:

„ყველაზე მტკივნეული საკითხი, დღეის მონაცემებით, კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკული სამკურნალო საშუალებებია. ეს არის დეზომორფინი და ამფეტამინები, ე.წ. „ნიანგი“, რომლის დასამზადებლადაც საჭირო ფარმაცევტული პროდუქტის შეძენა, რაც უნდა სამწუხარო იყოს, ძალიან ადვილად - ცხადია, სამართალდარღვევით - შესაძლებელია აფთიაქებში და ამაზე ხელი მიუწვდებათ არასრულწლოვანებსაც“.

ფაქტია, რომ მედიკამენტების რეალიზაცია საგრძნობლად შემცირდება - ალბათ, 80%-ით მაინც - და, ალბათ, სხვა პრეპარატებზე გადავლენ, მაგალითად, მცენარეულ პრეპარატებზე...
მაჭარაშვილის ინფორმაციით, 2013 წლის 16 ოქტომბრიდან პირველ დეკემბრამდე შსს-სა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ერთობლივად ჩატარებული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ 27 ავტორიზებული აფთიაქიდან ურეცეპტოდ გაცემულია 3 457 946 აბი კოდეინის შემცველი კომბინირებული სამკურნალო საშუალება. ფაქტობრივად, 99% ამ პრეპარეტებისა იყო გაცემული ურეცეპტოდ. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ დაახლოებით 8 მილიგრამიანი სამი აბია საჭირო ერთი ინექციის დასამზადებლად, მარტივი გამოსათვლელია, სამმილიონ-ნახევარი აბი რამდენ ინექციას ეყოფოდა.

რა მოჰყვება რეცეპტის ინსტიტუტის შემოღებას? - პროგნოზი პსპ აფთიაქის დირექტორს კახა ფანჩულიძეს ვკითხეთ. მისი ვარაუდით, შესაძლოა პაციენტმა თავი აარიდოს ექიმთან ვიზიტს და თავისთვის საჭირო წამალი სხვა მედიკამენტით შეცვალოს, რომლის ურეცეპტოდ ყიდვასაც შეძლებს:

„ფაქტია, რომ მედიკამენტების რეალიზაცია საგრძნობლად შემცირდება - ალბათ, 80%-ით მაინც - და, ალბათ, სხვა პრეპარატებზე გადავლენ, მაგალითად, მცენარეულ პრეპარატებზე“.

კონფერენცია ჯანდაცვის მინისტრის მონაწილეობით

კონფერენცია ჯანდაცვის მინისტრის მონაწილეობით

ბიზნესმოგების თვალსაზრისით კი, ახალი ინიციატივა გარკვეული მედიკამენტების გაყიდვის რაოდენობას შეამცირებს, თუმცა კახა ფანჩულიძის თქმით, ასეთი პრეპარატი მხოლოდ რამდენიმეა და ეს ფარმაცევტულ ბაზარზე სერიოზულ გავლენას ვერ მოახდენს.

ფარმაცევტული ასოციაციის საპატიო პრეზიდენტი, აკადემიკოსი ბიძინა ჭუმბურიძე რეცეპტის შემოღების მომხრეა. ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნავს, რომ ყველა განვითარებულ ქვეყანაში ძლიერმოქმედი მედიკამენტები სწორედ რეცეპტით გაიცემა იმ მარტივი მიზეზით, რომ ასეთი წამლების გამოყენება ჯანმრთელობისათვის სახიფათო რისკს უკავშირდება:

„მთავარი მედიცინისა და ფარმაციისათვის ადამიანის ჯანმრთელობაა და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დადგეს მოგების საკითხი. ბიზნესი არ უნდა იყოს მთავარი სამედიცინო დაწესებულებებისათვის - უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ხომ ადამიანის ჯანმრთელობას ვემსახურებით“.

ნარკოლოგ გელა ლეჟავას ინფორმაციით, საქართველოში დაახლოებით 44-45 000 პრობლემური ნარკომანია, რომელთა უმრავლესობა ნარკოტიკს სწორედ ინექციური გზით იღებს. მისი შეფასებითაც, მოცემულ ეტაპზე რეცეპტის ინსტიტუტის შემოღება ამ პრობლემის მოსაგვარებლად ერთადერთი გამოსავალია.

მცირე კვლევა ჩვენც ჩავატარეთ და თბილისის რამდენიმე აფთიაქს ვესტუმრეთ. გვაინტერესებდა ურეცეპტოდ თუ შევიძენდით, მაგალითად, მშრალი ხველის წამალს - „აქტიფედს“, რომელსაც ზემოთ აღნიშული მიზნებისათვის იყენებენ. ამ მედიკამენტის მოთხოვნის შემდეგ ფარმაცევტები გვეუბნებოდნენ, რომ ფსიქოტროპული აფთიაქისთვის მიგვემართა, სამაგიეროდ კი მშრალი ხველის სხვა საშუალებებს გვთავაზობდნენ. თამარ მეფის გამზირზე მდებარე ფსიქოტროპულ აფთიაქში „აქტიფედის“ შესაძენად რეცეპტი მოგვთხოვეს.
XS
SM
MD
LG