Accessibility links

logo-print

3 დღის მანძილზე, 13-15 მაისს, თბილისმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის - EBRD-ის - ყოველწლიურ, რიგით 24-ე, შეხვედრას უმასპინძლა. ფორუმში მონაწილეობის მიზნით საქართველოს დედაქალაქს 60-ზე მეტი ქვეყნის მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლები ესტუმრნენ. საქართველოს მთავრობა ასეთი მასშტაბის ფორუმს ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი განვითარების იმედს უკავშირებს.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კონფერენციის მსვლელობისას მისმა ხელმძღვანელებმა არაერთი საქებარი სიტყვები თქვეს საქართველოსა და მისი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მისამართით.

„რა თქმა უნდა ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ საქართველოს შეუძლია იამაყოს იმ შედეგებით, რომელსაც უკვე მიაღწია“ – ეს სიტყვები „იბიარდის“ ყოველწლიური 24-ე შეხვედრის პირველ სესიაზე წარმოთქვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ. მან ასევე განაცხადა:

​„თქვენი ქვეყნის წარმატება ჩვენი ბანკის წარმატებაა იმ მხრივ, რომ სახეზეა ხანგრძლივი პარტნიორობა, ინვესტიციები და რეფორმები განვითარებისათვის. როგორც თქვენც ბრძანეთ, „იბიარდმა“ წლების განმავლობაში მოახდინა 2 მილიარდ 600 მილიონი ევროს ინვესტირება საქართველოში. გარდა ამისა, მრავალი სხვა ინვესტორიც შემოიყვანა ქვეყანაში და კმაყოფილნი ვართ, რასაც ერთად მივაღწიეთ“.

„იბიარდის“ მიერ საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობის კიდევ უფრო გაზრდას ესწრაფვის საქართველოს მთავრობა. ამის იმედს 2014 წლის მანძილზე 200 მილიონი ევროს ინვესტირება იძლევა, რომელიც თითქმის ორჯერ მეტია, 2013 წელთან შედარებით. ბანკის შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უფრო მეტი ინვესტიციის მოსაზიდად იმ ბიზნესუპირატესობებზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს აქვს. ესენია ძირითადად ის საგადასახადო თუ ადმინისტრაციული რეფორმები, რომლებიც ოპონენტი პოლიტიკური ძალის, „ნაციონალური მოძრაობის“, მმართველობის წლებში განხორციელდა:

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

„საქართველო არის სრულიად ღია ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მარტივი საგადასახადო სისტემითა და დაბალი გადასახადებით. ჩვენ სულ ექვსი ტიპის გადასახადი გვაქვს. საერთოდ არ გვაქვს სოციალური გადასახადი. ჩვენ გავაუქმეთ იმპორტის გადასახადი საქონლის თითქმის 85 პროცენტზე, ხოლო დანარჩენზე გვაქვს 5 ან 12-პროცენტიანი განაკვეთი. ჩვენ გვაქვს ძალიან მარტივი საგადასახადო და საბაჟო პროცედურები და ყოველივე ამას ადასტურებს ის საერთაშორისო რეიტინგები, რომლებშიც საქართველოს აქვს წამყვანი პოზიციები".

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიო ბანკის „დუინგ ბიზნესისა“ და ეკონომიკური თავისუფლების ინდექსებზე ისაუბრა, რომლებში წარმატებაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას უკავშირდება და რომლებსაც სამიოდე წლის წინ სიცრუეს უწოდებდა ამჟამინდელი მმართველი პოლიტიკური ძალა. გარდა ამ მიღწევებისა, ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა თავისუფალ ბიზნესგარემოსა და კანონის უზენაესობაზე.

თუმცა „იბიარდის“ ფორუმზე გაკეთებული განცხადებებისგან განსხვავებული შთაბეჭდილება დატოვა ენერგეტიკის მინისტრისა და ვიცე-პრემიერის კახა კალაძის სატელევიზიო ინტერვიუს ერთმა ფრაგმენტმა. ტელეკომპანია „ჯი-დი-ესის“ გადაცემაში ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე საუბრისას კალაძემ ივარაუდა, რომ პროცესი ხელოვნურია და პოლიტიკურიც. ვიცე-პრემიერმა ასეთი განცხადება გააკეთა:

განსაკუთრებით უხერხულია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებზე, ისეთ ინსტიტუტებზე, რომლის აქციონერი, მრავალი წლის პარტნიორი არის თუნდაც EBRD, რომლის ფორუმზეც დღეს ვიმყოფებით და რომელი ფორუმიდანაც ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალური შედეგი მივიღოთ...

„თუნდაც ავიღოთ მაგალითად დიდი ბანკების ტრანსაქციები. არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს და არ ვიცით ბოლო თვეების განმავლობაშ, ბოლო კვირების განმავლობაში თუნდაც „საქართველოს ბანკის“ მიერ, „თი-ბი-სი ბანკის“ მიერ რა ტრანსაქციები იქნა განხორციელებული. ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ამ ყველაფრის ბერკეტი გააჩნია ეროვნული ბანკის პრეზიდენტს. მე შემიძლია გითხრათ, რომ მას ნამდვილად შეუძლია ჩაერიოს პროცესში და დაეხმაროს მთავრობას, ხელისუფლებას“.

კალაძის ეს სიტყვები ზოგიერთმა საბანკო სექტორზე ზეწოლის მცდელობად შეაფასა. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე წერს, რომ „მთავრობა დაუკრეფავში გადავიდა: წამყვანი კომერციული ბანკების (რეალურად მათი კლიენტების) ტრანსაქციების გასაჯაროებას ითხოვს და ამით უნდა ლარის გაუფასურებაში ახალი განტევების ვაცი გამოძებნოსო“. რომან გოცირიძე ასევე აღნიშნავს, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახური პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაშია და არა ეროვნული ბანკისა. ეს უკანასკნელი კი თვალყურს მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში განხორციელებულ ტრანსაქციებს ადევნებს.

კახა კალაძის განცხადებას თავად ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძეც გამოეხმაურა:

„როდესაც ყვითელი პრესა საუბრობს შეთქმულების თეორიებზე, ეს შეიძლება გაიგო, ვინაიდან ყვითელი პრესა ცდილობს მოიზიდოს სპეციფიკური ტიპის მკითხველი, მაგრამ როდესაც შეთქმულების თეორიას უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები ავითარებენ, ეს, როგორც მინიმუმ, უხერხულია. განსაკუთრებით უხერხულია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებზე, ისეთ ინსტიტუტებზე, რომლის აქციონერი, მრავალი წლის პარტნიორი არის თუნდაც EBRD, რომლის ფორუმზეც დღეს ვიმყოფებით და რომელი ფორუმიდანაც ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალური შედეგი მივიღოთ. ეს რამდენად უწყობს ხელს ყველაფერ ამას, განსჯა თქვენთვის მომინდვია".

გიორგი ქადაგიძის საქმიანობას ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე მაღალი შეფასება მისცა „იბიარდის“ ხელმძღვანელობამ. მას ფორუმის მსვლელობისას სპეციალური ჯილდოც კი გადასცეს.

რა შედეგებს გამოიღებს ამგვარი წინააღმდეგობების ფონზე ჩატარებული „იბიარდის“ფორუმი, რომლის მოსამზადებლად საქართველოს მთავრობამ დაახლოებით 17 მილიონი ლარი დახარჯა, ბანკის შემდეგ ყოველწლიურ შეკრებაზე გამოჩნდება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG