Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძალადობის პრევენცია სტრატეგიაში


ლევან იზორია (მარცხნივ), შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
ლევან იზორია (მარცხნივ), შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე

საქართველოს მთავრობამ დაასრულა მუშაობა ძალადობის პრევენციის ეროვნული სტრატეგიის პროექტზე, რომლის პრეზენტაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამოქალაქო სექტორისა და დაინტერესებული საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართა. დოკუმენტზე მუშაობა გრძელდება და ძალადობის დაძლევის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს იმედი აქვთ, რომ საბოლოო ვარიანტში მათი წინადადებები და რეკომენდაციებიც აისახება. დოკუმენტის სამუშაო ვერსია კი პრობლემის გადაჭრის ისეთ ძირითად მიმართულებებს გამოყოფს, როგორიცაა სამოქალაქო განათლება, კონფლიქტების მოგვარების უნარების ჩამოყალიბება და სამოქალაქო მედიაციის როლის გაძლიერება.

ძალადობის პრევენციის ეროვნული სტრატეგიის სამუშაო დოკუმენტი დაინტერესებულ საზოგადოებას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ წარუდგინა. მისი განმარტებით, საზოგადოებრივი წესრიგის დამყარებისთვის მნიშვნელოვანი ხდება პრევენციული ღონისძიებების წახალისება და დანერგვა, განსხვავებით ცნობილი ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკისგან, რომელმაც, მისი შეფასებით, შედეგად პოლიციურ სახელმწიფომდე მიგვიყვანა. მინისტრის მოადგილის განმარტებით, სტრატეგია ძალადობის დაძლევისა და მართლწესრიგის მიმართულებით იქნება ერთგვარი საფუძველი იმისა, თუ როგორ უნდა მოხდეს ძალადობის ფაქტების ადრეული პრევენცია და თავიდან აცილება.

“გამოყოფილია სამი მნიშვნელოვანი სფერო. ეს არის ოჯახში ძალადობა, ეს არის სკოლაში ძალადობა, ქუჩასა და უბნებში ძალადობა. შემდეგ უკვე იმ ძირითად მექანიზმებზეა საუბარი, რითაც უნდა მოხდეს ამ სფეროებში ძალადობის პრევენცია. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება საგანმანათლებლო ხასიათის ღონისძიებებზე, განსაკუთრებით სოციალური მუშაკის ფუნქციების გაფართოებაზე და ასევე კეთდება აქცენტი რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაზე - არსებული შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე“.

ვერ ვხედავ სექსუალური უმცირესობებისა და ლგბტ თემის მიმართ ძალადობასთან ბრძოლას. მოგეხსენებათ, ეს ძალიან მწვავე საკითხია...
ანა არგანაშვილი

ლევან იზორია გვეუბნება, რომ სტრატეგიის მიზანია ძალადობის პრობლემის დაძლევაში თავისი რესურსებით მონაწილეობდეს ყველა სტრუქტურა - როგორც სახელმწიფო, ისე საზოგადოებრივი - და ყველამ იცოდეს ამ საქმეში მისთვის განსაზღვრული ფუნქციონალური როლი.

სტრატეგიის ამ დანიშნულებას და მიზანს იზიარებენ სამოქალაქო სექტორის ის წარმომადგენლები, რომლებიც მზად არიან თავიანთი ცოდნითა და გამოცდილებით აქტიურად ჩაერთონ პროცესში. შესაბამისად, ისინი სვამენ შეკითხვებს და გამოკვეთენ რეკომენდაციებს. „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ წარმომადგენელს ანა არგანაშვილს, მაგალითად, აინტერესებს, რა იქნება ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ათვლის წერტილი და რამდენს შეადგენს სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელებისათვის საჭირო ბიუჯეტი. რაც შეეხება შენიშვნებს:

„ვერ ვხედავ სექსუალური უმცირესობებისა და ლგბტ თემის მიმართ ძალადობასთან ბრძოლას. მოგეხსენებათ, ეს ძალიან მწვავე საკითხია და ამის გამოტოვება, უბრალოდ, დაგვიბრუნდება ძალიან ცუდად“.

ამავე პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის ხელმძღვანელი ეკა აღდგომელაშვილიც, რომელიც კიდევ ერთ აქცენტს, კერძოდ, ქსენოფობიურად განწყობილი პირების ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პრაქტიკულ საქმიანობაში ჩართვის მიზანშეწონილობის საკითხს გამოკვეთს:

კონკრეტული შენიშვნა არის ის, რომ დღესაც პოლიცია არ მუშაობს ადეკვატურად და კარგად და ამ მიმართულებით მე ვერ დავინახე სიახლე. რატომღაც მოიაზრება, რომ პოლიციის მუშაობა უკვე ადეკვატურია და მხოლოდ რაღაც ზედნაშენი აქტივობებია გათვალისწინებული...
ბაია პატარაია

