Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ სრულდება სოფლის მხარდაჭერის პროექტები


დანგრეული ინფრასტრუქტურა იმერეთის ერთ-ერთ სოფელში.
დანგრეული ინფრასტრუქტურა იმერეთის ერთ-ერთ სოფელში.
საქართველოს მთავრობის დეკლარირებული პოლიტიკის შესაბამისად, სოფლისა და, ზოგადად, რეგიონების მხარდაჭერის მიზნით, 2013 წელს თითქმის ნახევარი მილიარდი ლარი უნდა დახარჯულიყო. მიუხედავად ამისა, ბიუჯეტიდან თითქმის 100 მილიონით ნაკლები თანხა გამოიყო. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში, ბოლომდე ათვისებულია მხოლოდ თანხის 47 პროცენტი.

2013 წლის განმავლობაში საქართველოს რეგიონებში პროექტები ორი ძირითადი ფონდის ფარგლებში განხორციელდა. პირველი სოფლის მხარდაჭერის პროგრამაა, რომელიც 50 მილიონი ლარით დაფინანსდა. იგი წინა წლებშიც ხორციელდებოდა და განსაკუთრებული ეფექტიანობით არ გამოირჩეოდა. სოფლებისთვის მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გამოყოფილი თანხის განაწილება სოფლის კრების პრეროგატივას წამოადგენს და სახსრები ძირითადად გზების მოხრეშვას ან სარიტუალო სახლებისა და სხვა დაბალი ეკონომიკური შედეგის მქონე პროექტებს ხმარდება. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის წარმომადგენელი თამარ ხორბალაძე აცხადებს, რომ სოფლების უმრავლესობისთვის მთავარ პრიორიტეტებს გზები და წყლის სისტემები წარმოადგენს:

”ერთი რამ გამოიკვეთა, რომ სოფლის მხარდაჭერის პროექტების ფარგლებში ამ ტიპის სამუშაოების დაფინანსება ეფექტური არ არის, რადგან ხდება გზების მოხრეშვა, წყლის პროექტებს თანხა არ ჰყოფნის ბოლომდე და გვაქვს სიტუაციები, როდესაც საქმე ბოლომდე არ არის მიყვანილი, ან კიდევ არამდგრადი პროექტია და შედეგს, ფაქტობრივად, არ იძლევა”.

ძალიან გაიწელა როგორც წინასაპროექტო სამუშაოების, ისე, ზოგადად, ტენდერების პროცესი. ფაქტობრივად, აგვისტომდე ტენდერები ვერ ჩატარდა. ძირითადი ტენდერები აგვისტო-სექტემბერში ჩატარდა, სამუშაოების ნაწილი განხორციელდა ოქტომბერ-დეკემბერში...
თამარ ხორბალაძე
ორგანიზაციამ, რომელსაც თამარ ხორბალაძე წარმოადგენს, სოფლის მხარდაჭერისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მონიტორინგი ჩაატარა. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში ძირითადი ყურადღება ეთმობა 450 მილიონიანი ფონდის საქმიანობას, რომლის სრულფასოვანი დაფინანსებაც პრობლემატური აღმოჩნდა და კიდევ უფრო რთული - გამოყოფილი თანხების ათვისება. რეგიონალური პროექტების შესარჩევად რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სპეციალური ფორმა შეიმუშავა. ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს სწორედ ამ წესის მიხედვით უწევდათ პროექტების მომზადება. მიუხედავად ამისა, პროექტების დიდი ნაწილი არ შეესაბამებოდა მოთხოვნებს, პრობლემები გაჩნდა პროგრამის განხორციელების სხვა ეტაპებზეც.

”ძალიან გაიწელა როგორც წინასაპროექტო სამუშაოების, ისე, ზოგადად, ტენდერების პროცესი. ფაქტობრივად, აგვისტომდე ტენდერები ვერ ჩატარდა. ძირითადი ტენდერები აგვისტო-სექტემბერში ჩატარდა, სამუშაოების ნაწილი განხორციელდა ოქტომბერ-დეკემბერში. თუ გავითვალისწინებთ, რომ ლაპარაკია ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, შესაბამისად, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ხარისხთან დაკავშირებით შეიძლება რაღაც საფრთხეები ყოფილიყო, რადგან გზას, ცემენტის დასხმას, ასეთი ტიპის სამუშაოებს ეხება საქმე. ყინვაში რამდენად ხარისხიანად შეიძლება გაკეთებულიყო, ეს ერთი საქმეა”, ამბობს თამარ ხორბალაძე.

თამარ ხორბალაძე
თამარ ხორბალაძე
წარსულში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ბევრი, ეჭვისა თუ მოსაზრებების დონეზე, სხვადასხვა პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებდა. შარშანაც რეგიონალური პროექტების დაფინანსების კულმინაცია წინასაარჩევნო პერიოდს დაემთხვა.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის წარმომადგენლის თამარ ხორბალაძის განცხადებით, 2013 წელს გამოცხადებულ ტენდერებში, წინა წლებთან შედარებით, გაცილებით მეტი და ახალი კომპანია მონაწილეობდა, მაგრამ მისი ორგანიზაცია მაინც დააკვირდება პროცესს, რათა კონკურენცია პოლიტიკური ნიშნით არ შეიზღუდოს:

”იყო შემთხვევები, როცა გაიმარჯვეს ფირმებმა, რომლებსაც არ ჰქონდათ გამოცდილება და ჰქონდათ დაბალი ფასი. ესეც გასაგებია, ვთქვათ, იქიდან გამომდინარე, რომ გამოცდილება ჩამოყალიბებული ჰქონდათ ისეთ კომპანიებს, რომლებიც მეტ-ნაკლებად ასოცირებულნი იყვნენ წინა ხელისუფლებასთან. მაგრამ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ძველი ფირმების ჩანაცვლება არ მოხდეს და რეალურად ეს მრავალფეროვნება და თანაბარი კონკურენცია გაგრძელდეს წელსაც“.

გვინდა დავთვალოთ რა წვლილი შეიტანეს ამ პროექტებმა ეკონომიკის განვითარების იმ მაჩვენებელში, რომელიც წლის ბოლოს დაფიქსირდა, - 3,5 პროცენტი, - ან როგორ აისახა ეს დანახარჯები ეკონომიკურ აქტივობაზე, როგორ აისახა დასაქმებაზე...
თამარ ხორბალაძე
გასული წლის მეორე ნახევარში განხორციელებული ფინანსური აქტივობები, რომლებიც რეგიონალურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს უკავშირდება, ასახვა პოვა ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე. 2013 წლის მიწურულს მთავრობა თავს იწონებდა, რომ ბოლო თვეებში ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს მიაღწია, მაგრამ ამ ეფექტთან ერთად დაიწყო ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესი. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის წარმომადგენელი თამარ ხორბალაძე აცხადებს, რომ ახლო მომავალში ინფრასტრუქტურული პროექტების ეკონომიკური ეფექტის უფრო დეტალურ გაზომვას შეძლებენ:

”ჩვენ გეგმა გვაქვს, გვინდა დავთვალოთ რა წვლილი შეიტანეს ამ პროექტებმა ეკონომიკის განვითარების იმ მაჩვენებელში, რომელიც წლის ბოლოს დაფიქსირდა, - 3,5 პროცენტი, - ან როგორ აისახა ეს დანახარჯები ეკონომიკურ აქტივობაზე, როგორ აისახა დასაქმებაზე, როგორ აისახა მოსახლეობის შემოსავლებზე და ეკონომიკის დონეზე”.

მიმდინარე წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 180 მილიონი ლარი დაიხარჯება, ხოლო სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მოცულობა უცვლელია და მას კვლავინდებურად 50 მილიონი ლარი მოხმარდება.
XS
SM
MD
LG