Accessibility links

logo-print

დვანელების ნაკვეთებიდან რუსეთის მესაზღვრეებმა ბოძები გაიტანეს


დღეს, 3 ოქტომბერს, დილით, სოფელ დვანის მინდვრებში რუსეთისა და დე ფაქტო რესპუბლიკის სასაზღვრო ძალების წარმომადგენლები ისევ გამოჩნდნენ, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ, წინა დღეების მსგავსად, საოკუპაციო ზოლზე ღობეების მონტაჟი გაეგრძელებინათ, მოულოდნელად დვანელების ნაკვეთებში მიწაზე დაყრილი ბოძები წამოკრიფეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიღეს. ერთ-ერთი ნაკვეთის მფლობელმა თეიმურაზ კოპაძემ თავიდან არ იცოდა, რომ მისი ნაკვეთიდან ბოძები გატანილი იყო და ჟურნალისტებთან ერთად ამ ინფორმაციის გადამოწმება ადგილზე გადაწყვიტა. მან აღმოაჩინა, რომ მესაზღვრეებმა დაახლოებით 100 მეტრზე მიწაში სანახევროდ ჩასმული ბოძებიც ამოიღეს და წაიღეს:

„ავედით, ვნახეთ და წაღებულია. იქ არაფერი ბოძები აღარა ყრია და გახარებულები ვართ. კილომეტრ-ნახევარზე წაღებულია თითქმის სულა, დაყრილი რაც იყო, და ერთი ას მეტრზე დარჭობილები რაც იყო, ისიც ამოღებული და წაღებულია“.

კოპაძეები რამდენიმე დღეა საკუთარ ნაკვეთში აღარ შესულან, მათ უკვე ხელიც ჩაქნეული ჰქონდათ და ელოდებოდნენ, როდის დასრულდებოდა ბაღის შეღობვა და, შესაბამისად, ამ მიწის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცევა. კოპაძეებმა სახელდახელოდ ვაშლი და კაკალიც მოკრიფეს. ოჯახის დიასახლისი ლეილა ჯანუაშვილი გახარებულია და ამბობს, რომ იქნებ, დიცის მსგავსად, რუსეთის მესაზღვრეებმა სამუშაოები შეაჩერონ და მათი ნაკვეთებიც შეღობვას გადაურჩეს:

„სულ აკრეფილია და წაღებულია, აღარაფერი აღარ არის დატოვილი. მარტო მანქანების ნავალია და ხევის იქით რას იზამენ, არ ვიცი. ალბათ, იმასაც ახსნიან და წაიღებენ. ღმერთმა ქნას, სადამდისაც საქართველოს საზღვარია, როკის გვირაბის იქით, იქამდისიც სულ წავიდნენ რუსები და დაგვიტოვონ ჩვენი ტერიტორიები. ჩვენ მერე მოვრიგდებით - ოსია თუ სომეხია, თუ აზერბაიჯანელია, ყველა ერთად ვიქნებით და ვიცხოვრებთ, როგორც გვიცხოვრია. რუსი ნუ ჩაერევა ჩვენს საქმეში“.

სადღაც შეიძლება დემონტაჟი მოხდეს, სადღაც შეიძლება მონტაჟი მოხდეს. ჩვენი ამოცანაა რეაგირება მოვახდინოთ და მოსახლეობა დაცული იყოს. არ გამოვრიცხავ რაღაც პროცესებს, მაგრამ ნუ გვექნება გარკვეული ილუზია რაღაც უკეთესობისაკენ...
მესაზღვრეების დღევანდელი ქცევის გამო დვანელები გაკვირვებულები არიან. ზოგი მიიჩნევს, რომ, საერთაშორისო ზეწოლის შედეგად, მათ უკან დაიხიეს; ნაწილი მიიჩნევს, რომ სამუშაოები დროებით შეაჩერეს და ახლა სხვა ადგილებში გამოჩნდებიან. დვანის მცხოვრები ანო მახაჭაშვილი აცხადებს, რომ ოსებთან თანაცხოვრებას კიდევ მოახერხებენ, რუსეთის ხელისუფლება რომ მათ საქმეებში არ ერეოდეს.

სოფელ დვანთან ეგრეთ წოდებული სადემარკაციო სამუშაოების შეჩერების კომენტირებისას რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს პროცესები საქართველოს ხელისუფლების დღის წესრიგის განმსაზღვრელი არ უნდა იყოს:

„სადღაც შეიძლება დემონტაჟი მოხდეს, სადღაც შეიძლება მონტაჟი მოხდეს. ჩვენი ამოცანაა რეაგირება მოვახდინოთ და მოსახლეობა დაცული იყოს. არ გამოვრიცხავ რაღაც პროცესებს, მაგრამ ნუ გვექნება გარკვეული ილუზია რაღაც უკეთესობისაკენ. რუსეთისგან არ არის კარგი მოსალოდნელი არაფერი ამ მიმართულებით. თუ კარგი ხდება, მაგას რა სჯობია, მაგრამ ჩვენ უნდაა ვემზადოთ, რათა ჩვენი მოსახლეობა ნებისმიერ პირობებში იყოს დაცული“.

ბოლო დღეებში დვანელები ხელისუფლების, პოლიტიკოსებისა და საზოგადოების მხრიდან ყურადღებას უკვე გრძნობენ. სოფელში ჩადიან ადამიანები, რომლებიც მათ დახმარებას სთავაზობენ. ხვალ ეგრეთ წოდებულ სადემარკაციო ხაზთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ჩავლენ.
XS
SM
MD
LG