Accessibility links

logo-print
საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ცვლილებებსა და დამატებებს საქართველოს ნარკოკანონმდებლობაში არასაკმარისად მიიჩნევენ უფლებადამცველები და მიუთითებენ, რომ მასში არ აისახა საჯაროდ დაპირებული ”ლიბერალიზაციის” ნიშნები. სწორედ ამიტომ “ზიანის შემცირების საქართველოს ქსელმა” პარტნიორ 26 არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად განცხადება გაავრცელა. განცხადების მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციები ემიჯნებიან პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებს ნარკოკანონმდებლობაში და მოითხოვენ დაუყოვნებლივ განახლდეს მუშაობა კანონის შემდგომი დახვეწისთვის.

36 წლის გიგამ რამდენიმე თვეა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას თავი დაანება, თუმცა, მისივე თქმით, გარშემომყოფთა ნაწილს დღემდე უჭირს მიიღოს ის, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი და წარსული არ გაახსენოს:

”გთვლიან, რომ შენ არ ხარ საზოგადოების ნაწილი, აღარ ხარ ადამიანი და ხარ სასტიკი პიროვნება, კრიმინალი და საშინელება. არადა, მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელსაც მესაჭიროება დახმარება. მე მინდა, რომ სიცოცხლე ჯანმრთელი ცხოვრებით გავაგრძელო და ეს, პირველ რიგში, ჩემი ოჯახისთვის.”

ადამიანები, რომლებიც მოიხმარენ ნარკოტიკებს, მაგრამ არ არიან ჩართულნი ნარკოტიკების უკანონო ბრუნვაში, აღარ მოხვდებოდნენ ციხეში ...

რესოციალიზაცია სერიოზული პრობლემაა ნარკომომხმარებელთა მნიშვნელოვანი ნაწილისთვის. ამ პრობლემის სათავეს კი უფლებადამცველები იმ ნარკოპოლიტიკაში ხედავენ, რომელიც, მათი თქმით, დღეს საქართველოში არსებობს. ერთ თვეზე მეტი გავიდა, რაც საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საქართველოს ნარკოკანონმდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების პაკეტი, თუმცა უფლებადამცველები კვლავაც შენიშნავენ, რომ მიღებული კანონის ტექსტი არ მოიცავს ხელისუფლების მხრიდან საჯაროდ გაცხადებული და დაპირებული ”ლიბერალიზაციის” ნიშნებს. ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის თაობაზე საუბარი საქართველოს პარლამენტში და მის ფარგლებს გარეთ დაახლოებით წელიწადნახევრის წინ დაიწყო. როგორც მაშინ მიუთითებდნენ, არ იყო გამორიცხული არსებულ კანონმდებლობაში ნარკომომხმარებელთა მიმართ მკაცრი სადამსჯელო სანქციების ლიბერალიზაცია. თავის ყოველწლიურ ანგარიშში გაეროს ნარკოტიკების კონტროლის ცენტრიც მოუწოდებდა საქართველოს დროულად შეემუშავებინა დაბალანსებული ანტინარკოტიკული პოლიტიკა, მაგრამ, მიუხედავად საბოლოოდ მიღებული ცვლილებებისა, რომლებიც ”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრესკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში შევიდა, დავით ოთიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია ”ალტერნატივა ჯორჯიას” თავმჯდომარე, მიუთითებს, რომ კანონის საბოლოო ვარიანტში არ მოხდა ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია, მკაფიოდ არ განისაზღვრა წამალდამოკიდებულთა მკურნალობისა და რეაბილიტაციის დაფინანსების წყაროები და არ გაიმიჯნა კანონის წინაშე მომხმარებლისა და გამსაღებლის პასუხისმგებლობის ზღვარი:

”იყო მოლოდინი, რომ, საბოლოო ჯამში, მოხდებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის გაუქმება, რაც შედეგად გამოიწვევდა იმას, რომ ადამიანები, რომლებიც მოიხმარენ ნარკოტიკებს, მაგრამ არ არიან ჩართულნი ნარკოტიკების უკანონო ბრუნვაში, აღარ მოხვდებოდნენ ციხეში. სამწუხაროდ, ასეთი ცვლილება კანონმდებლობაში არ შევიდა.”

როგორც დავით ოთიაშვილი ამბობს, მეორე მოლოდინი, რომელიც კანონის ლიბერალიზაციას უკავშირდებოდა, შეეხებოდა საქართველოს კანონმდებლობის მიერ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების სიებისა და ოდენობების გადახედვას და ცვლილებას. როგორც ის მიუთითებს, ცვლილება მხოლოდ ორ ნარკოტიკულ საშუალებას - ჰეროინსა და მეტადონს - შეეხო, ანუ მათ განესაზღვრა მცირე დოზა, რომლის ქვევითაც არ მოხდება სისხლის სამართლებრივი დევნა. დავით ოთიაშვილისთვის გაუგებარია, თუ რატომ მოხდა მხოლოდ ამ ორი ნივთიერებისთვის მცირე ოდენობის განსაზღვრა, მაშინ როცა, მისი თქმით, საქართველოში არსებული ე.წ. ნარკოსცენა სრულიად განსხვავებულია და დღესდღეობით ნარკოტიკების მომხმარებლები კუსტარულ სტიმულატორებს და დეზომორფინს მოიხმარენ, რომელთა მცირე ოდენობა კვლავაც განუსაზღვრელი დარჩა. მისი თქმით, ნებისმიერი დოზის აღმოჩენა მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას გულისხმობს:

შენდება სარეაბილიტაციო ცენტრი. ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფომ ამ მიმართულებით დაიწყო ზრუნვა ...

”საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა ევროპისა და ევრაზიის რეგიონში, რომელიც, აღმოჩენილი ნივთიერების ოდენობის მიუხედავად, პირდაპირ უშვებს ადამიანს ციხეში.”

ოთარ თოიძე, პარლამენტის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ მედიკამენტების დოზები განისაზღვრა მათი სოციალური პასუხისმგებლობისა და საშიშროების მიხედვით. რაც შეეხება წამალდამოკიდებულთა მკურნალობასა და რესოციალიზაციას, ოთარ თოიძის თქმით, შექმნილია საკოორდინაციო საბჭო, რომელიც სამომავლოდ განსაზღვრავს სარეაბილიტაციო პროცესს და, გარდა ამისა, ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო ნარკოდამოკიდებულთა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა:

”შენდება სარეაბილიტაციო ცენტრი. ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფომ ამ მიმართულებით დაიწყო ზრუნვა. ნარკოდანაშაულიდან ამოღებული ჯარიმის გარკვეული ნაწილი მოხმარდება ამ ადამიანების მკურნალობას ან პროფილაქტიკას.”

აქვე გეტყვით იმასაც, რომ, რამდენიმე თვის წინ მთავარი პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოკვლევის მიხედვით, უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში ნარკოდანაშაულის რიცხვი თითქმის 53 პროცენტით არის შემცირებული. თუმცა, როგორც რადიო თავისუფლებასთან საუბარში ზურაბ სიხარულიძე, ნარკოლოგიური ცენტრის ”ურანტის” ხელმძღვანელი, მიუთითებს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში რეალურად არის შემცირებული ნარკოდანაშაულის რიცხვი და მძიმე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, ფაქტია, რომ უკანასკნელ ხანებში იმატა -განსაკუთრებით ახალგაზრდებში - ე.წ. კუსტარული და ფარმაცევტული ხასიათის სტიმულატორების გამოყენებამ, რაც სერიოზულ ზიანს აყენებს მომხმარებელთა ჯანმრთელობას.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG