Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარემოს დამცველები დიდი ლილოს ნაგავსაყრელის გადატანას ითხოვენ


გარემოს დამცველმა ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობამ“ დიდი ლილოს საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის ექსპლუატაციის შედეგად აღმოცენებული პრობლემების შესწავლის ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც ირკვევა, „ნაგავსაყრელზე“ არსებული პრობლემების ნაწილის აღმოფხვრის მიუხედავად, იქ კვლავაც რჩება ხარვეზები, რის გამოც მოსახლეობა და გარემოს დამცველები პოლიგონის გადატანას მოითხოვენ. გამოკვლევაში, რომელიც „საქართველოს მწვანეთა მოძრაობამ“ ჩაატარა, პოლიგონის მიმდებარე ოთხი სოფლის 200-მა მკვიდრმა მიიღო მონაწილეობა. გამოკითხული მოსახლეობის 69 % პოლიგონის გადატანას მოითხოვს. დიდი ლილოს მოსახლეობა პერიოდულად ამ მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავს.

„ვერ გაძლებ! გამორიცხულია, რომ აქ იცხოვროს ნორმალურმა ადამიანმა! თუ გინდათ, წამობრძანდით ჩემს ოჯახში, სუფრას გაგიშლით, მაგრამ თუ თქვენ იქ ლუკმის გატეხას შეძლებთ, რაც გინდათ, ის მითხარით! აქ ცხოვრება შეუძლებელია. უნდა დაიხუროს და გადავიდეს სხვაგან“, - ეს კომენტარი რადიო თავისუფლებას დიდი ლილოს მკვიდრმა კობა არსოშვილმა ზაფხულში მისცა. მას შემდეგ დიდი ლილოს ნაგავსაყრელზე არსებული მდგომარეობა დიდად არ შეცვლილა. ამას ადასტურებს გამოკვლევა, რომელიც გარემოსდაცვითმა ორგანიზაციამ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრებმა“ ჩაატარა. სოფო ქარჩხაძე, კვლევის ერთ-ერთი ავტორი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ლილოს ნაგავსაყრელის მიმდებარე დასახლების, კერძოდ, ოთხი სოფლის მდგომარეობას აღწერს:
„ჩვენ არ დავუჯერეთ შორიდან მოსულ ინფორმაციას, რომ იქ არის სუნი, ცუდი მდგომარეობა, ინფექციურმა დაავადებებმა იმატა, და ჩვენი სამუშაო ჯგუფი, პირადად ჩვენ, ჩავედით იქ და საკუთარ თავზე ვიწვნიეთ ის სუნი, რაც ნამდვლად არის იმ ტერიტორიაზე“.

მიუხედავად იმისა, რომ დიდი ლილოს ნაგავსაყრელზე გამოვლენილი დარღვევების გამო პოლიგონის მმართველი კომპანია „თბილსერვის ჯგუფი“ 5 ათასი ლარით დაჯარიმდა და მას სამთვიანი ვადა მიეცა ექსპლუატაციის დროს აღმოჩენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად, როგორც ირკვევა, პრობლემების მნიშვნელოვანი ნაწილი ისევ გამოსასწორებელია. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ხათუნა გოგალაძე გვეუბნება, რომ დიდი ლილოს პოლიგონზე ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად, კვლავაც დაფიქსირდა მთელი რიგი ხარვეზები, რის გამოც ექსპერტიზის შედეგები უახლოეს მომავალში გადაიგზავნება სასამართლოში, რომელიც, საბოლოო ანგარიშით, გადაწყვეტს, დააკისროს თუ არა კომპანიას ამჯერად უკვე 15 ათასლარიანი ჯარიმა:

„ბოლო შემოწმების შედეგად, იკვეთება გარკვეული პროგრესი, როგორიც არის, მაგალითად, ფრინველების რადარების დაყენება. ნაგავსაყრელი აეროპორტთან ახლოს მდებარეობს, ამიტომ აუცილებელი იყო იმ რადარების დამონტაჟება, რომელიც ფრინველს დააფრთხობდა, რათა აეროპორტისთვის ამ მიმართულებით უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო. თუმცა ტექნოლოგიურ ციკლში კვლავაც იკვეთება ხარვეზები. ანუ უნდა ხდებოდეს ნარჩენის დანამვა გარკვეული პერიოდულობით და შემდეგ ამ წყლის სადრენაჟო სისტემებში მოქცევა და შიდა ბრუნვა“, - ამბობს ხათუნა გოგალაძე.

ნინო ჩხობაძე, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ თანათავმჯდომარე, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ადრე თუ გვიან ნარჩენების პოლიგონმა ადგილმდებარეობა უნდა შეიცვალოს. თუმცა, სანამ პოლიგონის გადატანის გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მისი თქმით, აუცილებელია, რომ ამ ტერიტორიაზე დამონტაჟდეს ჰაერდამჭერი ნაგებობები, რომელიც მოსახლეობას საყოფაცხოვრებო ნარჩენებიდან წარმოქმნილი უსიამოვნო სუნისგან დაიცავს. მაგრამ, როგორც ნინო ჩხობაძე გვეუბნება, ეს არ არის პრობლემის მოგვარების საბოლოო გზა:

„პრობლემის გადაწყვეტა არის გადატანა. ეს გადაწყვეტილება საკრებულომ უნდა მიიღოს. თბილისმა უნდა გამონახოს საშუალება, რომ პოლიგონის გადატანა დაიწყოს, რადგან აქ მარტო მოსახლეობის პრობლემა არ არის. აქ არის აეროპორტის პრობლემაც, რომელიც პოლიგონიდან, პირდაპირ ხაზზე, 7 კილომეტრში მდებარეობს, რაც იკაოს ნორმებში არ ჯდება“.

დიდი ლილოს საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონი, რომელიც, მთლიანობაში, 80 ჰექტარს მოიცავს, 2010 წლის მიწურულს აშენდა. როგორც თორნიკე შიოლაშვილი, თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის უფროსი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, საყოფაცხოვრებო ნარჩენი მხოლოდ 6 ჰექტარ ფართობზე იყრება. მისივე თქით, პოლიგონის მშენებლობა ევროსტანდარტების შესაბამისად განხორციელდა. თუმცა ამ ეტაპზე, გარემოს დაცვის სამინისტროს ექსპერტების მიერ მიღებული რეკომენდაციების შესაბამისად, პოლიგონზე მიმდინარეობს დამატებითი დაცვითი ღონისძიებები:

„მიმდინარეობს პოლიგონიდან ნაჟური წყლის გამწმენდი ნაგებობის მონტაჟი. პოლიგონზე რამდენიმე წლის შემდეგ ხდება ნაჟური წყლების წარმოქმნა და ეს წყლები იმატებს. უკვე დადგა აუცილებლობა, რომ ეს წყლები გაიწმინდოს, რათა გარემოს არ მიადგეს ზიანი. ეს ნაგებობა გაზაფხულისთვის მზად იქნება. ჩვენ ყოველთვიურად ვახორციელებთ ლაბორატორიულ კვლევებს. ვამოწმებთ წყალს, ჰაერს და ვაკონტროლებთ სიტუაციას“.

რაც შეეხება ჰაერდამჭერ ნაგებობებს, თორნიკე შიოლაშვილის თქმით, მსგავსი ნაგებობები პროექტით გათვალისწინებული არ ყოფილა, თუმცა, როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, თუკი იქნება სპეციალისტების დასკვნა ამგვარი ნაგებობის აუცილებლობის თაობაზე, პოლიგონზე გამოყენებული იქნება კიდევ უფრო მეტი დაცვის მექანიზმები.

მოსახლეობისა და გარემოს დამცველების ნაწილის მოთხოვნას, გადატანილ იქნეს პოლიგონი, გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე ეხმაურება. როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტავს, პოლიგონის გადატანა საკმაოდ რთული პროცესია, ამიტომ ფიქრობს, თუკი დიდი ლილოს პოლიგონზე სრულყოფილად იქნება დაცული ტექნოლოგიური ციკლის სტანდარტები, ნაგავსაყრელის გადატანის მოთხოვნა დღის წესრიგიდან თავისთავად მოიხსნება.
XS
SM
MD
LG