Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

EBRD-ის ფორუმი თბილისში


EBRD-ის შეხვედრა
EBRD-ის შეხვედრა

14-15 მაისს თბილისი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიურ, რიგით 24-ე, შეხვედრასა და ბიზნესფორუმს მასპინძლობს. ფორუმში მონაწილეობის მიზნით საქართველოში 60-ზე მეტი ქვეყნის მთავრობისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლები იმყოფებიან. საქართველოს მთავრობა ასეთი მასშტაბის პირველ ფორუმს ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი განვითარების პერსპექტივებს უკავშირებს. ოფიციალური პირების თანახმად, ქვეყანას მიეცა კარგი შანსები საინვესტიციო პოტენციალის საჩვენებლად.

საქართველო მოწინავე ქვეყანაა გამჭვირვალობისა და ღია მმართველობის თვალსაზრისით და სწორედ ამიტომ იგი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ინვესტიციების განხორციელებისა და ბიზნესის წარმოებისათვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს გახსნით სესიაზე. მისი თქმით, ბანკის მიერ საქართველოს ეკონომიკაში განხორციელებული ინვესტიციები გასულ წელს პრაქტიკულად გაორმაგდა და 200 მილიონ ევროს გადააჭარბა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახმად, საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის თანამშრომლობის განმავლობაში ბანკის ინვესტიციებმა საქართველოს ეკონომიკაში 2 მილიარდ 600 მილიონი ევრო შეადგინა:

“ჩვენი ქვეყნის განვითარების ასეთ საპასუხისმგებლო ეტაპზე ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია ისეთ სანდო და ძლიერ პარტნიორთან თანამშრომლობა, როგორიც გახლავთ EBRD. ბანკსა და საქართველოს შორის პარტნიორობის თითქმის 25-წლიანი პერიოდის განმავლობაში ბანკი განუხრელად ედგა გვერდში ჩვენს ქვეყანას და ეხმარებოდა კონკრეტული მიზნების განხორციელებასა და ამა თუ იმ რთული ვითარებიდან გამოსვლაში. ამისთვის მე მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ. დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოსთვის ბანკის დაფინანსება 2 ილიარდ 600 მილიონი ევროა, 70-ზე მეტი პროექტის ფარგლებში, საიდანაც დაფინანსების 83 პროცენტი სწორედ კერძო სექტორზე მოდის“.

ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა EBRD-ის შეხვედრაზე
ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა EBRD-ის შეხვედრაზე

საქართველო არის სრულიად ღია ქვეყანა მსოფლიოში, ერთ-ერთი ყველაზე მარტივი საგადასახადო სისტემითა და დაბალი გადასახადებით, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ ქვეყანა ინვესტორებს სამართლებრივ უსაფრთხოებას, ხარისხიან, გამჭვირვალე და პროგნოზირებად კანონებს, სათანადო სასამართლო და სანოტარო სისტემებსა და ბიზნესისათვის საჭირო სხვა გარანტიებს ჰპირდება. ერთ-ერთი ინიციატივა კი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში გაისმა, არის ის, რომ საქართველოს აქვს რესურსი, იყოს რეგიონალური ჰაბი: „აქ შექმნილია სათანადო გარემო საერთაშორისო კომპანიების განთავსებისა და რეგიონალური საფინანსო ცენტრის ჩამოყალიბებისათვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„პრობლემების მიუხედავად, საქართველოს შეუძლია იამაყოს იმ შედეგებით, რომელსაც უკვე მიაღწია“, -ეს კი EBRD-ის ყოველწლიური, 24-ე შეხვედრის გახსნით სესიაზე, თავის მხრივ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ განაცხადა:

„თქვენი ქვეყნის წარმატება ჩვენი ბანკის წარმატებაა იმ მხრივ, რომ სახეზეა ხანგრძლივი პარტნიორობა, ინვესტიციები და რეფორმები განვითარებისათვის. როგორც თქვენც ბრძანეთ, იბიარდმა წლების განმავლობაში მოახდინა 2 მილიარდ 600 მილიონი ევროს ინვესტირება საქართველოში. გარდა ამისა, მრავალი სხვა ინვესტორიც შემოიყვანა ქვეყანაში და კმაყოფილნი ვართ, რასაც ერთად მივაღწიეთ.ქალბატონებო და ბატონებო, ჩემი იბიარდიში მუშაობის სამი წლის განმავლობაში მე დავრწმუნდი, რომ ეს ბანკი ძალიან ბევრ კარგ რამეს აკეთებს, მაგრამ მე მინდა ჩემს გამოსვლაში სამ ასპექტს გავუსვა ხაზი“.

EBRD-ის შეხვედრა
EBRD-ის შეხვედრა

ეს ასპექტები, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტის სუმა ჩაკრაბარტის თქმით, არის ის, რომ ბანკი გვაძლევს შედეგებს, ბანკი ხელს უწყობს ინოვაციებსა და მოდერნიზაციას და, გარდა ამისა, ბანკი თვალს უსწორებს პრობლემებსა და გამოწვევებს გახსნილად და პირდაპირ. EBRD-ის მმართველთა საბჭოს ყოველწლიური შეხვედრის გარდა, ორი დღის განმავლობაში თბილისში გაიმართება ასევე საპანელო განხილვები და სხდომები, მათ შორის, საქართველოს საინვესტიციო მდგომარეობის შესახებ. გამოქვეყნდა ანგარიშიც „რეგიონალური ეკონომიკის ახალი პერსპექტივებში“, რომელშიც EBRD ელის, რომ 2015 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2,3 პროცენტამდე შენელდება. ამავე დოკუმენტის თანახმად, 2016 წელს ეკონომიკური ზრდა 2,6 პროცენტამდე შემცირდება და მასზე უარყოფით გავლენას მოახდენს გარე ფაქტორები და მზარდი ვადაგადაცილებული სესხები.

საქართველოს მთავრობამ კი EBRD-ის შეხვედრაზე საინვესტიციო პოტენციალის 5 მიმართულებით გაძლიერების პერსპექტივაზე გაამახვილა ყურადღება. ირაკლი ღარიბაშვილის თანახმად, ესენია: საბანკო სექტორი, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ენერგეტიკა, წარმოება და სოფლის მეურნეობა. დასახელდა ცალკეული პროექტებიც. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რამდენიმე მნიშვნელოვანი საინვესტიციო შეთანხმების ხელმოწერის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. მათ შორის:

“12-მილიონდოლარიანი შეთანხმება ფორმდება ინფექციური კლინიკის ტერიტორიაზე ახალი კლინიკის მშენებლობაზე და ამას დააფინანსებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი“.

ბიზნესფორუმის მეორე დღე
please wait

No media source currently available

0:00 0:01:37 0:00

იმ სფეროებს შორის კი, რომელთა მიმართ ინტერესი EBRD-ის წლიური შეხვედრის მსვლელობისას განსაკუთრებით გამოიკვეთა, ვიცე-პრემიერ კახი კალაძის თანახმად, არის ენერგეტიკაც:

“დარიალის ჰიდროელექტროსადგურის განხორციელებაზე უკვე გამოყოფილია 50 მილიონი. 85 მილიონი გამოყვეს TATA ჯგუფის პროექტზე, რომელიც აჭარაში ხორციელდება. ასევე დღეს ჩვენ მოვაწერთ ხელს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს 30 მილიონის ინვესტიციას. ეს არის პირველი პროექტი საქართველოში, ქარის ელექტროსადგური, რომელიც იქნება 20 მეგავატი სიმძლავრის და 2016-ში ეს პროექტი იქნება დასრულებული“.

საქართველოს მთავრობის წევრები სხვადასხვა ქვეყნის სამთავრობო დელეგაციებთან, EBRD-ის წლიური ფორუმის ფარგლებში, პირისპირ შეხვედრებსაც მართავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG