Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოკოითი საკუთარ მთავრობაში მოღალატეებს ეძებს


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ მოულოდნელად ახალგაზრდული მთავრობის მთელი შემადგენლლობა დაიბარა და თათბირი შენიშვნებით დაიწყო. მან ახალგაზრდული მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენელი ოპოზიციასთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა, თუმცა საჯაროდ მათი გვარები არ დაუსახელებია. კოკოითის თქმით, ეს ახალგაზრდები საკუთარ თანატოლებს ოპოზიციის მხარდასაჭერად აგიტაციას უწევენ. მისი აზრით, ახალგაზრდულ მთავრობაში ჩანერგილი წევრები არიან, ახალგაზრდულ მოძრაობას რომ შუაზე ხლეჩენ. კოკოითის გამოსვლა დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო ტელევიზიამ გადასცა.

განრისხებულ კოკოითის დარბაზში მყოფმა ერთმა ახალგაზრდამ ოპოზიციის მხარდამჭერი ახალგაზრდების ვინაობის დასახელება მოსთხოვა. ამის შემდეგ თათბირი მედიისთვის დაიხურა, იქიდან გამოსულ ახალგაზრდული მთავრობის წევრებს კი ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. კოკოითის განცხადებას ოპერატიულად გამოეხმაურნენ ჯამბულათ თედეევის შტაბში და ახალგაზრდული მთავრობის წევრებთან კავშირი კატეგორიულად უარყვეს.

რაც შეეხება ჯამბულათ თედეევს, მიუხედავად იმისა, რომ გუშინ დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი დაკავებული მომხრეების ნაწილი გაათავისუფლა, ოპოზიცია მაინც უკმაყოფილოა. თედეევი თვითონ გამოცხადდა პროკურატურაში და ძალოვანი უწყებების წამომადგენლებთან მოლაპარაკება გამართა. გავრცელებული ინფორმაციით, თედეევის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მაგრამ მისი დაკავება არავის უცდია. თედეევმა იქით მოსთხოვა კოკოითის ძალოვანებს ყველა თავისი მხარდამჭერის გათავისუფლება. მოგვიანებით ეს ნაბიჯი მან დე ფაქტო რესპუბლიკაში სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით ახსნა.

დე ფაქტო რესპუბლიკაში კი უკვე რეგისტრირებულმა კანდიდატებმა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყეს, რამაც რეგისტრაციის მომლოდინე კანდიდატების უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი მიიჩნევენ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენა. აღშფოთება იმდენად დიდია, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბელა პლიევა იძულებული გახდა ადგილობრივი ტელევიზიით გამოსულიყო და ახსნა-განმარტება მიეცა. მისი თქმით, კანდიდატების სიმრავლის გამო კომისია რეგისტრაციის პროცესს 19 ოქტომბერს დაასრულებს.

ვითარება დე ფაქტო რესპუბლიკაში დაძაბული რჩება. ჯერჯერობით უცნობია კომისია ყველა მსურველს დაარეგისტრირებს თუ არა. კოკოითი საკუთარ მთავრობაში მოღალატეებს ეძებს, თედევი კი, მისი თქმით, 150–მდე დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მიტინგების განახლებით იმუქრება.
XS
SM
MD
LG