Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძალადობა ბავშვთა მიმართ - კვლავაც პრობლემა #1


3 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვთა უფლებების ცენტრმა სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საზოგადოებას ორი ანგარიში წარუდგინა: ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში და სპეციალური ანგარიში მცირე საოჯახო ტიპის სახლების მონიტორინგის შესახებ. რა რჩება ქვეყანაში წლის მთავარ გამოწვევებად, ბავშვთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით, და რა რეკომენდაციები აქვს სახალხო დამცველს სახელმწიფოს მიმართ?

განათლების უფლება, ძალადობა არასრულწლოვანებზე, სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო პირობები, სკოლამდელი აღზრდა და ჯანმრთელობის დაცვა - ეს პრობლემათა პირველი ხუთეულია, რომელსაც საქართველოში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიში გამოკვეთს. ყველა ამ და სხვა არაერთი უფლების დარღვევის კონკრეტული ამბები ომბუდსმენის ანგარიშში დაწვრილებითაა მოთხრობილი.

„ანგარიში საქართველოში ბავშვთა უფლებების მხრივ არსებულ ზოგად ვითარებას ასახავს, თუმცა ძალადობა და არასათანადო მოპყრობა იდენტიფიცირებულია როგორც უმთავრესი პრობლემა, საუბარია როგორც ფსიქოლოგიურ, ისე ფიზიკურ ძალადობაზე. ორმაგი პრობლემა ისაა, რომ ასეთი ფაქტების გამოვლენა არის საკმაოდ რთული გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ყველა ასეთ შეტყობინებას მყისიერად მოჰყვეს რეაგირება. ძალადობის გარდა, უმნიშვნელოვანეს პრობლემად ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის მაღალი დონე რჩება და ამ მხრივ რეგიონში საქართველო, სამწუხაროდ, ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. პრობლემაა ბავშვთა სიღარიბე და ცხოვრების დაბალი დონე“, - აცხადებს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი

ყველა ის სირთულე, რომელიც საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებობს, ერთიორად მძაფრდება მაღალმთიან რეგიონებში, ამბობს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვთა ცენტრის ხელმძღვანელი მაია გედევანიშვილი:

„იქ სოციალური პროგრამები არასათანადოდ ხორციელდება როგორც სახელმწიფო, ისე მუნიციპალურ დონეზე. სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილმა, ვისაც ბავშვები ჰყავს, უმეტეს შემთხვევაში არაფერი იცის, საერთოდ, ასეთი პროგრამების არსებობის შესახებაც კი“.

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი მარი წერეთელი არ უარყოფს, რომ ბავშვთა დაცვის სფეროში ბევრი პრობლემაა, თუმცა ისიც მათგან ყველაზე მწვავეს - ძალადობას - გამოყოფს. იღებს შენიშვნას სკოლა-პანსიონების თაობაზეც და აცხადებს:

„სამწუხაროდ, დღეს კანონი არ გვაძლევს სკოლა-პანსიონებში შესვლის და შემოწმების უფლებას, თუმცა ჩვენმა სამინისტრომ უკვე დააყენა საკითხი შეიცვალოს მთელი რიგი საკანონმდებლო აქტები, პირველ რიგში კი, ცვლილება შევიდეს სააღმზრდელო საქმიანობის შესახებ კანონში, რაც მოგვცემს საშუალებას შევიდეთ ყველა ასეთ დაწესებულებაში და გავაკონტროლოთ ისინი“.

არის ერთი პრობლემა, ერთი, რომელსაც უნდა მივხედოთ და ვიმედოვნებ, რომ ამ მხრივ 2016 წლის სექტემბრამდე საქართველოს ექნება წინსვლა - ეს არის ბავშვთა მიმართ ძალადობა ყველგან - ოჯახში, ინსტიტუციებში, ყველგან, დასაწყისიდან ბოლომდე - და ეს გრძლდება უნივერსიტეტებში, სამუშაო ადგილებზე, ეს ძალადობა შესამჩნევია მათ მიმართ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პოლიციის მხრიდან...
რენატა ვინტერი

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი ეკა დგებუაძე, რომელიც ძირითადად ინკლუზიური განათლების საკითხებზე მუშაობს, ასევე იზიარებს ომბუდსმენის ოფისის შენიშვნებსა და რეკომენდაციებს და აცხადებს, რომ სექტემბრიდან იწყება ახალი პროგრამა, რომელიც სკოლებში პედაგოგების გადამზადებას ისახავს მიზნად, რამაც, წესით, ამ სფეროშიც უნდა გადაჭრას არაერთი პრობლემა:

„ვგეგმავთ, რომ განათლების სისტემის წარმომადგენლები დღის ცენტრებშიც შევიდნენ და ბავშვებს დაეხმარონ“.

ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამის მენეჯერი ირმა ხაბაზი მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველის ანგარიშში წარმოდგენილ ყველა პრობლემას დაუყოვნებლივ მოგვარება სჭირდება. თავად „ღია საზოგადოება -საქართველოც“ სახელმწიფოსთან ერთად ჩართულია ბავშვებზე ზრუნვის რეფორმის პროცესში, ახორციელებს მონიტორინგს და, როგორც ირმა ხაბაზი აცხადებს, მათი რეკომენდაციაა მეტი აქცენტი გაკეთდეს ბავშვების ოჯახებში ინტეგრაციაზე. მისი განცხადებით, მცირე საოჯახო ტიპის სახლები ბევრად სჯობს სახელმწიფო ინსტიტუციებს, თუმცა გამოცდილებამაც აჩვენა, რომ საჭიროა ზრუნვისალტერნატიული ფორმების მოძებნა.

ევროკავშირის პროექტის "სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის მხარდაჭერა საქართველოში" ხელმძღვანელისა და გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის კომიტეტის წევრის რენატა ვინტერის შეფასებით, პრობლემათა სათავეში დგას მხოლოდ ერთი და უმთავრესი - ძალადობის პრობლემა. რენატა ვინტერი ამბობს, რომ საქართველომ ყველფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ 2016 წლის შემოდგომაზე უკეთესი შედეგები აჩვენოს:

„არის ერთი პრობლემა, ერთი, რომელსაც უნდა მივხედოთ და ვიმედოვნებ, რომ ამ მხრივ 2016 წლის სექტემბრამდე საქართველოს ექნება წინსვლა - ეს არის ბავშვთა მიმართ ძალადობა ყველგან - ოჯახში, ინსტიტუციებში, ყველგან, დასაწყისიდან ბოლომდე - და ეს გრძლდება უნივერსიტეტებში, სამუშაო ადგილებზე, ეს ძალადობა შესამჩნევია მათ მიმართ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პოლიციის მხრიდან. ამ ფონზე კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას მხოლოდ იმას კი არ ჰკითხავს, რა გეგმები აქვს ამ პრობლემის მოსაგვარებლად, არამედ მოსთხოვს პასუხს, უკვე რა გაკეთდა. და უნდა ითქვას, რომ ძალიან დიდი განსხვავებაა ამ გეგმებსა და შესრულებულ სამუშაოს შორის“.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG