Accessibility links

საბავშვო ბაღებში ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა გამოვლინდა


ანგარიშის პრეზენტაცია

ანგარიშის პრეზენტაცია

საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მნიშვნელოვანი ნაწილი აღმზრდელების მხრიდან ფსიქოლოგიურ ძალადობას განიცდის, შედარებით დაბალია ფიზიკური ძალადობის ფაქტები, ნათქვამია სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში „სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მონიტორინგის შესახებ“. ამ და „მაღალმთიან რეგიონებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ანგარიშის" პრეზენტაცია 3 აპრილს გაიმართა. ანგარიშის თანახმად, მაღალმთიან რეგიონებში უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელია სხვადასხვა სოციალური პროექტები და ირღვევა მათი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის უფლებაც.

სახალხო დამცველის ოფისი 2014 წლის 1 მაისიდან, მიმდინარე წლის 31 იანვრის ჩათვლით, სწავლობდა მაღალმთიან რეგიონებში არასრულწლოვანთა უფლებრივ მდგომარეობასა და, საქართველოს მასშტაბით, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობას. ომბუდსემენი უჩა ნანუაშვილი მონიტორინგის შედეგების საერთო სურათს ასე ახასიათებს:

„მაღალმთიან რეგიონებში ძალიან მაღალია სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ბავშვების რაოდენობა. შესაბამისად, მათი უზრუნველყოფა, თუნდაც აღმზრდელობით- საგანმანათლებლო რესურსებითა და პროგრამებით, არის ძალიან პრობლემატური. საუბარია იმაზე, რომ ადგილი აქვს ძალადობის ფაქტებს ბავშვთა მიმართ, მსხვერპლ ბავშვებთან დაკავშირებით არანაირი ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის პროგრამები არ ხორციელდება“.

ბაღების 70%-ში ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევები ვნახეთ, 40%-ში ფიზიკური ძალადობის და სხეულებრივი სასჯელის გამოყენების პრაქტიკაა. თვითონ აღმზრდელები ლაპარაკობენ ამაზე, ანუ მათ იდენტიფიცირებული არ აქვთ, რომ ეს არის ძალადობა...

უფრო კონკრეტულად კი, მაღალმთიან რეგიონებში უკიდურეს და ფარდობით სიღარიბეში მცხოვრებ ოჯახებს არა აქვთ წარმოდგენა იმაზე, თუ რა სახელმწიფო პროგრამებზე შეიძლება მიუწვდებოდეთ ხელი. ამასთან, პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის პრობლემაც იკვეთება. ამის თაობაზე სახალხო დამცველის ბავშვთა უფლებების ცენტრის ხელმძღვანელი მაია გედევანიშვილი ამბობს:

„პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს არ აქვს ფუნქციონირებადი შენობები. ზოგი მათგანი ბიბლიოთეკაშია განთავსებული, ზოგი სკოლაში, ზოგი მიტოვებულ შენობაში და არადამაკმაყოფილებელია მთელი რიგი ცენტრების საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფა. ამბროლაურის 21 ამბულატორიას ემსახურება 3 პედიატრი და ერთი ექთანი. 21 ამბულატორია ნიშნავს 21 სოფელს. შუახევის 11 ამბულატორიას, ანუ 11 სოფელს, ემსახურება 1 პედიატრი და 1 ექთანი. ასე რომ, რთული ვითარებაა“.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსი ეთერ ცხაკაია ძირითადად იზიარებს სახალხო დამცველის ანგარიშის სულისკვეთებას, თუმცა მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ადგილებზე სოციალური მუშაკების საქმიანობა გასააქტიურებელია, რათა ყველასთვის გასაგები და ხელმისაწვდომი იყოს სახელმწიფო პროგრამები.

„თითოელი ბავშვის საჭიროებებიდან გამომდინარე, ხშირად გვაქვს ჩვენ თანამშრომლობა თვითმმართველბასთან. ზოგიერთ რაიონში უფრო აქტიურია ეს თანამშრომლობა, ზოგიერთში ნაკლები. ყოველ შემთხვევაში, ინფორმირებას ახორციელებენ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი და, ალბათ, ამას უფრო მეტი საინფორმაციო კამპანია სჭირდება“.

რაც შეეხება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში არსებულ ვითარებას, სახალხო დამცველის ბავშვთა უფლელების ცენტრის წარმომადგენლებმა, საქართველოს მასშტაბით, 61 საბავშვო ბაღი შეისწავლეს. როგორც ცენტრის ხელმძღვანელი მაია გედევანიშვილი ამბობს, სკოლამდელი დაწესებულებების 40% -ში არ ფუნქციონირებდა სამედიცინო პუნქტი, არ იყო ექთანი; 50 პროცენტს არ მიეწოდებოდა პირველადი სამედიცინო დახმარების მედიკამენტები. ნანახი დაწესებულებების 20 პროცენტი საჭიროებს გადაუდებელ რეაბილიტაციას. ამასთან, საბავშვო ბაღებში გამოვლინდა ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობაც:

„ბაღების 70%-ში ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევები ვნახეთ, 40%-ში ფიზიკური ძალადობის და სხეულებრივი სასჯელის გამოყენების პრაქტიკაა. თვითონ აღმზრდელები ლაპარაკობენ ამაზე, ანუ მათ იდენტიფიცირებული არ აქვთ, რომ ეს არის ძალადობა. აღმზრდელების 30 % საკვების შემცირებას იყენებს, როგორც დასჯის მეთოდს, 75% - თამაშის უფლების შეზრუდვას და ბავშვის ძალადობისგან დაცვის რეფერირება, ფაქტობრივად, უმოქმედოა“.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები სახალხო დამცველის ანგარიშის პრეზენტაციაზე არ იმყოფებოდნენ. სამინისტროში განაცხადეს, რომ ანგარიშის გასაცნობად დრო სჭირდებათ.

საშა გრაუმანი

საშა გრაუმანი

საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის საშა გრაუმანის თქმით, ომბუდსმენის ანგარიში ბევრ საყურადღებო ფაქტს მოიცავს:

„ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ, ერთი მხრივ, საქართველოში ბავშვებისათვის - განსაკუთრებით კი ღარიბი ფენისათვის - საკმარისად ხელმისაწვდომი არ არის სკოლამდელი განათლება. ზოგადად, დამაკმაყოფილებელი არ არის არსებული სკოლამდელი განათლების ხარისხიც. სახალხო დამცველის ანგარიში ამ თემაზე რამდენიმე მნიშვნელოვან რეკომენდაციას მოიცავს. ჩვენ განათლების სამინისტროსთან ერთად ჩართული ვიყავით სკოლამდელი განათლებისა და ადრეული განათლების შესახებ იმ ახალი კანონის შემუშავების პროცესში, რომელმაც სკოლამდელი ასაკის დაწესებულებებში განათლების ხარისხის გაუმჯობესება უნდა უზრუნველყოს. ეს კანონი ასევე აწესებს სკოლისთვის მოსამზადებლად ხუთი წლის ასაკის ბავშვებისათვის სავალდებულო ერთლწიან პერიოდს, რაც, იმედი გვაქვს, საქართველოში სკოლამდელი განათლების მხრივ არსებულ ვითარებას გააუმჯობესებს“.

სახალხო დამცველმა თავისი რეკომენდაციები შესაბამის სამინისტროებს უკვე მიაწოდა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG