Accessibility links

logo-print

ძალადობას გაქცეული ქალების ახალი წელი


ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი

ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი

აქ სიჩუმეა. მიუხედავად იმისა, რომ აქ ბავშვებიც ცხოვრობენ, აქ მაინც სიჩუმეა. ამის ორი მიზეზი შეიძლება იყოს: ერთი, ეს ბავშვები ხმაურმა დაღალა; მეორე, ამ ბავშვებს ხმაურის ეშინიათ. იმიტომ, რომ მას შემდეგ, რაც ისინი დაიბადნენ, მათ სახლში თითქმის სულ ხმაურობენ. ხმაურობენ მშობლები. და ეს არ არის, უბრალოდ, ხმაური, ხმამაღალი შეძახილები ან კამათი. ეს ცემაა, გინება, მუქარა, ტირილი, კივილი. მიუყვები კრემისფრად შეღებილ სუფთა დერეფანს და ჩამიჩუმი არ ისმის. არადა, აქ რვა ბავშვი ცხოვრობს. 2-დან 13 წლამდე ასაკის რვა ბავშვი. ჩემს უკან ერთ-ერთი ოთახის კარი იღება და პატარა, ახალფეხადგმული გოგო, დიდი თვალებით მიყურებს. უცხო ვარ მისთვის, კოპებს კრავს და ფაციფუცით ხურავს კარს. დედასთან იკეტება.

თამარის ოთახში, კედლებზე, ფერადი ნახატებია გაკრული. წითელსახურავიანი სახლი. ყვითელსახურავიანი სახლი. სახლი ეზოთი. ბავშვებით სავსე სახლი. მხიარული სახლი. ყვავილებით მორთული სახლი. მსოფლიოში ყველაზე მაგარი არქიტექტორიც რომ ვერ შეედრება, ისეთი გულით და რუდუნებით დახაზული თუ დახატული სახლი. თამარს ორი შვილი ჰყავს - ბიჭი და გოგო. თამარი მისი პირობითი სახელია. ბიჭი 13 წლისაა, გოგო ცხრის. ისინი დედასთან ერთად ცხოვრობენ იმ თავშესაფარში, სადაც ძალადობის მსხვერპლი ქალები და მათი შვილები აფარებენ თავს. თამარის ისტორია ძალიან ჰგავს ძალადობის მსხვერპლი სხვა ქალების ისტორიებს, მაგრამ მოძალადის ფანტაზიას რა დალევს. თამარი მეორე თვეა, რაც თბილისში, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში, სხვა ოთხ ქალსა და მათ შვილებთან ერთად ცხოვრობს. მეუბნება, რომ მისი ცხოვრება ამ ხნის მანძილზე რადიკალურად შეიცვალა. შეიცვალა მისი შვილების ცხოვრებაც. მისი ამბიდან ყველაზე მძიმედ მოსასმენი, აი, ეს მონაკვეთია: “შეუძლია ბავშვებთან დაჯდეს და უთხრას, დღეს დედათქვენს მოვკლავო. ისხდნენ ხოლმე მერე ბავშვები და მთელ ღამეს ათენებდნენ. და ამას აკეთებდა ყოველდღე. ისე იყვნენ ბავშვები დათრგუნულები, რომ ოთახში სიარულისას უკან დამყვებოდნენ ხოლმე, თუ ხედავდნენ, რომ მამა ჩემს გარშემო ტრიალებდა”.

თამუნამ მოძალადე ქმრისგან საბოლოოდ გათავისუფლება მაშინ გადაწყვიტა, როცა მან შვილს, პატარა გოგოს სცემა. როგორც თამუნა მიყვება, მამამ შვილს ტირილი არ აპატია.

„ვთხოვდი, ვეხვეწებოდი ხოლმე, რომ გავეშვი სახლიდან და ყველაფერი დამთავრებულიყო. ის კი მეუბნებოდა, რომ მე ვერსად წავიდოდი, მასთან უნდა დავრჩენილიყავი და ის უნდა ამეტანა ისეთი, როგორიც იყო. ჩემი საბოლოო გადაწყვეტილების მიზეზად ბავშვი იქცა. ბავშვი ტიროდა, დედასთან მინდაო, მან კი ის სცემა“, - იხსენებს თამუნა.

თამუნამ მუშაობა დაიწყო. მეუბნება, რომ შვილებს არასდროს არაფერს მოაკლებს, ქმართან განქორწინებას და მშვიდ ცხოვრებას აპირებს:

„ვითმენდი შიშის გამო. ბავშვების გამოც ვითმენდი, პატარები იყვნენ. მემუქრებოდა ხოლმე, წახვალ და მოგკლავო. პატრონი არ გყავს და ვერაფერს ვერ იზამო. ამ დროს კი ყველაფერიც შევძელი. ფაქტიურად, ცხოვრება თავიდან დავიწყეთ და დავთრგუნეთ და გადავლახეთ ის ყველაფერი, რაც იყო. ძალიან ცოტაა ეს დრო იმისათვის, რომ ასეთი ტკივილი წარსულს მიაბარო, მაგრამ ბრძოლის უნარი გამიჩნდა და ის შეგრძნება, რომ მე ჩემს შვილებს აუცილებლად მივხედავ. დამოუკიდებელი ვარ. ძალიან ძლიერი ვარ და აღარაფრის აღარ მეშინია ცხოვრებაში და დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება პირველი ახალი წელი, ძალიან მნიშვნელოვანი ახალი წელი, მშვიდი, წყნარი, როცა დაიძინებ და აღარაფრის აღარ შეგეშინდება“.

ასეა 30 წლის ანაც. ანა მისი პირობითი სახელია. ის ხუთი თვის ფეხმძიმეა. ორსულობის ამბავი თავშესაფარში მისულმაღა შეიტყო. მისი წლინახევრის ბიჭი საწოვარას წოვს და მშვიდად სძინავს. ჰო, ახლა ის მშვიდადაა. თუმცა რამდენიმე თვის წინ პატარა ბიჭის ძილს მამის ყვირილი და დედის კივილი აფრთხობდა. ანას უხარია, რომ წლევანდელ ახალ წელს სიმშვიდეში გაატარებს. გასული წლის ახალ წელს კი ასე იხსენებს:

„ბავშვი ერთი თვის იყო. ჩემი მეუღლის მშობლებთან მივედით სტუმრად. მშობლების მხრიდან არასასიამოვნო საუბარი წამოვიდა ჩემს მიმართ და წამოვედი იქიდან. ამაზე ჩემი ქმარი სასტიკად გამწარდა. სახლში ჩამკეტა, თვითონ წავიდა და მე კი დავრჩი ბავშვთან მარტო. აი, ეს იყო ჩემი ახალი წელი შარშან“.

არადა, ანას ძალიან უყვარს ახალი წელი. გულდაწყვეტილი მეუბნება, რომ დაქორწინების შემდეგ ახალი წელი კი არა, ცხოვრება მობეზრდა. იხსენებს იმ უმძიმეს ერთ წელიწადს, რომელიც მან ქმართან გაატარა.

„ისე მძაბავდა და ისე ძალადობდა ფსიქოლოგიურად, რომ ჯობდა, ხელი დაერტყა ხოლმე. თუმცა, მერე ცემაზეც გადავიდა. ამ კონფლიქტის და აყალმაყალის მოწმე ბავშვი იყო. იყო ისეთი მომენტები, მაგალითად, ბავშვი მეჭირა ხელში, გამომართმევდა ბავშვს, მოიშორებდა და მერე მე მირტყამდა. ბავშვი კი წამოჯდებოდა ხოლმე და გაფართოებული თვალებით გვიყურებდა. მართალია, თვეების იყო, მაგრამ ხედავდა ყველაფერს, გრძნობდა და საშინლად ტიროდა ხოლმე. მერე ჩაბჟირება დაიწყო და მივხვდი, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. ბავშვის მდგომარეობის გამო მე თავი უნდა დამეღწია ამ კაცისგან და ასეც მოვიქეცი. ბავშვის ჯანმრთელობასა და მომავალზე უნდა მეფიქრა“, - ჰყვება ანა.

რატომ უძლებდი ამას? ეს კითხვა თავშესაფარში მცხოვრებ ყველა ქალს დავუსვი. თითოეული მათგანის პასუხი იდენტური იყო. მათ თითქმის არაფერი იცოდნენ თავიანთი უფლებების შესახებ. არსად ჰქონდათ წასასვლელი და არ ჰქონდათ ინფორმაცია იმ თავშესაფრების შესახებ, რომლებიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვისაა გახსნილი.

არაფერი იცოდა თავშესაფრების შესახებ მარიმაც. ის რეგიონიდანაა. რამდენიმე თვის წინ, ქმართან მორიგი კონფლიქტის დროს, ის საპატრულო ეკიპაჟმა ჯერ ქუთაისის თავშესაფარში მიიყვანა, იქიდან კი თბილისში გადმოიყვანეს. მეოთხე თვეა თავშესაფარში შვილებთან ერთად ცხოვრობს. ამ ახალ წელსაც პირველად ხვდება სახლიდან და მოძალადე ქმრისგან შორს. უჭირს იმ 13 წელზე ლაპარაკი, რომელიც მან ქმართან ერთად გაატარა:

„ჩემი ქმარი პათოლოგიური მსმელი იყო. ყველა დღესასწაული შიშს მგვრიდა. მზარავდა. რაც თავშესაფარში მოვედი, მას მერე ვცდილობ, რომ ნაკლებად გავიხსენო ის წლები და დავივიწყო, რაც წარსულში მოხდა ჩემს ცხოვრებაში“.

იცით, რატომ ითმენდა მარი ქმრისგან ძალადობას? აი, ამიტომ:

„თვითონ ოჯახის წევრებიც მეუბნებოდნენ, რომ უნდა შევგუებოდი ასეთ ცხოვრებას. რეგიონში ვარ გათხოვილი და გეცოდინება ხალხის ენის ამბავი. თან არ მინდოდა ოჯახის დანგრევა. ხუთი დედმამიშვილი ვიყავით და ვინმეს რომ მივკედლებოდი, ისიც არ მინდოდა. ორი შვილი მყავს - ერთი 10 წლის, მეორე 3 წლის ხდება. ცერებრალური დამბლა აქვს. არ მინდოდა ქუჩაში გამეზარდა ბავშვები, მაგრამ, როცა მან ბავშვებზე დაიწყო ძალადობა, წამოვედი. მიხარია, რომ ამ ახალ წელს მეც და ბავშვებიც მშვიდ გარემოში ვხვდებით. იმედი მაქვს, რომ მომავალი წელი ჩემთვის და ჩემი შვილებისთვის კარგის მომტანი იქნება“.

თავშესაფრის დიდ ოთახში ნაძვის ხე დგას. იქ მოუყრიათ თავი ბავშვებს. ზევით ვამბობდი, თავშესაფარში სიჩუმეა-მეთქი. ასეა. ნაძვის ხის ოთახშიც სიჩუმეა. სიმშვიდე. ერთი გოგო ხის ცხენზეა გადამჯდარი. მეორე ბიჭი სკამზე ზის. ერთი პატარა საწოვარას წოვს, მეორე კი საბავშვო მაგიდასთან კუბიკებით თამაშობს. ცოტას, ძალიან ცოტას ლაპარაკობენ. თოვლის ბაბუას არ ელოდებიან, არ სჯერათ და იმიტომ. მიზეზიც აქვთ. ბიჭი მეუბნება მიზეზს: „რამდენჯერაც მივწერე წერილი, იმდენჯერ არაფერი მოუტანია“.

თავშესაფრის დიდი ოთახის კარს ვხურავთ. საქმე დამთავრებულია. ხმები ჩაწერილია. ყველა საქმიდან ერთი, კონკრეტული შთაბეჭდილება მოგყვება. ასეა ახლაც. აქ მცხოვრებ ქალებს, გარდა მსხვერპლის სტატუსისა, ერთი რამ აერთიანებთ: მათ მოახერხეს და მოძალადეებს დააღწიეს თავი. მათ იპოვეს ძალა, რომ უარი ეთქვათ კაცებისთვის, რომლებიც მათ წლების მანძილზე სცემდნენ, აგინებდნენ, ატირებდნენ და, კიდევ, ისინი ახლა სხვა მხრიდან უყურებენ ცხოვრებას. მიხვდნენ, რომ მათ და მათ შვილებს აქვთ უფლება არ ეშინოდეთ და თუკი მათ თვალებს კარგად დააკვირდები, გადატანილი ტკივილის გარდა, იმედი ჩანს. ეს ყველაზე მთავარია. ისინი აღარავის დააჩაგვრინებენ თავს. მათ ისწავლეს მშვიდად ცხოვრება.​

XS
SM
MD
LG