Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება


ეგვიპტის პრეზიდენტი მუჰამად მურსი
ეგვიპტის პრეზიდენტი მუჰამად მურსი
ეგვიპტის პრეზიდენტმა მუჰამად მურსიმ კვირას განკარგულება გასცა, რომ ქვეყნის პარლამენტი კვლავ შეიკრიბოს და თავის საქმიანობას შეუდგეს. საკანონმდებლო ორგანო, რომელშიც ისლამისტი ძალები დომინირებენ, ერთი თვის წინ დაშალა სამხედრო საბჭომ საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის - არჩევნების შედეგების გაუქმების - საფუძველზე. პრეზიდენტის განკარგულებას გამოეხმაურა სასამართლო, რომელმაც განაცხადა, რომ მისი გადაწყვეტილება იურიდიული ძალის მქონე საბოლოო დასკვნაა, რომელიც გასაჩივრებას და შეცვლას არ ექვემდებარება.

ეგვიპტის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომელიც რამდენიმე ნაწილისგან შედგება, პრეზიდენტის მრჩეველმა იუსერ ალიმ განმარტა:

„უზენაესი სამხედრო საბჭოს მიერ 2012 წელს გამოცემული 350-ე დადგენილების განხილვის შემდეგ, პრეზიდენტმა გადაწყვიტა: პირველი, გაუქმდეს ეს გადაწყვეტილება პარლამენტის დაშლის შესახებ; მეორე, პარლამენტი შეიკრიბოს და შეუდგეს თავისი უფლებამოსილების აღსრულებას, 2011 წლის 30 მარტის საკონსტიტუციო გადაწყვეტილების თანახმად; მესამე, მოეწყოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ახალი კონსტიტუციის შესახებ გამართული რეფერენდუმიდან 60 დღის განმავლობაში.“

ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან მეორე დღესვე, ორშაბათს, საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი პოზიცია გამოხატა - თქვა, რომ მისი დასკვნები და გადაწყვეტილებები იურიდიული ძალის მქონე და საბოლოოა და გასაჩივრებასა და შეცვლას არ ექვემდებარება.
ზოგიერთი მიმომხილველი მოელის, რომ გავლენიანი გენერლები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან მურსის ამ ნაბიჯის გამო. გასულ თვეში სამხედროებმა საკანონმდებლო ორგანო დაშალეს, როგორც ითქვა, საკონსტიტუციო, ქვეყნის უზენაესი ტრიბუნალის გადაწყვეტილების თანახმად. დასკვნაში, რომლითაც სასამართლომ გააუქმა საპარლამენტო არჩევნების შედეგები, განმარტებული იყო, რომ კენჭისყრის დროს ზოგიერთმა კანდიდატმა თავი გაასაღა როგორც დამოუკიდებელმა, სინამდვილებში კი პარტიის წევრები იყვნენ, რაც კანონის დარღვევაა. სამხედრო საბჭომ 16 ივნისს ეს გადაწყვეტილება პარლამენტის გარეშე მიიღო და პრეზიდენტის უფლებამოსილებები შეიკვეცა. გენერლებმა, ამ დოკუმენტის ძალით, თავიანთ კონტროლს დაუქვემდებარეს ახალი კონსტიტუციის პროექტის შექმნის პროცესი და იმუნიტეტი მოიპოვეს ყოველგვარი სამოქალაქო ზედამხედველობის მიმართ. ფაქტობრივად, ამ გადაწყვეტილებების მიღებით სამხედრო საბჭომ პარლამენტის ფუნქციაც შეითავსა. მუჰამად მურსიმ საპრეზიდენტო არჩევნებში მცირე უპირატესობით მოუგო მეტოქეს, შარშან დამხობილი პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის დროინდელ პრემიერ-მინისტრს, აჰმედ შაფიქს. კვირის განკარგულება - დეკრეტის გზით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლა - მურსის მოწინააღმდეგეებს საფუძველს მისცემს განაცხადონ, რომ პრეზიდენტი სათანადო პატივს არ სცემს კანონს.

იმავე კვირა დილით, მუჰამად მურსი შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს უილიამ ბერნსს. ბერნსმა მურსისთან საუბრის შემდეგ კაიროში განაცხადა, რომ აშშ აპირებს სრულად ითანამშრომლოს ეგვიპტის პრეზიდენტთან, მის ახალ მთავრობასთან, ყველა ძალასთან, რათა შენარჩუნებულ იქნეს პარტნიორობა და საერთო ინტერესები ძლიერ, დემოკრატიულ და ეკონომიკურად დინამიკურ ეგვიპტესთან, რომელიც მშვიდობისა და სტაბილურობის განმსაზღვრელია რეგიონში. „ფრანსპრესის“ ცნობით, გაეროს გენერალური ასამბლეის დროს, სექტემბერში, აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა მურსის შეხვდება. მანამდე, სამშაბათს, კაიროში მურსისთან მოილაპარაკებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდო ვესტერველე.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG