Accessibility links

logo-print

ყოველ მეოთხე აბიტურიენტს რეპეტიტორი ჰყავს


”განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის” კვლევის პრეზენტაცია

”განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის” კვლევის პრეზენტაცია

საქართველოში ყოველ მეოთხე აბიტურიენტს კერძო რეპეტიტორი ჰყავს - ასეთი შედეგი აჩვენა ”განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის” მიერ წარმოებულმა კვლევამ, რომელიც გასული წლის ივლის-დეკემბერში ჩატარდა. ”კერძო რეპეტიტორობის ფენომენის კვლევამ საქართველოში” ასევე აჩვენა რეპეტიტორებზე მოთხოვნის გამომწვევი ორი ძირითადი მიზეზი: სასკოლო განათლების დაბალი ხარისხი და სკოლაში მიღებული ცოდნის შეუსაბამობა უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდების მოთხოვნებთან.

სანდრო კანდელაკი სკოლას წელს ამთავრებს და ბიზნესის ფაკულტეტზე აპირებს სწავლის გაგრძელებას. ის ამბობს, რომ 7 საგანში ემზადება. მისივე სიტყვებით, ძალიან ბევრია ისეთი, ვინც ყველა საგანში ემზადება, თუმცა ისეთებიც არიან, რომლებიც მხოლოდ სამ საგანში ემზადებიან:

”იმ სკოლებში, სადაც შედარებით ნორმალური სწავლაა, ისინი ყველა საგანში არ ემზადებინ და მხოლოდ იმ საგნებში ემზადებინ, რასაც ეროვნულ გამოცდებზე აბარებენ: მათემატიკა, ქართული და უნარები.”

სანდროს ვკითხეთ, რატომ ემზადება კერძო რეპეტიტორებთან, რაზეც მან გვიპასუხა:
ჯერჯერობით სკოლები მაინც ვერ აკმაყოფილებენ საჭირო მოთხოვნებს, სკოლებში კიდევ არის პრობლემები, მაგრამ უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში იკლო მოსწავლეების რაოდენობამ და სკოლაში უკეთესობისკენ მიდის საქმე...


”სკოლაში შეიძლება რაღაც პროგრამა წესიერად ვერ გაგვევლო ან ნახევარი გაგვევლო. ახლა კერძო მასწავლებელთან რომ დავდივარ, გარანტია მაქვს, რომ გავივლი. სკოლაში შეიძლება მასწავლებელი არ მოვიდეს, შეიძლება გაკვეთილზე ხმაური იყოს და კარგად ვერ გავდიოდეთ პროგრამას.”

სანდრო კანდელაკი ამბობს, რომ ერთ საგანში მომზადება წლის განმავლობაში 1000-1500 ლარი ღირს. მთლიანობაში, სანდრო კანდელაკის მშობლებს შვილის ყველა საგანში მომზადება წელიწადში 6 ათასი ლარი უჯდებათ.

როგორც გვითხრა ერთ-ერთმა კერძო რეპეტიტორმა, რომელიც მათემატიკაში ამზადებს ბავშვებს და რომელმაც გვთხოვა ვინაობა არ გაგვემხილა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მომზადების მსურველი ბავშვების რაოდენობამ იკლო:

”ჯერჯერობით სკოლები მაინც ვერ აკმაყოფილებენ საჭირო მოთხოვნებს, სკოლებში კიდევ არის პრობლემები, მაგრამ უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში იკლო მოსწავლეების რაოდენობამ და სკოლაში უკეთესობისკენ მიდის საქმე.”

თუმცა განსხვავებული სურათი აჩვენა კვლევამ, რომელიც ”განათლების პოლიტიკის, დაგეგმვის და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტმა” ჩაატარა გასული წლის ივლის-დეკემბერში მთელი საქართველოს მასშტაბით. გამოიკითხა 1200 მშობელი, რომელთა შვილებიც საშუალო სკოლის სხვადასხვა საფეხურზე სწავლობენ. კვლევამ აჩვენა, რომ ყოველი მეოთხე აბიტურიენტი კერძო რეპეტიტორთან ემზადება და ეს რეპეტიტორები, უმთავრესად, სკოლის მასწავლებლები არიან. ოფიციალური აკრძალვის მიუხედავად, მოსწავლეთა 56% თავისივე სკოლის პედაგოგთან ემზადება. სკოლის მოსწავლეთა 92% ემზადება სამ საგანში. განსაკუთრებით გაიზარდა სხვადასხვა საგანში მომზადების მსურველი მოსწავლეების რაოდენობა მას შემდეგ, რაც სკოლებში საატესტაციო გამოცდები შემოვიდა. არ ემზადება და არც საჭიროდ თვლის მომზადებას გამოკითხულთა მხოლოდ 10%.

კერძო რეპეტიტორობის ინსტიტუტის არსებობას ორი მიზეზით ხსნის ”განათლების პოლიტიკის, დაგეგმვის და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის” დირექტორი გიორგი მაჩაბელი:

”სწავლის და სწავლების დაბალი ხარისხი, რაც არ აკმაყოფილებს დღევანდელ საზოგადოებას და უფრო მეტის მოთხოვნით გამოდის და მშობელი მზად არის თანხა გადაიხადოს იმაში, რომ მეტი ცოდნა მისცეს თავის შვილს. მეორე მიზეზი არის ის განსხვავება, რაც არის მისაღებ გამოცდებსა და სკოლის პროგრამას შორის, ანუ რასაც სწავლობს მოსწავლე სკოლაში, იგივეს არ აბარებს მისაღებ გამოცდებზე.”
მთლიანობაში, საქართველოში მშობლების მიერ შვილების მომზადებაზე დახარჯული თანხა წლის განმავლობაში დაახლოებით იმდენივეა, რა თანხითაც აფინანსებს სახელმწიფო ზოგად განათლებას...


გიორგი მაჩაბელს კიდევ ერთი საინტერესი დასკვნის გაკეთების საშუალებას აძლევს მისი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევა:

„მთლიანობაში, საქართველოში მშობლების მიერ შვილების მომზადებაზე დახარჯული თანხა წლის განმავლობაში დაახლოებით იმდენივეა, რა თანხითაც აფინანსებს სახელმწიფო ზოგად განათლებას, ანუ სადღაც 350 მილიონი ლარის ფარგლებში აფინანსებს სახელმწიფო. აქ შედის ვაუჩერის თანხა და ა.შ. და 300 მილიონი ლარის ფარგლებში წლიურად მოდის მშობლებისგან.”

კვლევის პრეზენტაციისას წარმოდგენილ შედეგებს ნაწილობრივ არ ეთანხმება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი ქეთევან ჭკუასელი, განსაკუთრებით იმ ნაწილში, სადაც საუბარია სკოლაში მიღებული ცოდნისა და უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდების მოთხოვნათა შეუსაბამობაზე:

”გამოცდების ეროვნული ცენტრის სამუშაო დოკუმენტები ნამდვილად არის ეროვნული სასწავლო გეგმები და სტანდარტები როგორც მოსწავლეთა შეფასების დროს, ასევე მასწავლებელთა სერტიფიცირების დროს. არანაირი ხელოვნური ბარიერი აქ არ არის. თუმცა ერთია, რომ ეს წერია ეროვნულ სასწავლო გეგმაში, ეს წერია სასკოლო სილაბუსებში, მაგრამ მეორეა, ასრულებს თუ ვერ.”

აქვე ისიც ვთქვათ, რომ როგორც აღნიშნული კვლევის ავტორები ამბობენ, მიუხედავად რეპეტიტორობის ინსტიტუტის ასე ფართოდ გავრცელებისა, იმ მოსწავლეთაგან, რომლებიც კერძოდ ემზადებიან, ყოველი მეხუთე უმაღლეს სასწავლებელში მისაღებ გამოცდებს ვერ აბარებს, თუმცა რეპეტიტორის გარეშე ჩამბარებელი ყოველი მე-2 აბიტურიენტი ვერ ხვდება უმაღლეს სასწავლებელში. და კიდევ ერთი საინტერესო დასკვნის შესახებ: რეპეტიტორების სერვისით თანაბრად სარგებლობენ როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საშუალო სკოლის მოსწავლეები და, ამასთან, თუ ადრე, ანუ მანამ, სანამ ერთიანი ეროვნული გამოცდები დაინერგებოდა, კერძო რეპეტიტორებად უმაღლესი სასწავლებლების ლექტორები გვევლინებოდნენ, ახლა ისინი მთლიანად სკოლის პედაგოგებმა ჩაანაცვლეს.

კვლევის ავტორების თქმით, ცალკე საკვლევია, რატომ ვერ რეალიზდებიან სკოლის პედაგოგები სკოლის შიგნით, მაშინ როცა წარმატებულ კერძო პრაქტიკას ეწევიან. და მოწმობს თუ არა წარმოდგენილი სტატისტიკა იმას, რომ უმაღლეს სასწავლებლებში აბიტურიენტები მხოლოდ კერძო რეპეტიტორების დამსახურებით ხვდებიან.
XS
SM
MD
LG