Accessibility links

logo-print

მსოფლიო ებოლის ვირუსთან ბრძოლას განაგრძობს. უკანასკნელი მონაცემებით, რომელიც ლიბერიის, სიერა ლეონეს და გვინეის ჯანდაცვის მინისტრების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობა, სულ ებოლის 8 376 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან თითქმის ნახევარი 4024 მსხვერპლით დასრულდა. საქართველოში ამ ეტაპზე ნიგერიიდან შემოსულ 13 ადამიანს აკვირდებიან. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ამ ეტაზე ქვეყანაში ებოლის არც ერთი შემთხევვა არ დაფიქსირებულა. ამავე დროს, ყველა შესაბამისი უწყება მზადაა დაავადებასთან საბრძოლად.

მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აგვისტოში ებოლა საერთაშორისო ჯანმრთელობის სერიოზულ საფრთხედ გამოაცხადა, კონტროლი საქართველოს საზღვრებზეც გამკაცრდა - განსაკუთრებით იმ ქვეყნებიდან შემოსული ხალხის მიმართ, სადაც ებოლის ვირუსია გავრცელებული. ესენია ლიბერია, სიერა ლეონე, გვინეა და ნიგერია. რისკის ქვეშ მყოფი ამ ოთხი ქვეყნიდან მოქალაქეების საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში ყველას სპეციალური სამახსოვრო საინფორმაციო ბუკლეტი ურიგდება, სადაც წერია, რომ ცხელების, თავის ტკივილის, სისხლდენის, ღებინების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოს. იქვე მითითებულია საკონტაქტო ნომრებიც. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე გვეუბნება, მათ ქვეყანაში შემოსვლიდან 21 დღის განმავლობაში აკვირდებიან. დღეს საქართველოში ასეთი 13 ნიგერიელია. დანარჩენებმა 21-დღიანი საინკუბაციო პერიოდი უკვე გაიარეს:

„ჩვენ გვაქვს მათი მისამართები. ეპიდემიოლოგები ხშირად ურეკავენ და მათი ჯანმრთელობის შესახებ მდგომარეობის ინფორმაციას ფლობენ. სულ საქართველოში 86 ადამიანია შემოსული. უმრავლესობა ნიგერიიდან არის, ერთი კი ლიბერიაში მოღვაწე ქართველია. ისინი არიან ჯანმრთელი ადამიანები, არ არიან ავადმყოფები. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ, უბრალოდ, ვაკვირდებით, რადგან სწორედ ამ ქვეყნიდან ჩამოვიდნენ“.

დეზინფექცია, დეზინფექცია და დეზინფექცია ყოველ ფეხის ნაბიჯზე, რადგან ძირითადი ინციდენტები დამცავი საშუალებების, ამ სპეციალური ტანსაცმლის გახდის დროს ხდება...

ამირან გამყრელიძოს თქმით, გასულ კვირას საქართველოს მთავრობამ სპეციალური განკარგულებაც მიიღო ებოლასთან დაკავშირებული საგანგებო მზადყოფნის შესახებ, სადაც სხვადასხვა უწყების პასუხისმგებლობებია გაწერილი. უკვე სამი კვირაა დაიწყო ლექციების ციკლიც ჰემორაგიული ცხელებების შესახებ, რომელშიც ებოლაც შედის. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ეს ლექციები პირველ ეტაპზე სასწრაფო დახმარების ექიმებს, ასევე საბაჟო დ სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებს ჩაუტარდათ. ლექციების ვიდეოჩანაწერები დაავადებათა კონტროლის ვებსაიტზეც დევს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი პაატა იმნაძე ამ ლექციების ფარგლებში განსაკუთრებული სიფრთხილისაკენ ექიმებს მოუწოდებს:

„დეზინფექცია, დეზინფექცია და დეზინფექცია ყოველ ფეხის ნაბიჯზე, რადგან ძირითადი ინციდენტები დამცავი საშუალებების, ამ სპეციალური ტანსაცმლის გახდის დროს ხდება. ძალიან დიდი რისკია, რომ გახდის დროს კანი ან ლორწოვანი გარსი დაბინძურდეს. წესია ასევე, რომ ჩაცმის და გახდის დროს გვერდით აუცილებლად უნდა იყოს მეორე კოლეგა, რომელიც პრაქტიკულად გაკონტროლებს, იცავ თუ არა შენ წესებს“.

ებოლის ვირუსი პირველად 1976 წელს პეტერ პიოტმა აღმოაჩინა. მას შემდეგ აფრიკის ქვეყნებში ებოლის ეპიდაფეთქება რამდენჯერმე დაფიქსირდა. თუმცა წლევანდელი ეპიდემია ყველაზე მასშტაბურად შეიძლება ჩაითვალოს. რამდენ ხანს გაგრძელდება ეპიდაფეთქება? ამირან გამყრელიძის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზი არცთუ ისე სახარბიელოა. მათი ვარაუდით, 20-30 000-მდე გაიზრდება დაავადებულთა რიცხვი, თუმცა აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრს უფრო პესიმისტური პროგნოზი აქვს. ჯერჯერობით დაავადებულთა რიცხვი იზრდება.

„გუშინწინდელი მონაცემებით, 8400 შემთხვევაა და მათგან 4000-ზე მეტი დაღუპულია. ებოლის საწინააღმდეგო ვაქცინა ან სპეციფიკური წამალი არ არსებობს. ერთ-ერთი მთავარი გამოსავალი არის ებოლაგადატანილ ადამიანთა სისხლისა და პლაზმის გამოყენება, რადგან მათ უკვე ჩამოყალიბებული აქვთ იმუნიტეტი და ეს მზა ანტისხეულები შედის ავადმყოფი ადამიანის ორგანიზმში. ესეც არის მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდი“.

თუ განსაკუთრებული საჭიროება არ არსებობს ამის, ამ ქვეყნებში მოგზაურობას ჯობს თავი ავარიდოთ, და თუ მაინც უნდა წახვიდეთ, უნდა ერიდოთ ებოლიან ავადმყოფთან კონტაქტს...

საქართველოში ამჟამად არის ყველა საჭირო მედიკამენტი, რაც ზოგადი სიმპტომური თერაპიისათვის არის საჭირო. არ არის მხოლოდ ორი ექსპერიმენტული წამალი, რომელიც რამდენიმე ავადმყოფზე გამოიყენეს, გვიხსნის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი. მისივე განმარტებით, საქართველოში ებოლის დაავადება ადრე არასოდეს დაფიქსირებულა. მისი გავრცელების არეალი არ არის საქართველო. შესაბამისად, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მისი გაჩენა საქართველოს რომელიმე შორეულ სოფელში გამორიცხულია. თუმცა, მიუხედავად ამისა, რეგიონების საავადმყოფოებს მაინც გადაეცემათ პერსონალური დაცვის საშუალებები, რაც ებოლის დაფიქსირების შემთხევაში ადამიანებს აცვიათ და ახურავთ. თითო რეგიონს ხუთი კომპლექტი გადაეცემა.

რა უნდა ვიცოდეთ ებოლის შესახებ და რა წესების დაცვაა საჭირო? - ვკითხეთ ამირან გამყრელიძეს:

„თუ განსაკუთრებული საჭიროება არ არსებობს ამის, ამ ქვეყნებში მოგზაურობას ჯობს თავი ავარიდოთ, და თუ მაინც უნდა წახვიდეთ, უნდა ერიდოთ ებოლიან ავადმყოფთან კონტაქტს, რადგან ებოლა გადადის პირდაპირი კონტაქტით, დაავადებული ადამიანის სისხლთან, ოფლთან, შარდთან, გამონაყოფთან ერთად“.

ებოლის შესახებ ვიცი, რომ დაავადებაა, რომელიც აფრიკული ქვეყნებიდან მოდის. კიდევ ვიცი, რომ სპეციალური ოთახებია ინფექციურში, სადაც, თუ საჭირო გახდა, ასეთ დაავადებულებს მოათავსებენ...

სმენიათ თუ არა საქართველოში ებოლის ვირუსის შესახებ, რა იციან ამ დაავადებაზე და არსებობს თუ არა ხალხში შიში მის მიმართ? თბილისის ქუჩაში ჩატარებული მცირე გამოკითხვის შედეგად რადიო თავისუფლებამ ასეთი სურათი მიიღო:

„კი, გავიგე, რომ ამერიკაშიც გარდაცვლილა ვიღაც ამ ვირუსით, ევროპაშიც და აფრიკაში საკმაოდ დიდი მსხვერპლია. თუმცა ჩვენთან, იმედი მაქვს, რომ არ შემოვა“.

„მე მგონია, რომ საქართველოში ამ ვირუსის საშიშროება არ არსებობს, რადგან სახელმწიფო, მე რასაც ვხედავ, ცდილობს მის პრევენციას“.

„ებოლის შესახებ ვიცი, რომ დაავადებაა, რომელიც აფრიკული ქვეყნებიდან მოდის. კიდევ ვიცი, რომ სპეციალური ოთახებია ინფექციურში, სადაც, თუ საჭირო გახდა, ასეთ დაავადებულებს მოათავსებენ. ისე, მე არ მეშინია. არა მგონია, აქამდე მოვიდეს“.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გვაფრთხილებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ აღმოაჩინეთ, რომ გაქვთ ცხელება, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი კუჭის არეში ან აუხსნელი სისხლდენა ან სიხლჩაქცევა, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარების სამსახურს.

ასევე უნდა იცოდეთ, რომ ებოლის ვირუსი არ ვრცელდება წყლით, ჰაერის მეშვეობით და საკვებით, თუმცა აფრიკაში ებოლა შესაძლებელია გავრცელდეს გარეული ცხოველების ხორცის დამუშავებისას (ნანადირევის საკვებად გამოყენების მიზნით), დაინფიცირებულ ღამურებთან კონტაქტისას.

XS
SM
MD
LG