Accessibility links

logo-print

კოლორადოში მასობრივი მკვლელობის მსხვერპლს გლოვობენ


ჯეიმს ჰოლმსი

ჯეიმს ჰოლმსი

კოლორადოში, ქალაქ ავრორაში, თეატრში მომხდარ მასობრივ მკვლელობაში დაღუპულებს გლოვობენ. ჯეიმს ჰოლმსი, რომელიც 12 ადამიანის განზრახ მკვლელობასა და 58-ის დაჭრაშია ეჭვმიტანილი, ერთკაციან საკანში იმყოფება და ოფიციალურ ბრალდებას ელოდება.

დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად კვირა ღამით ათასობით ადამიანი შეიკრიბა ქალაქ ავრორაში. აშშ-ის პრეზიდენტმა პირადად მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს და მოინახულა ინციდენტის დროს გადარჩენილი ადამიანები, რომლებიც ქალაქ ავრორაში მდებარე ჰოსპიტალში იმყოფებიან. ბარაკ ობამას თქმით, მან გულში ჩაიკრა ცოცხლად გადარჩენილები, ხოლო დაღუპულები მათ ახლობლებთან ერთად დაიტირა.
იმედი მაქვს, მომდევნო რამდენიმე დღის, კვირისა და თვის განმავლობაში ყველა ვიფიქრებთ იმაზე, თუ რა შეგვიძლია დავუპირისპიროთ ასეთ ძალადობას ...

„საშუალება მომეცა მომენახულებინა თითოეული ოჯახი. საუბარი, ძირითადად, მოგონებებით იყო სავსე. ოჯახებისათვის ეს იყო შესაძლებლობა ესაუბრათ იმაზე, როგორი კარგები იყვნენ მათი ძმა, შვილი, როგორ ცხოვრებაზე ფიქრობდნენ და რა ოცნებები ჰქონდათ სამომავლოდ. მათთვის არ დამიმალავს, რომ ასეთ ვითარებაში სიტყვები ყოველთვის შეუსაბამოა და რომ ჩემი მთავარი ამოცანაა ვიმოქმედო როგორც მთელი ქვეყნის წარმომადგენელმა და ვაგრძნობინო მათ, რომ ამწუთას ჩვენ ვფიქრობთ მათზე და მომავალშიც ყოველდღიურად ვიფიქრებთ.“

შტატ კოლორადოს ქალაქ ავრორაში, კინოთეატრში 20 ივლისს მომხდარი სროლის შედეგად დახოცილთა ხსოვნის პატივსაცემად აშშ-ში ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა. საზარელი დანაშაული ჩაიდინა 24 წლის ჯეიმს ჰოლმსმა, რომელმაც პარასკევს ღამით, ბეტმენზე კინოფილმის პრემიერის დროს, ცეცხლი გაუხსნა დარბაზში მყოფთ. სროლის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 58 დაშავდა. 20 ივლისს მომხდარი ტრაგედიის შედეგად, აშშ-ში ახალი ძალით გაჩაღდა დებატები ცეცხლსასროლი იარაღის ხელმისაწვდომობასა და ფართოდ გავრცელების მიზანშეწონილობაზე. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით გახშირებული თავდასხმების თავიდან აცილების სურვილი მომავალში შესაძლოა მის პოლიტიკურ პროგრამაშიც აისახოს.

„იმედი მაქვს, მომდევნო რამდენიმე დღის, კვირისა და თვის განმავლობაში ყველა ვიფიქრებთ იმაზე, თუ რა შეგვიძლია დავუპირისპიროთ ასეთ ძალადობას, რომელმაც მთელ ქვეყანას აუნაზღაურებელი ზიანი მიაყენა.“

კვირას პოლიციამ განაცხადა, რომ გაჩხრიკა მკვლელობაში ეჭვმიტანილი ჰოლმსის სახლი და ნივთმტკიცების სახით ამოიღო კომპიუტერი, რომელმაც შესაძლოა გამოძიებას უჩვენოს, თუ როგორ გეგმავდა ის მასობრივ მკვლელობას. ფილმი „ბნელი რაინდის აღზევება“, რომლის საპრემიერო ჩვენების დროსაც მოხდა სისხლისღვრა, არის ბეტმენის თავგადასავლების ახალი ეკრანიზაცია.
XS
SM
MD
LG