Accessibility links

logo-print

ხმელთაშუა ზღვაში ეგვიპტის ავიახაზების თვითმფრინავის ნაწილები იპოვეს


ეგვიპტის არმია აცხადებს, რომ ხმელთაშუა ზღვაში აღმოჩენილია მისი კუთვნილი დაკარგული თვითმფრინავის ნაწილები.

არმიის პრესმდივანი ფეისბუკით ავრცელებს ცნობას, რომ ეგვიპტის სამხედრო თვითმფრინავებმა და საზღვაო ხომალდებმა ალექსანდრიიდან ჩრდილოეთით - დაახლოებით, 290 კილომეტრის მოშორებით - აღმოაჩინეს მგზავრების „პირადი ნივთები“ და Airbus A320 -ის ნაწილები.

ძებნის მასშტაბური ოპერაცია მიმდინარეობდა იმ თვითმფრინავის აღმოსაჩენად, რომელიც 19 მაისს პარიზიდან კაიროში მიფრინავდა და ხმელთაშუა ზღვის თავზე გაქრა რადარებიდან. თვითმფრინავში 66 ადამიანი იმყოფებოდა. ეგვიპტე აცხადებს, რომ საქმე, შესაძლოა, ტერორისტულ თავდასხმასთან გვქონდეს.

მანამდე ეგვიპტის წარმომადგენლებმა უარყვეს საბერძნეთის სამხედრო უწყების განცხადებები, რომ მათ კუნძულ კრეტასთან მიაგნეს თვითმფრინავის ნატეხებს. „ეს ჩვენი თვითმფრინავის ნაწილი არ არისო“, თქვეს ეგვიპტის წარმომადგენლებმა.

საფრანგეთში საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-მარკ ერო ამბობს, რომ ამ ეტაპზე კატასტროფის მიზეზის „აბსოლუტურად არანაირი ნიშანი“ არ არსებობს.

20 მაისს, საფრანგეთის ტელევიზიასთან საუბრისას, ერო შემდეგი განცხადებით გამოვიდა:

"ეგვიპტე და საფრანგეთი სრულად თანამშრომლობენ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბორტზე იმყოფებოდა 66 ადამიანი, რომელთაგან 56 მგზავრი იყო. ისინი 12 ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ. 21 მაისს საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში შევხვდები ყველა დაღუპულის ოჯახის წევრებს. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ მგზავრთა ქვეყნების ელჩებიც. იქვე იქნება [საფრანგეთის] პროკურორის ოფისის წარმომადგენელიც, რადგან ჩვენ საფრანგეთშიც დავიწყეთ ოფიციალური გამოძიება, ისევე როგორც ეგვიპტეში“.

თეთრი სახლის ოფიციალური პირებიც ამბობენ, რომ ტრაგედიის მიზეზის დადგენა ჯერჯერობით ნაადრევია.

მაგრამ ეგვიპტის ზოგიერთი წარმომადგენელი ამბობს, რომ საქმე, შესაძლოა, ტერორისტულ თავდასხმასთან გვქონდეს და რომ ამჟამად შემოწმების პროცესშია მგზავრთა სიები, მათ შორის, შესაძლო ექსტრემისტების დასადგენად.

პარიზი-კაიროს რეისის თვითმფრინავი MS804, რომელშიც, როგორც ითქვა, 56 მგზავრი და ეკიპაჟის 10 წევრი იმყოფებოდა, 19 მაისს, ეგვიპტის საჰაერო სივრცეში შესვლისთანავე, გაქრა რადარებიდან. სალოკაციო სადგურებმა სულ ბოლოს თვითმფრინავი ხმელთაშუა ზღვის თავზე დააფიქსირეს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG