Accessibility links

ბელორუსი ლტოლვილის ბედი ეკვადორში


ეკვადორში ბელორუსიის სამთავრობო დელეგაციის სტუმრობა

ეკვადორში ბელორუსიის სამთავრობო დელეგაციის სტუმრობა

ვიკილიკსის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი ყველაზე პოპულარული ადამიანია, ვინც ეკვადორისგან თავშესაფარი მიიღო. მაგრამ არამხოლოდ მისნაირებს ანიჭებს სამხრეთ ამერიკის ეს ქვეყანა ასეთ სტატუსს. 2009 წელს იქ პოლიტიკური თავშესაფარი მოიპოვა ბელორუსიის მოქალაქემ, ალექსანდრ ბარანკოვმა,

რომელსაც, ალბათ, ეგონა, თავი ქუდში მაქვსო, მაგრამ მოტყუვდა. თითქოს ორი ფაქტი ერმანეთს დაემთხვაო, ეკვადორში ბელორუსიის სამთავრობო დელეგაციის სტუმრობის შემდეგ ის დააკავეს და მის საქმეს განმეორებით განიხილავენ. ბარანკოვი შეიძლება უკან, სამშობლოში დააბრუნონ. ეკვადორმა, ფაქტობრივად, უგულებელყო აშშ-ის, ბრიტანეთის, ისევე როგორც შვედეთის ზეწოლა, როცა ასანჟი შეიფარა, ბარანკოვის შემთხვევაში კი ვითარება სხვაგვარია. ამ ქვეყანას მემარცხენე მთავრობა მართავს, მას კარგი ურთიერთობა აქვს ბელორუსიის ხელისუფლებასთან და, შესაბამისად, კიტოში შეიძლება ჩათვალონ, რომ ბელორუს დისიდენტს სულაც არ ეკუთვნის თავშესაფარი ეკვადორში. საქმეს ის ართულებს, რომ ზუსტად არ არის დადგენილი, თუ რა ხასიათის იყო 30 წლის ბარანკოვის მოღვაწეობა სამშობლოში. 9 აგვისტოს, ეკვადორში სასამართლოს შემდეგ, მან ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ თუ უკან დააბრუნებენ, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. „თუ ექსტრადიციას გამიკეთებენ, ბელორუსიაში წამება და სასიკვდილო განაჩენი მელის. ამას ვერ გადავურჩები“, ამბობს ბარანკოვი, ლტოლვილი ბელორუსიიდან - ევროპის ერთადერთი ქვეყნიდან, სადაც სიკვდილით დასჯა კვლავ ძალაშია. ბარანკოვი ეკვადორში, სადაც მისი ქვეყნის მოქალაქეებს ვიზა არ სჭირდებათ, 2009 წელს ჩავიდა. მის მიმართ ბელორუსიაში საქმე იყო აღძრული ქრთამის აღებისა და თაღლითობის მუხლით, მისი გვარი ინტერპოლის სიაში შეიტანეს. რა საქმიანობას ეწეოდა ბარანკოვი სამშობლოში, ბურუსითაა მოცული. ზოგი წყარო ამბობს, რომ ის პოლიციაში მუშაობდა. მისი ეკვადორელი მეგობარი ქალი, მაბელ ანდრადე, ჩვენს რადიოს ეუბნება, არმიაში მსახურობდა, მაგრამ კავშირში იყო უწყებასთან, რომელიც ინფორმირებული იყო მთავრობაში კორუფციის შესახებო. ბელორუსიაში სამართალდამცავებს ის უბრალო დამნაშვედ მიაჩნიათ, რომელიც ფულის გამოძალვაში იყო ბრალდებული. მინსკში დაფუძნებული ადამიანის უფლებების დამცველი ჯგუფის - „პლატფორმის“ - წარმომადგენლის, ალენა კრასოუსკაიას თქმით, თავის დროზე, როცა ამ ორგანიზაციას მიმართა მხარდაჭერისთვის, ბარანკოვს არ გაუმხელია, თუ რა ინფორმაციას ფლობდა. თუმცა კრასოუსკაია ვარაუდობს, რომ მთავრობის ასეთი ძლიერი სურვილი, დაიბრუნოს ბარანკოვი, შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ ამ მოქალაქეს გარკვეული ინფორმაცია აქვს. ბარანკოვის ადვოკატი, ფერნანდო ლარა, ამბობს, რომ მისი კლიენტის დაკავება პირადაპირ უკავშირდება ეკვადორში ბელორუსიის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს. მისი თქმით, ვიზიტის პარალელურად ეკვადორში მინსკის მიერ გაიგზავნა საგანგებო ჯგუფი, რომლის მიზანი ბარანკოვის ექსტრადიციის მიღწევა იყო:

„9 აგვისტოს, როცა ბარანკოვის საქმე განიხილებოდა, პროცესს ესწრებოდნენ ბელორუსიის მთავრობის წარმომადგენლები, რომლებიც ეკვადორში ჩამოვიდნენ პრეზიდენტ ლუკაშენკოს ვიზიტის წინ. მათ მოსმენებზე განაცხადეს, რომ ჰქონდათ შეხვედრები საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე პრეზიდენტის ოფისში, და გამოთქვეს პროტესტი იმის გამო, რომ ბარანკოვს პოლიტიკური ლტოლვილის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული.“

ბარანკოვის მეგობარმა, ანდრადემ, რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ მან მიმართა ადამიანის უფლებების ინტერამერიკულ კომისიას და შეატყობინა, რომ ბარანკოვი ბელორუსიაში შეიძლება აწამონ და სიკვდილითაც კი დასაჯონ. ჩვენს რადიოს კომისიამ დაუდასტურა, რომ ბარანკოვზე ასეთი დოკუმენტი მათთან შესულია და რომ ორგანიზაცია ეკვადორს ურჩევს არ გადასცეს ბელორუსიას ბარანკოვი. ანდრადეს თქმით, ყველა საერთაშორისო და ადგილობრივი კანონი მისი მეგობრის სასარგებლოდ მეტყველებს. 9 აგვისტოს სასამართლოს განცხადებას, რომ ის სამი დღის განმავლობაში მიიღებს გადაწყვეტილებას, ჯერ განხორციელება არ მოჰყოლია.
XS
SM
MD
LG