Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღე მეექვსე - ეძებენ დაკარგულებს, ეძებენ ვეფხვს


თბილისში ინტენსიურად მიმდინარეობს სტიქიის დროს დაღუპულთა სამძებრო სამუშაოები. სტიქიის ზონაში გრძელდება გაწმენდითი ღონისძიებებიც. 19 ივნისის დილიდან ეთნოგრაფიული მუზეუმისა და კუს ტბის ტერიტორიაზე რამდენიმე საათის მანძილზე ეძებდნენ სტიქიის დროს ზოოპარკიდან დაკარგულ ვეფხვს, თუმცა მონადირეებმა და სპეციალური სამსახურის წარმომადგენლებმა იქ მის კვალს ვერ მიაგნეს. მიუხედავად ამისა, კრიზისების მართვის საბჭო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

სტიქიიდან მეექვსე დღეს თბილისის ცენტრში კვლავაც გრძელდება გაწმენდითი და სამძებრო სამუშაოები. ზოოპარკის, მზიურის, „ლაგუნა ვერესა“ და სვანიძის ქუჩის ტერიტორიაზე მუშაობს როგორც მძიმე ტექნიკა, ისე მაშველები, ჯარი, დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები და მოხალისეები. სტიქიის ზონიდან ჯერ ისევ ამოჰყავთ მიწაში ჩამარხული მანქანები და მკვდარი ცხოველები. ზოოპარკის ტერიტორია შლამისგან იწმინდება, თუმცა როგორც ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე ამბობს, ჯერჯერობით მიუდგომელი რჩება მტაცებელი ცხოველების რამდენიმე ვოლიერი, რომლებიც შლამითა და წყლით არის დაფარული:

„მიმდინარეობს ცხოველების ძებნა. ნაპოვნი ცხოველები შესაბამის სამსახურებს გადაჰყავთ გასანადგურებლად“.

ლეშის განადგურებაზე ზედამხედველობას ახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო. მათი განმარტებით, ლეშის დამარხვა თბილისის მყარი ნარჩენების პოლიგონზე, ვეტერინარულ-სანიტარიული წესების სრული დაცვით ხორციელდება. ლეში ნადგურდება ასევე, მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით, სპეციალურ წვის ღუმელში.სააგენტოს დირექტორის მოადგილის ირაკლი ჩავლეიშვილის ინფორმაციით, სპეციალისტების ზედამხედველობით დამარხული და განადგურებულია 78 ლეში:

„ჩვენი თანამშრომლები მობილიზებულები არიან სტიქიის ზონებში და ახორციელებენ მუდმივ მონიტორინგს იმისთვის, რომ რაიმე სახის ეპიდემიის გავრცელებას არ ჰქონდეს ადგილი“.

გარდა ამისა, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა თბილისის სხვადასხვა უბნიდან - მათ შორის, სტიქიის შედეგად დაზარალებული წერტილებიდან - სასმელი წყლის სინჯები აიღეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგები ეტაპობრივად გახდება ცნობილი და მოსახლეობას ეცნობება.წყლის ნიმუშის აღება კვლავაც გრძელდება.

ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავადგინოთ, თუ როგორ უნდა დაგეგმარდეს ვერეს ხეობა, გლობალური ხედვა უნდა ჩამოყალიბდეს, რის მიხედვითაც უნდა დაიგეგმოს ყველა სამუშაო ამ ხეობაში. უნდა შეიქმნას პრეცედენტი, რომ საზოგადოებისთვის ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე დისკუსია გაიმართოს...
ირაკლი ღარიბაშვილი

სტიქიის დროს ზოოპარკიდან დაკარგული ვეფხვისა და ზოლიანი აფთრის სამძებრო სამუშაოები 19 ივნისს 12 საათიდან ეთნოგრაფიული მუზეუმის, კუს ტბისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო. პროცესში ჩართულნი იყვნენ მონადირეები და სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც საძიებო სამუშაოებს დაგეშილ ძაღლებთან ერთად ახორციელებდნენ. ამ ტერიტორიაზე მტაცებლის სამძებრო სამუშაოები მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ინტერნეტსივრცეში გავრცელდა სამი ფოტო, რომლებზეც, მონადირეების თქმით, სავარაუდოდ, კატისებრთა ოჯახის წარმომადგენელია დაფიქსირებული. თუმცა ოთხსაათიანი ძებნის შემდეგ ამ ტერიტორიებზე მტაცებლის კვალს ვერ მიაგნეს. მიუხედავად ამისა, კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ღიბრაძე მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

19 ივნისის შუადღის სამ საათზე მთავრობის კანცელარიაში დაიწყო მუშაობა ვერეს ხეობის დაგეგმარების სახელმწიფო კომისიამ. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა დარგის სპეციალისტებმა, მათ შორის, გეოლოგებმა, ჰიდროლოგებმა, ურბანისტებმა და მეცნიერებათა აკადემიის წარმოამდგენლებმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბააშვილის განცხადებით, კომისიის მუშაობის მიზანია ვერეს ხეობის სრული შესწავლა და მისი აღდგენის დაწყება:

„ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავადგინოთ, თუ როგორ უნდა დაგეგმარდეს ვერეს ხეობა, გლობალური ხედვა უნდა ჩამოყალიბდეს, რის მიხედვითაც უნდა დაიგეგმოს ყველა სამუშაო ამ ხეობაში. უნდა შეიქმნას პრეცედენტი, რომ საზოგადოებისთვის ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე დისკუსია გაიმართოს. ყველა სპეციალისტს უნდა შეეძლოს დისკუსიაში ჩართვა და ჩვენ, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, უნდა გვქონდეს საშუალება ყველა ალტერნატივას მოვუსმინოთ და შემდეგ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ“.

ბანკებში მობილიზებულია დაახლოებით 17 მილიონი ლარი. აქედან 10 მილიონი ლარი გამოყო საქართველოს მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან. თუმცა, ცხადია, რომ ეს არ არის საკმარისი თანხა...
ნოდარ ხადური

პრემიერის ინფორმაციით, საჭიროებებიდან გამომდინარე, კონკრეტული მიმართულებებით შეიქმნება სამუშაო ჯგუფები სხვადასხვა სპეციალისტების მონაწილეობით. პრემიერმა მზადყოფნა გამოთქვა, ექსპერტების მოწვევის საკითხში პირადად ჩაერთოს.

რაც შეეხება 14 ივნისის ღამის სტიქიისგან მიყენებულ ზარალს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ზარალის შეფასებაში მსოფლიო ბანკის მიერ მოვლენილი უცხოელი ექსპერტები ჩაერთვებიან. ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განმარტებით, ამ ეტაპზე ზარალი, სავარაუდოდ, 100 მილიონ ლარს აღწევს:

„ბანკებში მობილიზებულია დაახლოებით 17 მილიონი ლარი. აქედან 10 მილიონი ლარი გამოყო საქართველოს მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან. თუმცა, ცხადია, რომ ეს არ არის საკმარისი თანხა. ზარალი ძალიან დიდია“.

სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის სამთავრობო უწყებების მუშაობას და დაზარალებულთა დახმარების პროცესს თვალყურს მიადევნებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. ისინი ხელისუფლებას პროცესის გამჭვირვალედ წარმართვისკენ მოუწოდებენ. მათ შორისაა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი:

„იქნება როგორც ფინანსური მონიტორინგი, ისე სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურების მხრიდან გაწეული საქმიანობის მონიტორინგი, იმისათვის რომ შევაფასოთ სად და რა სახის მზაობა გამოიჩინეს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებმა შექმნილ მდგომარეობასთან გასამკლავებლად“.

ამ დრომდე დაკარგულად ითვლება სამი ადამიანი, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა კი 19-ია. როგორც სტიქიის ზონაში მომუშავე სპეციალისტები ამბობენ, გაწმენდითი სამუშაოები რამდენიმე დღეს გაგრძელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG