Accessibility links

ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს უკანასკნელად ჩატარდება, - განაცხადა 7 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა. მოსწავლეებთან და პედაგოგებთან შეხვედრაზე მან აღნიშნა, რომ მომავალი წლიდან აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებლებში სკოლის გამოცდების შედეგებით ჩააბარებენ, ანუ ამოქმედდება სქემა 8+1, რომელიც, სასკოლო გამოცდების გარდა, უნარ-ჩვევების ტესტის ჩაბარებასაც გულისხმობს. უმაღლეს სასწავლებლებში აბიტურიენტთა ჩარიცხვის სტრატეგია, შესაბამისად, უკვე განსაზღვრულად ითვლება, თუმცა დეტალები უცნობია.

უმაღლეს სასწავლებლებში აბიტურიენტთა ჩარიცხვის დეტალებზე ყურადღება არც მიხეილ სააკაშვილს გაუმახვილებია. მან აღნიშნა, რომ ეროვნული გამოცდები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა იყო, თუმცა მან, საბოლოო ჯამში, სკოლის დაცარიელება განაპირობა. სკოლაში ბავშვების დაბრუნება, პრეზიდენტის განმარტებით, დიდწილად დაუკავშირდა საგამოცდო პროცესის აღდგენას, თუმცა ეროვნულ გამოცდებზე საატესტატო გამოცდების დამატებამ და, შესაბამისად, რეპეტიტორთა საჭიროებამ, მისი თქმით, საზოგადოება პრივილეგირებულებად და არაპრივილეგირებულებად დაყო:

”აი, ამას მე ვერასდროს ვერ მივიღებ, ელიტისტურ მიდგომას ჩვენ ვერ გავიზიარებთ. ამიტომ ჩვენ დავკარგეთ დრო და ბოლო ერთი წელი რომ არ გაეტარებინათ ამათ განათლების სამინისტროში კამათში და დროზე რომ მიგვეღო ეს გადაწყვეტილება, წელს უკვე ეროვნული გამოცდები აღარ ჩატარდებოდა. და აღარ უნდა ჩატარდეს. წელს ჩატარდება და მომავალ წელს აღარ უნდა ჩატარდეს.”

სამ გამოცდას, რომელსაც ესა თუ ის აბიტურიენტი ჩააბარებდა ერთიან ეროვნულ გამოცდაზე, ეს გამოცდები, ბუნებრივია, საატესტატოშიც მოხვდება ...
დავა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ახსენებს, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზთა შორისაც დასახელდა. ზოგადად უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის წესზე კამათი კი განათლების სამინისტროსთან მიმდინარე წლის თებერვალში შექმნილი სპეციალური კომისიის ფარგლებში მიმდინარეობდა. კომისიის წევრია თბილისის 24-ე საჯარო სკოლის დირექტორი გია მურღულიაც. იგი ამბობს, რომ უკანასკნელი წლების პრაქტიკის თანახმად, დღის წესრიგში დადგა, ერთი მხრივ, ზოგადი განათლების პრესტიჟის ამაღლება, მეორე მხრივ კი, საატესტატო და ეროვნული გამოცდების სტატუსის გაერთიანება. ანუ მოსწავლის განათლების მინიმალური ბარიერისა და საკონკურსო მოთხოვნის ერთდროულად დაკმაყოფილების აუცილებლობა. ამ აუცილებლობის გათვალისწინებით, გია მურღულია მიესალმება 8+4 ფორმულის ნაცვლად, 8+1 მოდელის შემოღებას. თუმცა ამ ეტაპზე მისთვის უცნობია, საბოლოოდ რა სახეს მიიღებს სისტემა.

”ეს ყველაფერი ახლა განხილვის პროცესშია და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება, მაგრამ ჩვენი წინადადება, ყოველ შემთხვევაში, ასეთი იყო და აქეთ იხრება, როგორც ჩანს, ეს აზრი, რომ სამ გამოცდას, რომელსაც ესა თუ ის აბიტურიენტი ჩააბარებდა ერთიან ეროვნულ გამოცდაზე, ეს გამოცდები, ბუნებრივია, საატესტატოშიც მოხვდება. ამ სამი გამოცდის ქულებს დაემატება უნარების ქულები და ამ ოთხი გამოცდის საბოლოო ქულა იქნება გადამწყვეტი დაფინანსების მოპოვების თვალსაზრისით.”

”იმ ტიპის გამოცდებითა და ტესტური დავალებებით, რომელსაც საატესტატო გამოცდებისთვის ვიყენებთ, უმაღლეს სასწავლებლებში მიღება არათუ ნაადრევი, არამედ შეუძლებელია”, - ასეთი იყო, თავის მხრივ, გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორის მაია მიმინოშვილის მოსაზრება. იგი არსებითად აბიტურიენტებისთვის მძიმე საგამოცდო წნეხის შემსუბუქების მომხრე იყო, მაგრამ ერთი პირობით:

ყველა ვარიანტში მოსწავლემ 8 გამოცდა უნდა ჩააბაროს იმისათვის, რომ სკოლა დაამთავროს. სხვა ამბავია უნივერსიტეტი რას იტყვის - რომელ საგნებში იტყვის, რომ რაღაცა ქულის ზემოთ იღებს სტუდენტს ...

”მივესალმები იმ ამბავს, რომ უახლოეს მომავალში გვქონდეს 8 გამოცდა და დაემატოს ზოგადი უნარების გამოცდა. კი ბატონო, შევამციროთ გამოცდების რაოდენობა, ოღონდ ფორმატი, ჩემი აზრით, უნდა იყოს სხვა, სადაც შესაძლებელია, უბრალოდ, ღიაბოლოიანი დავალებებიც იყოს. და არ მივიღოთ უმაღლეს სასწავლებელში სტუდენტი, რომელსაც არ ვთხოვთ თუნდაც ერთი სიტყვის ჩაწერას ტესტში”, განუცხადა მაია მიმინოშვილმა 29 მაისს „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ პროგრამაში ”დიალოგი დავით პაიჭაძესთან”. 8 ივნისს კი მისმა ყოფილმა პრესმდივანმა მაია გაბუნიამ დაგვიდასტურა, რომ მაია მიმინოშვილს პოზიცია არ შეუცვლია, კონკრეტულ შეკითხვებზე პასუხს კი უახლოეს მომავალში მას შემდეგ გაგვცემს, რაც მისი ხელმძღვანელობით არასამთავრობო ორგანიზაცია დაფუძნდება.

უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდების ახალი წესის საბოლოოდ განსაზღვრამდე კი საზოგადოებისთვის აქტუალურია მთავარი კითხვა - რა გახდება აბიტურიენტთა შეჯიბრებითობის საფუძველი - საატესტატო გამოცდების შედეგების კრებითი ქულა, ატესტატის შემაჯამებელი ქულა, ეგრეთ წოდებული 4 გამოცდის ქულა, როგორც გია მურღულია ბრძანებს, თუ მხოლოდ ზოგადი უნარების ქულა? ილიას უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე ამბობს, რომ საკითხს ზოგადად ორი მხარე აქვს:

”ყველა ვარიანტში მოსწავლემ 8 გამოცდა უნდა ჩააბაროს იმისათვის, რომ სკოლა დაამთავროს. სხვა ამბავია უნივერსიტეტი რას იტყვის - რომელ საგნებში იტყვის, რომ რაღაცა ქულის ზემოთ იღებს სტუდენტს და რაღაცა ქულის ქვემოთ აღარ იღებს. ეს ორი სხვადასხვა მხარეა - ერთი ამბავია, როგორ დაამთავრებენ მოსწავლეები, მეორე ამბავია, ამ ქულებში უნივერსიტეტები როგორი გადარჩევის სისტემას შესთავაზებენ აბიტურიენტებს. ჩვენ ჯერ არაფერი მოგვიფიქრებია. სისტემა რომ იქნება, გადავწყვეტთ.”

სისტემა კი, განათლების სამინისტროს თანახმად, ჯერ მხოლოდ დამუშავების პროცესშია.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG