Accessibility links

logo-print

საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპმა შენელება იწყო


“ფაინეშელ ტაიმსის” ფორუმი - ”ინვესტ ინ ჯორჯია” ჰონგ-კონგში, 9 ივნისი 2012 წ.

“ფაინეშელ ტაიმსის” ფორუმი - ”ინვესტ ინ ჯორჯია” ჰონგ-კონგში, 9 ივნისი 2012 წ.

საპარლამენტო არჩევნებმა და ხელისუფლების ცვლის პროცესმა, რასაც თან ახლავს პოლიტიკური დაძაბულობა, გავლენა იქონია ეკონომიკის განვითარებაზე. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემების მიხედვით, ოქტომბრის თვეში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ ოთხ-ნახევარ პროცენტზე ოდნავ მეტი შეადგინა, მაშინ როდესაც არჩევნებამდე ეკონომიკური ზრდა თითქმის ორჯერ მეტი იყო.

საქართველოს ახალი მთავრობის სამართალდამცავი სტრუქტურები ჯერჯერობით იმ ბიზნესორგანიზაციების ნაწილით დაინტერესდნენ, რომლებიც მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში მონაწილეობდნენ. ერთ-ერთი ასეთი კომპანიის - "ენ-სი-სის" - ხელმძღვანელი გიგი ქელბაქიანი და კომპანიის ფინანსური დირექტორი არჩილ ჩოგოვაძე ერთი კვირის წინ დააკავეს, "უკანონო ლეგალიზაციის" ბრალდებით. სასამართლომ ქელბაქიანს აღმკვეთი ღონისძიების სახით 150 ათასი ლარის გირაო შეუფარდა, ხოლო ჩოგოვაძეს 2 თვიანი პატიმრობა. გამოძიება გრძელდება და ორი თვის შემდეგ დანიშნულ სასამართლო პროცესზე გაირკვევა, ჩაიდინა თუ არა დანაშაული «ენ-სი-სის» ხელმძღვანელობამ. ამ და სხვა საქმეების კომენტირებისას საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ მთავრობა შეუვალი იქნება:

"25 ოქტომბრიდან საქართველოში დასრულდა ხანა არშემოწმებების. არ არსებობს ფირმა, კომპანია, ვისიც არ უნდა იყოს, ვინც არ უნდა ლობირებდეს, რომ იქ არ შევიდეს საგადასახადო სამსახური".
ჩემს შეხვედრებზე ჩვენი ორგანიზაციის წევრებთან, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ორგანიზაციებს წარმოადგენენ საბანკო თუ იურიდიული სფეროდან, ირკვევა, რომ ერთი თვის მანძილზე მათი აქტივობა საკმაოდ შემცირებულია ...

ამ პროცესებამდე ერთი თვით ადრე ბიძინა ივანიშვილი, მაშინ ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ბიზნესმენებს შეხვდა და მეწარმეების მისამართით რამდენიმე კრიტიკული განცხადებაც გააკეთა:

"ვისაც შეგიძლიათ, ახლავე იზრუნეთ, ახლავე იზრუნეთ, სანამ მოგაკითხავენ, რომ ის მოგონილი ფასები... კეთილი ინებეთ და მოიყვანეთ ჭკუაზე და მოიყვანეთ ნორმაში, რომ მომავალში არ დაგვჭირდეს ამაზე, ვთქვათ, მითითებები და ზედმეტად ვინმეს უხერხულ სიტუაციაში ჩადგომა არ მოუწიოს".

მომდევნო ერთი თვის მანძილზე რამდენიმე მსხვილი საწარმოს თანამშრომლები ხელფასებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაიფიცნენ. რეგიონებში ადგილობრივი თვითმმართველობების ირგვლივ დაძაბული ვითარებაა, ხოლო მთავრობის ხელმძღვანელი ხან პოლიტიკიდან წასვლაზე, ხანაც დარჩენაზე საუბრობს. ეს ყველაფერი შეშფოთების საფუძველს აძლევს საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელს ფადი ასლს, რომელიც არჩევნების წინ ღიად მხარს უჭერდა კოალიცია «ქართულ ოცნებას»:

ფადი ასლი

ფადი ასლი

„ჩემს შეხვედრებზე ჩვენი ორგანიზაციის წევრებთან, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ორგანიზაციებს წარმოადგენენ საბანკო თუ იურიდიული სფეროდან, ირკვევა, რომ ერთი თვის მანძილზე მათი აქტივობა საკმაოდ შემცირებულია. ბიზნესმენები და ინვესტორები შეშინებული არიან, რადგან ისინი ვერ ხედავენ მომავალს. მათ არ იციან, გაუშვებს თუ არა პრეზიდენტი პარლამენტს აპრილში. ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო, როდესაც პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა, რომ 2014 წლის გაზაფხულზე პოსტს დატოვებს. ეს, რა თქმა უნდა, არ არის მიმზიდველი ინვესტორებისთვის“.

ფადი ასლის განცხადებით, ბოლო ერთი თვის მანძილზე შემცირებულია ბანკების მიერ გაცემული კრედიტების რაოდენობაც, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ეკონომიკური აქტივობა შემცირებულია. ინვესტირების შეფერხება და დაკრედიტების შემცირება ასახვას პოვებს სტატისტიკაზე. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უფროსის ზაზა ჭელიძის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, ოქტომბრის თვეში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა თითქმის 2-ჯერ ნაკლები იყო, ვიდრე მანამდე:

”ოქტომბერში არის შემცირებული, რაც გამოწვეულია დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვის შემცირებით. ჯამში, დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვა გაიზარდა 5 პროცენტით, რამაც გამოიწვია ის, რომ ჩვენ ოქტომბერში, წინასწარი შეფასებით, ზრდა მივიღეთ 4.6 პროცენტი.”
იანვარსა და თებერვალში დიდი მოთხოვნა იქნება დოლარზე, რაც გამოიწვევს ლარის დევალვაციას და საქართველოს მოქალაქეთა მსყიდველობითუნარიანობა დაეცემა ...

ზაზა ჭელიძის უწყებას ჯერ არ გამოუქვეყნებია მესამე კვარტალის მონაცემები, რომლებიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობას ასახავს, მაგრამ წინა ორი კვარტალის რიცხვები მეტყველებენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ინვესტირების მოცულობამ კლება იწყო. ეკონომიკის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ არჩევნების დროს ინვესტორები მოლოდინის რეჟიმში გადადიან და ეს მოლოდინის რეჟიმი არ შეიცვლება, თუ პოლიტიკური დაძაბულობა გაგრძელდა. ინვესტორების შეშფოთების შესახებ თავად ბიზნესის წარმომადგენლებიც ლაპარაკობენ.

რადიო ”კომერსანტისთვის” მიცემულ ინტერვიუში ლილოს სამკერვალო ფაბრიკის მფლობელმა ლაურა ღაჭავამ განაცხადა, რომ მისი საწარმოს იტალიელმა ინვესტორებმა რამდენჯერმე იკითხეს, ”რა სიტუაციაა და რამე პრობლემა ხომ არ შეგვექმნებაო”. ლაურა ღაჭავა აღნიშნავს, რომ ყველაფერი მშვიდად და ხმაურის გარეშე უნდა წარიმართოს, რადგან ინვესტორებისთვის საჭიროა სტაბილურობის განცდა. იმის შესახებ, თუ რა საჭიროა პირდაპირი უცხოური ინვესტირების გაგრძელება, საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი ფადი ასლი ამბობს:

”თუ არ გაგრძელდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, იანვარსა და თებერვალში დიდი მოთხოვნა იქნება დოლარზე, რაც გამოიწვევს ლარის დევალვაციას და საქართველოს მოქალაქეთა მსყიდველობითუნარიანობა დაეცემა. დღევანდელი არასტაბილური სიტუაცია თუ შენარჩუნდა, ბუნებრივია, დაიკლებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები”.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკის მამოძრავებელი მთავარი რესურსია. სწორედ მისი მეშვეობით ხერხდება არსებული სამუშაო ადგილების შენარჩუნება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. ასევე, ინვესტიციებია ერთ-ერთი კომპონენტი უარყოფითი სავაჭრო სალდოს დასაბალანსებლად.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG