Accessibility links

გასული კვირა საერთაშორისო და შიდა ასპარეზზე


საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა (მარცხნივ) და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის შეხვედრა ბრიუსელში. 2016 წლის 9 თებერვალი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა (მარცხნივ) და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის შეხვედრა ბრიუსელში. 2016 წლის 9 თებერვალი.

გასული სამუშაო კვირა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენებით იყო დატვირთული. ეს განსაკუთრებით შეეხება საერთაშორისო ურთიერთობებსა და პარტნიორებთან თანამშრომლობის ასპექტებს. 9-10 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბრიუსელში პირველი ოფიციალური ვიზიტი განახორციელა. ვიზიტის განმავლობაში მან შეხვედრები გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, დონალდ ტუსკთან, ევროკომისიის პრეზიდენტთან, ჟან-კლოდ იუნკერთან, ევროკომისართან ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანთან და სხვა ოფიციალურ პირებთან. მედიათავისუფლება, მართლმსაჯულების სისტემის სრულყოფა, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია და საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესი არის იმ საკითხების არასრული ჩამონათვალი, რომელთაც მხარეები შეხვედრებზე განიხილავდნენ. ამ საკითხებზე გაკეთდა აქცენტი ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტთან, დონალდ ტუსკთან, შეხვედრაზეც:

შევთანხმდით, რომ თავისუფალი და პლურალური მედიაგარემო და, ამასთანავე, ღია პოლიტიკური გარემო არის გარანტი წარმატებისა.

„დღეს ჩვენ განვიხილეთ საკითხების ფართო სპექტრი. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოში მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე და შევთანხმდით, რომ თავისუფალი და პლურალური მედიაგარემო და, ამასთანავე, ღია პოლიტიკური გარემო არის გარანტი წარმატებისა. მართლმსაჯულების მიმდინარე რეფორმები, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები არის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტები და მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ევროკავშირი მზად არის მხარი დაგიჭიროთ ამ მიმართულებით. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ სისხლის სამართლის დანაშაულებების გამოძიება და სამართლებრივი დევნა იყოს მტკიცებულებებზე დაფუძნებული და გამჭვირვალე. ჩვენ ასევე განვიხილეთ საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის საკითხები. ნება მიბოძეთ მივულოცო საქართველოს ამ პროცესში განხორციელებული წარმატებული რეფორმები“.

თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განმარტა, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა მნიშვნელოვნად დაეხმარება საქართველოს რეფორმების წარმატებით განხორციელებაში:

„იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ტექნიკური მოთხოვნა სრულად იყო შესრულებული, ჩვენ გამოვთქვამთ იმედს, რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისათის უახლოეს პერიოდში ამოქმედდება. ეს მიღწევა იქნება მტკიცე დემონსტრირება საქართველოსა და სხვა პარტნიორებისთვის, რომ ევროპულ არჩევანს კონკრეტული შედეგები აქვს. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და ამ მიმართულებით ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება ჩვენი პრიორიტეტია“.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც საქართველოს დელეგაციამ 9-10 თებერვალს ბრიუსელში ვიზიტის დროს ევროკომისიის ოფიციალურ პირებთან შეხვედრებზე გარანტიები გასცა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების უმაღლესი სტანდარტებით ჩატარებაა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თანახმად, ყველა მოთამაშე, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში იქნება მინდორზე, დაექვემდებარება ამ მაღალ სტანდარტებს.

10-11 თებერვალს ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში, გამართულ თავდაცვის მინისტერიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ესწრებოდა. 11 თებერვალს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ საქართველო რეფორმების განხორციელებითა და „საერთო უსაფრთხოებაში“ დიდი წვლილის შეტანით ალიანსს უახლოვდება:

საქართველო უახლოვდება ნატოს თავისი რეფორმებისა და იმ წვლილის წყალობით, რომელიც ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში შეაქვს

„ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში. საქართველო უახლოვდება ნატოს თავისი რეფორმებისა და იმ წვლილის წყალობით, რომელიც ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში შეაქვს, ხოლო ნატოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ალიანსში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე ხელი შეუწყოს საქართველოს. დღეს შევაჯამეთ ის წარმატებები, რომელსაც ერთად მივაღწიეთ. ჩვენი დახმარების არსებითი პაკეტი აძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და მის უნარს, ნატოს ძალების მხარდამხარ იმოქმედოს“.

თავის მხრივ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის მთავარი აქცენტი და ფოკუსი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდის საშუალებები იყო:

“მე ძალიან კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ პრაქტიკულად ყველა ქვეყანამ, რა თქმა უნდა, ცალსახად დააფიქსირა საკუთარი განწყობა, დამოკიდებულება, უკიდურესად პოზიტიური განწყობა საქართველოს მიმართ, რეფორმების მიმართ, რომელსაც ჩვენ ვატარებთ პრაქტიკულად ყველა მიმართულებით თავდაცვისუნარიანობის გაზრდისათვის, მაგრამ, ამას გარდა, ჩვენ მივიღეთ დამატებითი წინადადებები წევრი ქვეყნებისგან, უფრო მეტი ქვეყნისგან, ვიდრე აქამდე გვყავდა. ჩვენ, იცით თქვენ, რომ პაკეტის მხარდამჭერი 20 ქვეყანა იყო დღემდე 28-ის ნაცვლად და ჩვენ დღეს კომისიაზე უკვე პრაქტიკულად ყველა ქვეყნისგან მივიღეთ თანხმობა, კონკრეტული შემოთავაზებებით“.

თინათინ ხიდაშელის განცხადებით, კომისიის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებმა საქართველოში მიმდინარე რეფორმები ასევე პოზიტიურად შეაფასეს და უახლოეს მომავალში საქართველოში ნატოს ინსტრუქტორებისა და კონსულტანტების რაოდენობა გაიზრდება.

ბრიუსელიდან საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი გაემგზავრა მიუნხენში, სადაც საქართველოს დელეგაციამ უსაფრთხოების 52-ე საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ერთ-ერთი შეხვედრა, რომელიც ამ ფორუმზე საქართველოს დელეგაციის წევრებმა - პრემიერ-მინისტრმა, თავდაცვისა და იუსტიციის მინისტრებმა - გამართეს, იყო შეხვედრა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო პროკურორთან, ფატუ ბენსუდასთან. ეს იყო ფატუ ბენსუდასა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც ფატუ ბენსუდამ ჰააგის სასამართლოს მიერ აგვისტოს ომის დანაშაულებების გამოძიების ნებართვა მიიღო.

თქვენ უნდა იბრძოლოთ სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის და ყველა ჯანსაღი ძალა ამ ქვეყანაში დადგება თქვენს გვერდით

სასამართლო და სამართლიანი მართლმსაჯულება გასულ სამუშაო კვირაში აქტუალური იყო საქართველოშიც, სადაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, სამოქალაქო სექტორის პროტესტის მიუხედავად, განაგრძო მოსამართლეთა კონკურსი და, ფარული კენჭისყრის შედეგად, თანამდებობაზე 22 მოსამართლე გაამწესა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა კი, ერთი მხრივ, მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ტესტების შესაძლო გამჟღავნებასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება მოითხოვეს, მეორე მხრივ კი, მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს, არაკონსტიტუციურად ცნოს ნორმა, რომლის მიხედვითაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ენიჭება უფლებამოსილება მოსამართლეთა დანიშვნა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე განახორციელოს ისე, რომ კონკურსში მონაწილე სუბიექტებს არ ჰქონდეთ საშუალება სასამართლო წესით დაიცვან საკუთარი ინტერესები. საკუთარი ინტერესების დაცვისკენ კოალიციის წევრებმა მოსამართლეებსაც მოუწოდეს.

“სამოქალაქო საზოგადოება დადგება თითოეული თქვენგანის გვერდით, თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ ის ჯაჭვი, რომელიც აქამდე არსებობდა, საბოლოოდ უნდა გაწყდეს და სასამართლო ერთხელ და სამუდამოდ უნდა გახდეს დამოუკიდებელი. თქვენ უნდა იბრძოლოთ სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის და ყველა ჯანსაღი ძალა ამ ქვეყანაში დადგება თქვენს გვერდით“, - ასე მიმართა საიას თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა მოსამართლეებს.

სასამართლოსა და მოსამართლეების გვერდით დადგა გასულ კვირაში საქართველოს პრეზიდენტიც, რომლის მრჩეველმა განაცხადა, რომ რეფორმის დასრულებამდე მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი უნდა შეწყდეს.

გასულ კვირაშივე საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად კობა გვენეტაძე დაასახელა. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებული პროცედურები უკვე დაწყებულია.

გასულ სამუშაო კვირაში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „მაესტროს“ დირექტორის შეცვლის პროცესი 30 დღით შეჩერდა. ამ ხნის განმავლობაში საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა წარედგინოს სასამართლოს მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება სარჩელის უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით. ტელეკომპანიის მოქმედმა დირექტორმა ეს წარმატებად შეაფასა და განაცხადა, რომ ბრძოლა გრძელდება:

„სარჩელი, რომელიც მე შევიტანე სასამართლოში პარტნიორთა კრების ოქმის შეჩერებასთან დაკავშირებით, მართალია, სასამართლომ არა, მაგრამ რეესტრმა დამიკმაყოფილა. ამით მან შეაჩერა ლევან გაჩეჩილაძის დირექტორად დანიშვნის პროცედურა, თუმცა მე აუცილებლად დღესვე გავასაჩივრებ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება რეესტრის გადაწყვეტილებას, მას წარმატების პირველ ნაბიჯად ვაფასებ და, თუ კიდევ არსებობს ხელისუფლებაში „გაგრილებული“ თავები, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო, ეს კარგია, რადგან მედიასთან ყველა ბრძოლა მათი დამარცხებით დასრულდება“.

„მაესტროსთვის“ ბრძოლა კი მას შემდეგ დაიწყო, რაც საჯარო რეესტრში მეწილეთა ცვლილება აისახა და საკონტროლო პაკეტის მფლობელი, 55 პროცენტით, გიორგი გაჩეჩილაძე, იგივე „უცნობი“, გახდა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG