Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2015 წელი - ძველი და ახალი ტრადიციებით


ახალ წელს, როგორი რთულიც უნდა ყოფილიყო წინა წელი, სადღესასწაულო განწყობა მაინც ყველაფერს ფარავს - ყველა ცდილობს უკეთესისკენ შეცვალოს ცხოვრება, სიახლით შეხვდეს, კარგი განწყობა დაიბედოს. ყოველ წელს ძველ ტრადიციებს საქართველოში ახალი ემატება. ზოგი კვლავაც სახლში, საახალწლო სუფრასთან არჩევს დარჩენას, ზოგს ქუჩის ფოიერვერკები იზიდავს, ზოგიც რომელიმე ევროპულ ქვეყანაში აღნიშნავს დღესასწაულს...

ეს წელიც გავიდა. თითქოს გუშინ მოგილოცეთ 2014 და სწორედ ამ დროს ამ სიხშირის ტალღიდან გისურვეთ უკეთესი წელი. მოხედვა ვერ მოვასწარით და უკვე 2015-ია - ახლა ყველაფერი ისევ თავიდან იწყება. ახალი გეგმები, ახალი მიზნები, ცვლილებების მოლოდინი. თან ძველ ამბებს და ახალ წლებს ვიხსენებთ, თან ახალს ვგეგმავთ, მორთულია ნაძვის ხეები, შეფუთულია საჩუქრები. სუფრაც მზადაა. ზოგი ისევ ტრადიცულად, ოჯახში, ზოგიც მეგობრების წრეში აღნიშნავს 2015 წლის დადგომას.

საჩუქრების მაღაზია „პომპონშიც“ ნამდვილი ახალი წელია. იქ ხელნაკეთ ნივთებს შორის მასპინძელი, ნათია კალანდაძე, ზის და გარშემო რა არ უწყვია - თექის ანგელოზებიო, ხელნაკეთი ნაძვის ხეები, ნახატები, სახლი-ორცხობილები. მისი პატარა მაღაზიის კარი ხშირად ჭრიალით იღება და იკეტება - ყველას უნდა რაღაც ორიგინალური იშოვოს:​

„იცი, როგორი შეგრძნებაა? რომ რამეს კი არ ვყიდი, სტუმრებს ვიღებ. ძალიან მინდა, რომ ადამიანებს მოსვლა უხაროდეთ და საჩუქრად ისეთი ნივთები შეიძინონ, რაც მათ გააბედნიერებთ. მაგრამ ყველაზე მეტად მინდა ხელნაკეთი ნივთების ჩუქების ტრადიცია დავამკვიდრო. ვნახოთ, რა გამოვა..."

ზოგს საახალწლოდ მოგზაურობა გადაუწყვეტია, ზოგსაც ძველი დროის ნოსტალგია შემოსწოლია - მთაში, თოვლიანი ახალი წლის დადგომა ენატრება. აი, როგორია ჩვენი ერთ-ერთი გმირის, ქეთი ხვედელიძის გონებაში ჩარჩენილი იმერეთი, ახალი წლის ღამე:

„ახალ წელს ყოველთვის თოვდა. იყო ძალიან ლამაზი ღამეები. თოვლი ფარავდა ღობეებს, ბუჩქებს...სახლში იდგა ნაძვის ხის სუნი, გვქონდა ცხელი ღუმელი, უგემრიელესი ხაჭაპური და უამრავი საახალწლო ბარათი, რომელსაც ვგზავნიდით მეგობრებთან, ნათესავებთან, მასწავლებლებთან, ერთმანეთთან... და მთელი ღამე ისმოდა მხოლოდ თოვის ხმა. ეს იყო ახალი წლის ლამის ყველაზე დიდი ხმაური. თოფს თითქმის არავინ ისროდა“.

საახალწლოდ მოთოვა სვანეთშიც. ნაზო ხერგიანი თავის ოჯახთან ერთად ახლა სწორედ იქ, მესტიაში ხვდება ახალ წელს. უჭირდა თუ ულხინდა, მაინც ყველა ემზადებოდა ახალი წლის შესახვედრად თავის სახლში, მოგიზგიზე ცეცხლთან:

„დილით აუცილებლად ლოცვით იწყება ახალი წელი. ჩვენთან კიდე ნიგვზიან კვერებს აცხობენ. კუპდარი, თავისთავად, ჩვენი საახალწლო სუფრის ნაწილია. ადრე ნაძვის ხეს - უფრო კი, ფიჭვის ხეს - კანფეტებით რთავდნენ, ახლა ათასი ახლებური ბრჭყვიალა მოსართავია".

