Accessibility links

logo-print

ეგვიპტის არმიამ მუჰამედ მურსი აიძულა, გადამდგარიყო


ეგვიპტის არმიამ კონსტიტუციის მოქმედება შეაჩერა და გამოაცხადა ზომები ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად. არმიის დღევანდელი განცხადებით, ბოლო მოეღო პრეზიდენტის პოსტზე მოჰამად მურსის ყოფნას მილიონობით ეგვიპტელის რამდენიმედღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ.

ეგვიპტის დამხობილი პრეზიდენტი, მოჰამად მურსი, მისი მრჩევლის განცხადებით, უცნობ ადგილას გადაიყვანეს. ამ ცნობას ავრცელებს საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეიტიდ პრესი“ მურსის მრჩევლის, აიმან ალის განცხადებაზე დაყრდნობით. სააგენტოს ცნობით, აიმან ალის დეტალებზე არ უსაუბრია.

"ასოშიეიტიდ პრესი" იუწყებია აგრეთვე, რომ მილიონობით დემონსტრანტი, რომელიც მურსის გადადგომას მოითხოვდა, სიხარულის ყიჟინით შეხვდა ცნობას, რომ ეგვიპტის არმიამ მოჰამად მურსის მმართველობა დაამხო და უფლებამოსილება დროებით მიანიჭა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს.

მურსიმ სოციალურ ქსელ "ფეისბუკით" გაავრცელა განცხადება, რომელშიც "სამხედრო გადატრიალებად" მოიხსენიებს ქვეყნის არმიის მიერ მიღებულ ზომებს. ის მხარდამჭერებს მოუწოდებს, ნუ გადადგამენ ნაბიჯებს ამ გადატრიალების საპასუხოდ.

ეგვიპტის არმიის სარდლის, გენერალ აბდელ ფატაჰ ალ-სისის განცხადებით, ახალი პრეზიდენტის არჩევამდე ქვეყანას ექსპერტების მთავრობა უხელმძღვანელებს. არაფერი თქმულა იმაზე, თუ როდისთვის ინიშნება ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. გენერალმა განაცხადა ასევე, რომ შეჩერებულია ქვეყნის კონსტიტუციის მოქმედება. გენერალ ალ-სისის გვერდით, როცა ის ამ სატელევიზიო მიმართვით გამოდიოდა, იდგნენ ეგვიპტის პოლიტიკური, რელიგიური და სამხედრო ლიდერები.
XS
SM
MD
LG