“აქტორებზე როდესაც ვლაპარაკობთ და ძალიან დიდი როლი აქვთ მინიჭებული სოცმუშაკებთან და პოლიციასთან ერთად პედაგოგებს და მე შემხვდა, მედიაციაში ეწერა მოძღვარი და ჩართული იყო ასევე სასულიერო პირები, ეკლესია, უფრო სწორად. როგორ უნდა მოხდეს იმ ადამიანების შერჩევა, ვთქვათ, პედაგოგებს შორის? გასაგებია, რომ მათ უნდა გაიარონ კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები. საეკლესიო პირებს როგორ უყურებთ, მათთვისაც ჩატარდება რაიმე კურსები, მაგალითად, თუ რამე კრიტერიუმი იქნება, რომლის საფუძველზეც შეირჩევიან ის ადამიანები, ვინც ძალადობის პრევენციას უნდა შეუწყოს ხელი?“

დისკუსიები და განხილვები კი ამ და ამ ტიპის სხვა საჭირბოროტო საკითხებზე სამუშაო ჯგუფებში გაგრძელდება მანამ, სანამ არ შეიქმნება ძალადობის პრევენციის ეროვნული სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა. კავშირ „საფარის“ აღმასრულებელი დირექტორის ბაია პატარაიას თანახმად, დოკუმენტებში პოლიციის ეფექტურობის ღონისძიებებიც უნდა გაიწეროს:

„კონკრეტული შენიშვნა არის ის, რომ დღესაც პოლიცია არ მუშაობს ადეკვატურად და კარგად და ამ მიმართულებით მე ვერ დავინახე სიახლე. რატომღაც მოიაზრება, რომ პოლიციის მუშაობა უკვე ადეკვატურია და მხოლოდ რაღაც ზედნაშენი აქტივობებია გათვალისწინებული. მეორე მხრივ, პრობლემა რაც არის, ეტყობა გეგმას, რომ გეგმის შემუშავების დროს არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები არ ყოფილან ჩართულნი“.

ალექსანდრე ჭიკაიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი (მარჯვნივ) და დავით სერგეენკო, ჯანდაცვის მინისტრი
ალექსანდრე ჭიკაიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი (მარჯვნივ) და დავით სერგეენკო, ჯანდაცვის მინისტრი

ბაია პატარაია ამბობს, რომ მთელი რიგი საკითხები, რაც პრიორიტეტულია არასამთავრობო სექტორისთვის, არ ჩანს გეგმაში. თავის მხრივ, „ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის“ თავმჯდომარე ნატო შავლაყაძე აღნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობის პრევენციის ეროვნული სტრატეგიის შემუშავების პროცესში თავიდანვე ჩართო არასამთავრობო სექტორი და გაითვალისწინა ყველა რეკომენდაცია, რომელიც მათგან მიიღო. იგი აქვე ხაზს უსვამს იმას, თუ რა მნიშვნელობა ენიჭება ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველა შესაბამისი რგოლისა და სტრუქტურის კოორდინირებულ, გამართულ მუშაობას:

„როდესაც კანონი მიიღეს 2006 წელს ოჯახში ძალადობის შესახებ, იმპლიმენტაცია მთლიანად მხრებზე დააწვა შინაგან საქმეთა სამინისტროს 2009 წლამდე, სანამ ჩაერთვებოდა ჯანდაცვის სამინისტრო. მერე უკვე სახელმწიფო თავშესაფრები შეიქმნა და ასე შემდეგ. იმედია, კიდევ და კიდევ გაფართოვდება და ამ კანონში არის კიდევ მუხლები, რომელთა ამოქმედებაც ელოდება თავის რიგს“.

ოფიციალური განმარტებით კი, სტრატეგია ერთდროულად მიმართულია როგორც ძალადობის გამომწვევი სოციალური მიზეზების აღმოფხვრაზე, ასევე ძალადობის ჩადენის შესაძლებლობის შემცირებაზე. ამ გრძელვადიანი მიზნის შესრულების იმედი „მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტი-საქართველოს“ დირექტორს ლევან გერაძესაც აქვს:

“საზოგადოების ისეთ ურთიერთობებზე გადასვლა, რომელიც შეამცირებს ძალადობას, რომელიც შეეცდება, რომ ძალადობის ფორმები მთლიანად ამოღებული იყოს საზოგადოებაში ურთიერთობებიდან, ძალიან მნიშვნელოვანია და იმედი მაქვს, რომ... ახლა, ბუნებრივია, მყისიერი შედეგი ამას არ ექნება, მაგრამ სამომავლოდ შედეგს გამოიღებს და მომავალი თაობები ნაკლები ძალადობის პირობებში იცხოვრებენ“.

ძალადობის პრევენციის ეროვნული სტრატეგიის პროექტი ორი კვირის განმავლობაში სამუშაო ჯგუფებში განიხილება და უკვე სრულყოფილი დოკუმენტის სახით წარედგინება პრემიერ-მინისტრთან შექმნილ ძალადობის პრევენციის საბჭოს. საბჭო, თავის მხრივ, მისი იმპლიმენტაციის ვადებსა და სტრუქტურებს უკვე დეტალურად გაწერს.

XS
SM
MD
LG