მეკვლის მიღების ძველი ტრადიცია სვანეთში მხოლოდ აქა-იქ თუ შემორჩა სოფლებში. ნაზო ხერგიანი იხსენებს, ოჯახიდან თურმე ყველაზე პატარა წევრს გამოუშვებდნენ, სახლში მოსულს სპეციალურ სკამზე ალპურ თივას დაუფენდნენ, იქ დასვამდნენ და გარშემო კვერებს შემოუწყობდნენ. გემრიელი თოვლიც მოგვენატრა სვანეთშიო, გვეუბნება ნაზო ხარგიანი, ორ დღეში რომ არ დადნეს, ისეთიო. ნაზო ხერგიანი მესტიიდან გითვლით მოლოცვას. აი, ასეთს:

„საქართველო მთლიანი მინდა მოგვასწროს ღმერთმა. ხელუხლებელი ყოფილიყოს ყველა კუთხე, ასე დავლოცავ. არც ჰესებით დაგვანგრიონ და არც სხვა რამით. საყდრისი და სხვა ასეთი რაღაცებიც ჩვენ დაგვიტოვონ, ვისაც გვეკუთვნის“.

სამეგრელოშიც დიდი ფაციფუცია. ჩხოროწყუში პირველი საჯარო სკოლის დირექტორს, მანანა ჩიქოვანს ველაპარაკეთ და ვკითხეთ, როგორ ხვდებიან ახალ წელს მეგრელები - ნაძვის ხის და ჩიჩილაკის მხრივ არაფერი შეცვლილა, სხვა აუცილებელ საახალწლო ატრიბუტებს შორის კი, ტრადიციულად, საპატიო ადგილასაა:

„ჩურჩხელა! ცხადია, აუცილებელი ატრიბუტია მეგრული საცივი, შემწვარი გოჭი. დღემდე გვყავს მეკვლეები, რომელთაც სამეგრელოში კუჩხას ვეძახით. ჩიჩილაკის გვერდით დიდი ლანგარი გვიდევს ხოლმე, რომელზეც ღერღილი დევს, როგორც ბარაქის სიმბოლო, სუროს ფოთოლი, რომელიც მწვანეა და მარადიულობას უკავშირდება, ხურდა ფული, რომელიც სიმდიდრესთან ასოცირდება...“

შეუცვლელი წესია, გვეუბნება მანანა ჩიქოვანი, თუ ახალ წელს სახლში სტუმარმა შემოდგა ფეხი, მან აუცილებალდ უნდა დაილოცოს. ჩვენ ოჯახში დაწურულ წითელ ღვინოს ვანიჭებთ უპირატესობასო, გვეუბნება მანანა. სუფრა შეძლებისდაგვარდ უხვია, მუსიკა - გემოვნებით ირჩევა.

ახლა მათი ამბავიც ვიკითხოთ, ვინც ახალ წელს ახლებურად ხვდება. მთელი წელი გეგმავს ეს დღე განსაკუთრებულ დღესასწაულად აქციოს. მათ შორისაა ნინო ნატროშვილიც. შარშან ბერლინში მეგობრებთან ერთად შეხვდა 2014-ს. წელს, ნაახალწლევს, ბუდაპეშტისკენ აქვს გეზი აღებული. ნინო მათ შორისაა, ვისაც სჯერა, რომ მთელი წელი ისეთი იქნება, როგორც მას შეხვდები:

„მახსოვს, ბერლინში ჩავედი 31 დეკემბერს 11 საათზე და 12 საათზე, ახალი წლის დადგიმისას, სულ ჩქარა-ჩქარა გავიქეცით მე და ჩემი მეგობრები საახალწლო წვეულებაზე. იყო ძალიან გამორჩეული, მხიარული, ემოციური ახალი წელი, ზუსტად ისეთი, როგორიც მგონია, რომ დღესასწაული უნდა იყოს“.

მე კი, სადაც უნდა ხვდებოდეთ ამ შობა-ახალ წელს, ტომ პეტის ენერგიული სიმღერით მოგილოცავთ ახალ წელს. მრავალფეროვან და საინტერესო დღეებს გისურვებთ 2015-ში.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG