Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შშმ პირთა ძნელი გზა დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ


საქართველოს სახალხო დამცველი მთავრობას მოუწოდებს იზრუნოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იმ პირების მომავალზე, რომლებმაც სახელმწიფო დაწესებულებები სრულწლოვანების გამო დატოვეს, მაგრამ დამოუკიდებლად ცხოვრებისათვის საჭირო პირობები და შესაძლებლობა არ გააჩნიათ. ომბუდსმენის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სახელმწიფო მათ არ სთავაზობს ადეკვატურ მხარდაჭერას, რის გამოც, სხვა სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად, ისინი საცხოვრებლისა და შესაბამისი სერვისების გარეშე რჩებიან.

წარმოიდგინეთ, რომ ხართ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და მთელი ცხოვრება რომელიმე სახელმწიფო დაწესებულებაში ცხოვრობთ. გისრულდებათ თვრამეტი წელი, ტოვებთ იქაურობას და გარეთ გადიხართ. არ გაქვთ სახლი, არ გაქვთ განათლება და პროფესია. შესაბამისად, არ გაქვთ სამსახური, ფული, არ გყავთ მეგობრები. შედეგად, დამოუკიდებლად, უბრალოდ, ვერ ცხოვრობთ - ასეთია რეალობა, რომელიც საქართველოში მცხოვრებ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ შშმ პირებს ელით, თუ ისინი 18 წლის შემდეგ დამოუკიდებლად ცხოვრებას გადაწყვეტენ. ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დეპარტამენტის ინფორმაციით, 2011 წლიდან დღემდე სახელმწიფო დაწესებულება ასეთმა 36-მა ადამიანმა დატოვა. მათი უმრავლესობა დღეს სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშეა დარჩენილი, - გვეუბნება სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირინა ობოლაძე. მათი უმრავლესობა უდედმამოა ან არ იცის მშობლების ადგილსამყოფელი. წელს სახალხო დამცველის ოფისს ასეთმა 4-მა ადამიანმა მიმართა:

„დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის არაფერი, ფაქტობრივად, ამ ადამიანებს არ გააჩნიათ - არც საცხოვრებელი, არც სამსახური, არც სოციალურ-ეკონომიკური პირობები, არც სათანადო განათლება აქვთ, რომ დასაქმდნენ.ნახევარზე მეტი უსახლკაროა. ფაქტობრივად, ადამიანის ვერც ერთი ფუნდამენტური უფლებით ისინი ვერ სარგებლობენ და, სამწუხაროდ, მათ დამოუკიდებლად ცხოვრებას არც სახელმწიფო უწყობს ხელს“.

სწორედ ამ პრობლემის წინ წამოწევის მიზნით მიმართა სახალხო დამცველმა ხელისუფლებას და მოუწოდა იზრუნოს იმ შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობაზე, რომლებიც სრულწლოვანების გამო სახელმწიფო ზრუნვიდან გამოვიდნენ. ომბუდსმენის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლებას დღესდღეობით არ აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული სტრატეგია, რომელიც ზრუნვიდან გამოსული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების შესაძლებლობებს განსაზღვრავს და მათ ბარიერების დაძლევაში დაეხმარება. სწორედ ამიტომ, სახალხო დამცველი მოითხოვს პასუხისმგებელი სამინისტროების ჩართულობით დარეგულირდეს შესაბამისი კანონმდებლობა, შეიქმნას კონკრეტული პროგრამები, რომლებიც სახელმწიფო დაწესებულებებიდან გამოსულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთ უზრუნველყოფს საცხოვრებლით, დაეხმარება ფინანსურად, პროფესიულად გადაამზადებს და ა.შ. როგორც ირინა ობოლაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ეს ზრუნვა დაწესებულის შიგნითვე უნდა დაიწყოს:

„მათ უნდა ჰქონდეთ ინსტიტუციაში ყოფნის პერიოდშიც სათანადო ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა, შემდეგ პროფესიული განათლების დაუფლების და, რაც ყველაზე მთავარია, დასაქმების შესაძლებლობა“.

ჯანდაცვის სამინისტროში არ უარყოფენ, რომ მსგავსი ტიპის პროგრამები შშმ პირთა ამ ჯგუფისთვის ჯერჯერობით არ არსებობს. რადიო თავისუფლება ესაუბრა ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური პროგრამების სამმართველოს უფროსს მაია ბუჩუკურს, რომელმაც გვითხრა, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი სამინისტროს ან სააგენტოს მიერ მოსაგვარებელი პრობლემა და კარგია, რომ ომბუდსმენმა მთელ მთავრობას მიმართა:

„ამ ეტაპისათვის ასეთი ჩამოყალიბებული გეგმა, პოლიტიკა, სტრატეგია, რომელიც უზრუნველყოფს ზრუნვიდან გასულ შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების შესაძლებლობას, ბარიერების დაძლევას თუ ცხოვრებისათვის საჭირო პირობების შეთავაზებას, არ გვაქვს“.

თუმცა მაია ბუჩუკური ასევე აცხადებს, რომ არსებობს სათემო ორგანიზაციების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც გულისხმობს 18 წლის ასაკისა და უფროს შშმ პირთათვის 24-საათიანი მომსახურების შეთავაზებას სწორედ სათემო ორგანიზაციების გავლით. თუმცა იმასაც ამბობს, რომ ეს არ ნიშნავს შშმ პირთა სრულ დამოუკიდებლობას - ეს მიზანი, მაია ბუჩუკურის სიტყვებით, სახელმწიფოს ჯერ კიდევ მისაღწევი აქვს.

რა საჭიროებებზე ლაპარაკობენ თავად სათემო ორგანიზაციები? ერთ-ერთი მათგანია ორგანიზაცია „ხელი ხელს“, რომლის დამფუძნებელი, მაია შიშნიაშვილი, ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ 2012 წლის დასაწყისიდან დღემდე მათთან სხვადასხვა ინსტიტუციიდან 20 ადამიანი გადავიდა საცხოვრებლად. ერთმა მოგვიანებით დამოუკიდებლად ცხოვრება ამჯობინა, ორი ისევ ინსტიტუციაში დაბრუნდა, თუმცა ეს ციფრები, ამბობს მაია, საჭიროებაზე არ მეტყველებს. სათემო ორგანიზაციებისადმი მიმართვების რაოდენობა გაცილებით აღემატება მათ შესაძლებლობას მიიღონ ადამიანები. შესაბამისად, დღეს სახელმწიფომ, პირველ რიგში, ეს ლიმიტი უნდა გაზარდოს:

„ერთადერთია სათემო პროგრამა, რომელიც სახელმწიფოს დახმარებით მოქმედებს და ისიც ლიმიტირებულია. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეს პროგრამა ემსახურება 190-მდე ადამიანს, საჭიროება კი გაცილებით მეტია. რომ გადაითვალოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები, ისინი მოსახლეობის 10-15 პროცენტია. გასაგებია, რომ ყველას არ სჭირდება საცხოვრისი, მაგრამ 200 ადამიანის ჩართვა ამ პროგრამაში პრაქტიკულად არაფერია, ძალიან ცოტაა ამ პრობლემის მოგვარებისათვის. ეს ლიმიტიც ამოწურულია და გამოდის, რომ თუ არ გაიზარდა, მომავალ წელს სხვებს, თუ მსურველები გამოჩნდებიან, უბრალოდ, ვეღარ მივიღებთ“.

„იუნისეფის“ ბავშვთა დაცვისა და სოციალური კეთილდღეობის სპეციალისტის ჯაბა ნაჭყებიას თქმით, სახელმწიფო ზრუნვის სტანდარტებში არსებობს ჩანაწერი, რომელიც სერვისის მიმწოდებელს ავალდებულებს ბავშვი დაწესებულების დატოვებამდე დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მოამზადოს, რაც დამატებითი დახმარების გარეშე, როგორც წესი, ძნელად მიიღწევა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და განსაკუთრებულ საჭიროებათა ბავშვების შემთხვევაში ჯაბა ნაწყებია მათ მიმართ ინდივიდუალური მიდგომის აუცილებლობას უსვამს ხაზს - ეს ნიშნავს, რომ მათი უნარები მათსავე ძლიერ მხარეებზე დაყრდნობით უნდა გაძლიერდეს:

„მათ უნდა ისწავლონ, ელემენტარული უნარებიდან დაწყებული, პროფესიული უნარებით თუ აკადემიური უნარებით დამთავრებული, ყველაფერი. მხოლოდ ეს მისცემს მათ საშუალებას, რომ საზოგადოებაში არსებულ წესებს და ნორმებს გაეცნონ და შეძლონ ინტეგრირება ამავე საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად. ჩვენთან ასეთი სერვისი ჯერ არ არის, მაგრამ უცხოურ პრაქტიკას თუ გავითვალისწინებთ, იქ არის ე.წ. გარდამავალი სერვისი სახელმწიფო ზრუნვიდან დამოუკიდებელი ზრუნვისაკენ, რომელსაც შუაში რამდენიმე ეტაპი აქვს - ეს არის ნახევრად დამოუკიდებელი ცხოვრების ეტაპი, სადაც ცალკე ცხოვრობენ ბენეფიციარები და ცალკე დამხმარე პერსონალი, რომელიც მათ ეხმარება ნელ-ნელა დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებისათვის“.

ეს გამოცდილება, ამბობს ჯაბა ნაჭყებია, საქართველომაც აუცილებლად უნდა გაიზიაროს, რადგან ფაქტია, რომ დღეს ის შშმ ბავშვები, რომლებიც სახელმწიფოს ზრუნვის ქვეშ ცხოვრობენ, - მინდობით აღზრდა იქნება ეს თუ დიდი ზომის ბავშვთა სახლები, - 18 წლისათვის დამოუკიდებლად ცხოვრებას და საზოგადოებაში ინტეგრირებას ვერ შეძლებენ - მხარდამჭერი სერვისები კი მათ ამ შესაძლებლობას ნამდვილად მისცემს.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG