Accessibility links

ვინ გახდება ეგვიპტის პრეზიდენტი - მუსლიმთა ლიდერი თუ დამხობილი მთავრობის ბოლო პრემიერი


ეგვიპტის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგაც გამოჩნდა, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობა გახლეჩილია ორ დაპირისპირებულ ნაწილად. 80 მილიონიანი ქვეყნის მოსახლეობის ხმის უფლების მქონეთა 46-მა პროცენტმა უყარა კენჭი 12 კანდიდატს. გამარჯვებული პირველ ტურში ორია - „მუსლიმთა საძმოს“ წარმომადგენელი მოჰამედ მურსი და დამხობილი მთავრობის ბოლო პრემიერ-მინისტრი აჰმედ მოჰამედ შაფიქი. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დანიშნულია 16-18 ივნისისთვის. მასში ერთმანეთს დაუპირისპირდება ორი კანდიდატი, რომლებმაც პირველი ორი ადგილი გაიყვეს, მაგრამ ვერ მოახერხეს მოქალაქეთა იმ რაოდენობის მიმხრობა, რაც მათ საბოლოო გამარჯვებას მოაპოვებინებდა. ეგვიპტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, პარუკ სულთანმა, გაავრცელა ინფორმაცია შედეგების შესახებ:

„იმის გამო, რომ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა ხმების უმრავლესობა საპრეზიდენტო არჩევნებში, გაიმართება მეორე ტური. ამას განსაზღვრავს საპრეზიდენტო არჩევნების კანონის მეორმოცე მუხლი. კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებენ დოქტორი მოჰამედ მურსი და დოქტორი აჰმედ მოჰამედ შაფიქი, რომლებმაც ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა მოაგროვეს.“

სულთანის თანახმად, მურსის მიემხრო 5 მილიონ 760 ათასი ადამიანი, შაფიკს კი - 5 მილიონ 500 ათასი. ეგვიპტეში ხმის უფლების მქონეთა რიცხვი 50 მილიონია. აქვე გეტყვით, რომ ამ ქვეყანაში მოსახლეობის ნახევარი წერა-კითხვის უცოდინარია.

საარჩევნო კომისიამ უარყო ბრალდება, რომ კენჭისყრისას დარღვევები მოხდა. საჩივარი ამის თაობაზე ორმა კანდიდატმა შეიტანა, რომლებიც ვერ გავიდნენ მეორე ტურში. ეს იყო ეგვიპტეში პირველი საპრეზიდენტო არჩევნები შარშან თებერვლის მღელვარების შემდეგ, რასაც მოჰყვა ჰოსნი მუბარაქის მთავრობის დამხობა. მუბარაქი ახლა დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებისა და კორუფციის ბრალდებებით პასუხისგებაშია მიცემული. ეგვიპტეში ყოველთვის ძლიერი იყო და დიდი გავლენით სარგებლობდა სამხედრო უწყება, რომელიც ახლაც მართავს ამ ქვეყანას. როგორ წარიმართება ეგვიპტის ბედი მომავალში, ჯერ ძნელი გამოსაცნობია, რადგან მოსახლეობის ნაწილისთვის მუბარაქისდროინდელი პრემიერის გამარჯვება იმის მომასწავებელია, რომ კვლავ შეიძლება აღორძინდეს დამხობილი რეჟიმი. სხვებს ადარდებს მუსლიმთა გავლენის გაძლიერება, რისი შანსიც საკმაოდ დიდია, თუ გავითვალისწინებთ, რომ პარლამენტში უკვე აქვთ უმრავლესობა მაჰმადიან ძალებს, ახლა კი მეორე ტურში გავიდა კონსერვატორი ისლამისტი, მურსი. ეგვიპტის აქტიურმა მოქალაქეებმა პროტესტი გამოთქვეს შაფიქის მეორე ტურში გასვლის გამო. გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაარბიეს და შემდეგ ცეცხლი წაუკიდეს შაფიქის შტაბბინას. არავინ დაშავებულა, ცეცხლი მალე ჩააქრეს. შაფიქის მომხრეებიც მივიდნენ შემთხვევის ადგილზე და თავიანთი კანდიდატის მხარდამჭერ ლოზუნგებს გაჰყვიროდნენ: ჩვენი სისხლით და სულით შევეწირებით შაფიქსო.
„როიტერსს“ შაფიქის ერთ-ერთმა მომხრემ უთხრა, რომ შენობას დამნაშავეები დაესხნენ თავს:

„არავინ იცის, ვინ არიან ისინი. დამნაშავეთა ჯგუფი მოვიდა და შენობას ცეცხლი წაუკიდა. რის ეშინიათ? ყველაფერი კენჭისყრის შედეგად მოპოვებული ხმების რაოდენობამ უნდა გადაწყვიტოს.“

პრეზიდენტი რომც აირჩიონ ეგვიპტელებმა, ამ ქვეყნის მომავალი ჯერ მაინც ვერ იქნება გარკვეული. ეს ქვეყანა საჭიროებს ახალ კონსტიტუციას, რომელმაც უნდა განსაზღვროს პრეზიდენტის უფლებამოსილება. ამას გარდა, სამხედროებმა, რომლებსაც ისედაც საკმარისი ძალაუფლება აქვთ პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისითაც, შეიძლება სცადონ კვლავ ხელში ჩაიგდონ მმართველობა მას მერეც კი, როცა სამოქალაქო მთავრობა შეიქმნება და არმია ოფიციალურად მას ჩააბარებს ქვეყნის მართვის სადავეებს.
XS
SM
MD
LG