Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუსლიმურ ქვეყნებში მეოთხე დღეა, გრძელდება ანტიამერიკული გამოსვლები


მუსლიმურ ქვეყნებში მეოთხე დღეა, გრძელდება საპროტესტო აქციები, გამოწვეული ამერიკაში კერძო პირის მიერ შექმნილი ფილმით, რომელიც, მუსლიმების რწმენით, შეურაცხყოფს წინასწარმეტყველ მუჰამედს. იემენის დედაქალაქ სანაში უშიშროების ძალებმა წყლის ჭავლი გამოიყენეს და ჰაერში ისროლეს შეერთებული შტატების საელჩოსაკენ მიმავალი ასობით დემონსტრანტის დასაშლელად. ინდონეზიაში შეერთებული შტატების საელჩოსთან მშვიდობიან დემონსტრაციაზე დაგმეს ფილმი. დემონსტრანტებს შორის იყო სუნიტების პოლიტიკურ ორგანიზაცია ჰიზბ უტ-ტაჰრირის წარმომადგენელი, ისმაილ იუსანტო: „ჩვენ ბოიკოტს მოვუწყობთ ყველა ამერიკულ პროდუქტს, ამერიკულ კომპანიებსა და ამერიკულ ინტერესებს“, - უთხრა ჯაკარტაში ანტიამერიკული დემონსტრაციის მონაწილემ საინფორმაციო საააგენტო როიტერსს. შეტაკებების შესახებ იუწყებიან ეგვიპტიდან. იქ გავლენიანი ორგანიზაცია მუსლიმთა საძმო ჯერ გამოვიდა ამერიკული ფილმის დასაგმობად მთელს ეგვიპტეში „მშვიდობიანი პროტესტისაკენ“ მოწოდებით, მაგრამ მოგვიანებით შეცვალა გადაწყვეტილება ძალადობის თავიდან ასაცილებლად. „მუსლიმთა საძმო“ აცხადებს ასევე, რომ შეერთებულ შტატებს არ ეკისრება ფილმზე პასუხისმგებლობა. საპროტესტო აქციების შესახებ იუწყებიან რამდენიმე სხვა ქვეყნიდანაც - მათ შორის ირანიდან და ავღანეთიდან.
XS
SM
MD
LG