Accessibility links

logo-print

ბოლო წლებში სულ უფრო ნაკლებად აკმაყოფილებენ საზღვარგარეთის საგამოძიებო ორგანოები საქართველოს შუამდგომლობას ძებნილ პირთა ექსტრადიციის შესახებ – ასეთი შედეგია ასახული ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ახალ გამოკვლევაში, რომელიც ეყრდნობა მთავარი პროკურატურიდან მიღებულ მასალებს. ამ და სხვა მაჩვენებლების გამო, არასამთავრობო ორგანიზაცია მთავარი პროკურატურის მუშაობას უარყოფითად აფასებს. პოლიტიკური ოპონენტების მსგავსად, საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგის შემცირებას პოლიტიკურ დევნას უკავშირებს ექსპერტთა ერთი ნაწილიც.

დავიწყოთ ექსტრადიციაზე უარის თქმის სტატისტიკით. როგორც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა უთხრა რადიო თავისსუფლებას, კარგზე არაფერზე მეტყველებს ბოლო წლებისა და წლევანდელი სამი თვის მონაცემების საერთო სურათი:

„ექსტრადიციასთან დაკავშირებით უარი საკმაოდ ბევრია ბოლო წლების განმავლობაში. მაგალითად, 2012 წელს რომ იყო 70 პროცენტზე მეტი დაკმაყოფილება ექსტრადიციის მოთხოვნებისა, წელს (პირველი სამი თვის მონაცემებით) 9 პროცენტამდე დაეცა. საუბარია დაკავებულ პირებზე, რომლებიც ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ“.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. მისი განმარტებით, პროცესი ჯერ არ დასრულებულა და საბოლოო შედეგი ჯერ შეჯამებული არ არის:

ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ მართლაც კარგად არ არის დასაბუთებული ექსტრადირების მოთხოვნა და ამის მიზეზია, ალბათ, არასათანადო კვალიფიკაცია... მეორე მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ყოველთვის ხდება ამის აფიშირება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიერ...

„რაც შეეხება მიმდინარე სამუშაოს , 2014–2015 წლების სამუშაოს, ამის შედეგები გამოჩნდება და ციფრებში აისახება არა წელს, არამედ გაისად, იმიტომ რომ დღეს დაწყებული პროცედურები შედეგს მოიტანს მხოლოდ გაისად“.

განსხვავებული მიდგომა აქვს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელ ვახტანგ ხმალაძეს. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ის ორ სავარაუდო მიზეზსაც ასახელებს:

„ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ მართლაც კარგად არ არის დასაბუთებული ექსტრადირების მოთხოვნა და ამის მიზეზია, ალბათ, არასათანადო კვალიფიკაცია... მეორე მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ყოველთვის ხდება ამის აფიშირება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიერ, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა“.

პოლიტიკური დევნის ეჭვებით პროვოცირებულ საფრთხეებზე ლაპარაკობს ექსპერტთა ერთი ნაწილიც. როგორც, მაგალითად, პოლიტოლოგმა კორნელი კაკაჩიამ უთხრა რადიო თავისუფლებას, სავარაუდოდ, სწორედ პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებული ეჭვები წარმოადგენს საქართველოსთან საერთაშორისო თანამშრომლობის გაუარესების საფუძველს:

„საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეძლო დაერწმუნებინა საერთაშორისო თანამეგობრობა იმაში, რომ საქართველოში არ არის პოლიტიკური ოპონენტების დევნა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ცდილობდა რაღაცნაირად აეხსნა, ფაქტია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები და, ზოგადად, საერთაშორისო თანამეგობრობა ბოლომდე არ არის ამაში დარწმუნებული და ეს სტატისტიკაც ამისი ნათელი მაგალითია“.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის თანახმად, მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ საზღვარგარეთის საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის პროცესი ნაკლებად წარმატებულია, მიუხედავად იმისა, რომ საკონსულტაციო თუ მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის მომსახურებაზე პროკურატურამ მნიშვნელოვანი თანხები დახარჯა. მთავარმა პროკურატურამ არასამთავრობო ორგანიზაციას არ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია კონტრაქტებთან დაკავშირებით და განუმარტა მხოლოდ ის, რომ 2013 წელს ამ მიმართულებით ფული საერთოდ არ დახარჯულა, ხოლო 2014 წელს (იანვარი-ნოემბერი) საკონსულტაციო მომსახურების ხარჯი 354 489 ლარს შეადგენდა. ინსტიტუტის ინფორმაციით, პროკურატურამ მას აცნობა, რომ საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველთვიურად ფინანსდება 35 000 დოლარით.

ამავე ანგარიშში ლაპარაკია წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შუამდგომლობათა დაკმაყოფილების სტატისტიკაზეც. როგორც საქართველოს მთავარი პროკურატურიდან მიღებული დოკუმენტაციით ირკვევა, 2010-2015 წლებში საქართველოს პროკურატურამ ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადების თხოვნით მიმართა სულ 131 შემთხვევაში, რომელთაგანაც 121 დაკმაყოფილდა. თუკი ცხრილში მოყვანილ მაჩვენებლებს შევადარებთ ერთმანეთს, ყველაზე უარესად იყო საქმე 2011 წელს, როდესაც 28 შუამდგომლობიდან ინტერპოლმა 20 დააკმაყოფილა.

ქართულ საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, რომელმა ქვეყანამ გააკეთა ეს.

2014წელს 15 მოთხოვნიდან 2 არ დაკმაყოფილდა. პროკურატურის განმარტებით,ერთი შუამდგომლობა განხილვის პროცესშია. 2010, 2012, 2013 და 2015 წლებში დაკმაყოფილებულია საქართველოს პროკურატურის ყველა ასეთი შუამდგომლობა.

თუმცა სხვა საკითხია დაკმაყოფილებულ შუამდგომლობათა შემდგომი ბედი. გავიხსენოთ, რომ რამდენიმე დღის წინ ინტერპოლმა ქართულ მხარესთან შეუთანხმებლად გააუქმა წითელი ცირკულარი ყოფილი მთავარი პროკურორის ზურაბ ადეიშვილის მიმართ და, შესაბამისად, შეწყდა საერთაშორისო ძებნაც. „ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ ზ. ადეიშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის გაუქმების ძირითად საფუძვლად მიუთითა ქართული მხარისათვის უცნობი ერთ-ერთი სახელმწიფოს მიერ ზ. ადეიშვილისთვის მინიჭებული ლტოლვილის სტატუსი“, – იტყობინება 14 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში მთავარი პროკურატურა. როგორც კორნელი კაკაჩიამ უთხრა რადიო თავისუფლებას, ზურაბ ადეიშვილის საკითხიც სწორედ პოლიტიკურ ეჭვებთან დაკავშირებული საერთაშორისო აღქმების ჭრილში უნდა განვიხილოთ:

„ქართულ საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, რომელმა ქვეყანამ გააკეთა ეს“, – უთხრა 16 აპრილს ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. მინისტრს თავადაც აინტერესებს, თუ რომელმა ქვეყანამ გადადგა საქართველოს მიმართ არამეგობრული ნაბიჯი – თავშესაფარი მიანიჭა და დაიცვა ადამიანი, „რომელსაც, სავარაუდოდ, ძალიან ბევრი ცუდი აქვს საქართველოში გაკეთებული“.

ექსპერტების ვარაუდით, ლტოლვილის სტატუსის მიმნიჭებელი ქვეყანა შესაძლოა იყოს უნგრეთი, სადაც ზურაბ ადეიშვილი საქართველოდან წასვლის შემდეგ ცხოვრობდა, თუმცა ვარაუდები უკავშირდება უკრაინასაც, სადაც ის, სხვადასხვა წყაროს ცნობით, დამოუკიდებელი მრჩევლის სტატუსით მუშაობს.

დღის ბოლოს განცხადება გამოაქვეყნა მთავარმა პროკურატურამ, რომელშიც უწყება ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს გამოკვლევის მეთოდოლოგიას უწუნებს. კერძოდ, მთავარი პროკურატურა აღნიშნავს, რომ ინსტიტუტს „დასკვნის გაკეთების დროს მხედველობაში არ მიუღია ექსტრადიციის მიმდინარე საქმეები და არ უხელმძღვანელია ექსტრადიციების დაკმაყოფილებაზე უარის სტატისტიკური მაჩვენებლით, რაც უფრო რელევანტურად ასახავდა თანამშრომლობის წარმატებულობას თუ წარუმატებლობას. გარდა აღნიშნულისა, მითითებული ორგანიზაცია დასკვნის გაკეთების დროს ასევე არ დაინტერესებულა იმ ფაქტით, თუ რა იყო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ექსტრადიციაზე უარის მიზეზი“.

ამასთან, პროკურატურა განმარტავს, თუ რა იყო ექსტრადიციაზე უარის თქმის მიზეზი ძირითად შემთხვევებში. საუბარია გარემოებაზე, როდესაც: ძებნილი პირი წარმოადგენს თხოვნის მიმღები სახელმწიფოს მოქალაქეს და თხოვნის მიმღები ქვეყნის სისხლის სამართლის კანონმდებლობით არ ისჯება ქმედება, რომლის გამოც მოთხოვნილია პირის ექსტრადიცია; თხოვნის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობა კონკრეტულ დანაშაულთან მიმართებით არ ითვალისწინებს მინიმალურ ზღვარს, კერძოდ, სულ მცირე, 1 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას; თხოვნის მიმღები ქვეყნის შიდა კანონმდებლობით გასული იყო სისხლისსამართლებრივი დევნის ან განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადები. პროკურატურა განმარტავს, რომ იმავე გარემოებების გამო საქართველოსაც უწევს ხოლმე ექსტრადიციაზე უარის თქმა ამა თუ იმ ქვეყნისთვის.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG