Accessibility links

logo-print

ეგვიპტის ისლამისტი პრეზიდენტი: ყველა ეგვიპტელის ლიდერი ვიქნები


მუჰამად მურსი

მუჰამად მურსი

ეგვიპტის პრეზიდენტად არჩეულმა ისლამისტმა პოლიტიკოსმა მუჰამად მურსიმ პირობა დადო, რომ ყველა ეგვიპტელის პრეზიდენტი იქნება. მურსიმ თანამემამულეებს ასე მიმართა:

„მივმართავ ყველა თქვენგანს ამ დღეს, როცა მოწმე ვართ, ღვთისა და თქვენი ნებით, იმისა, რომ მე ყველა ეგვიპტელის პრეზიდენტი გავხდი. მე ყველა ეგვიპტელს ერთნაიარდ მოვეპყრობი და პატივს ვცემ მათ თანასწორობას.“

მურსიმ განაცხადა იქვე, რევოლუცია გრძელდება, სანამ მისი ყველა მოთხოვნა არ შესრულებულაო. ეგვიპტის ახლად არჩეულმა ლიდერმა ხალხს პირობა მისცა, რომ დაიცავს ქვეყნის მიერ აღებულ ყველა საერთაშორისო ვალდებულებას. მურსიმ ილაპარაკა თავისუფლებებზე და თქვა, ჩვენ პატივს ვცემთ ადამიანის უფლებებს, ქალებისა და ოჯახის უფლებებს, დავიცავთ ბავშვებს და დავძლევთ დისკრიმინაციის გამოვლინებასო.

კვირას ეგვიპტის საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა, რომ მურსიმ ხმების 51,7 პროცენტი მოიპოვა და დაამარცხა მეტოქე, ეგვიპტის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, აჰმედ შაფიკი, რომელსაც ხმების 48 პროცენტზე ოდნავ მეტი ერგო. საარჩევნო კომისიის თანახმად, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ეგვიპტის ხმის უფლების მქონეთა 51, 8 პროცენტმა. ეგვიპტის მოსახლეობის ამ ნახევარზე ოდნავ მეტმა პრეზიდენტად აირჩია მურსი, მუსლიმთა საძმოს წარმომადგენელი, ინჟინერი, პროფესორი, რომელიც პირველი სამოქალაქო პირი პრეზიდენტია 1952 წლის შემდეგ. ამ სამოცი წლის წინანდელი გადატრიალების დროიდან ახლო აღმოსავლეთის ამ ერთ-ერთ უდიდეს ქვეყანას არმიის გენერლები მართავენ. მურსის, რომლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ქვეყნის გაერთიანებაა, სამხედროებთან ურთიერთობის აწყობა მოუწევს. სანამ პრეზიდენტს აირჩევდნენ, მუბარაქის დამხობის შემდეგ, ეგვიპტეს მართავდა სამხედრო საბჭო, რომელმაც, სარგებლობს რა დიდი გავლენით, დაშალა პარლამენტი, სადაც უმრავლესობა მუსლიმთა პარტიას ეკუთვნის.

სამხედროთა ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს მიიღონ სასურველი კანონები და დაასახელონ საკონსტიტუციო კომისიის წევრები. ეგვიპტეს მუბარაქის ეპოქის შემდგომი ახალი კონსტიტუცია სჭირდება. სამხედრო საბჭომ ასევე დაადგინა, რომ პრეზიდენტს არ ექნება უფლებამოსილება მოხსნას სამხედრო საბჭოს წევრები ან დაასახელოს ახლები. მსოფლიოში რეაქცია ეგვიპტის ახალი პრეზიდენტის ვინაობის გამოცხადებაზე დადებითი იყო. ისრაელი აფასებს დემოკრატიულ პროცესს და პატივს სცემს არჩევნების შედეგს. პრემიერ-მინისტრ ნეტანიაჰუს ოფისი მოელის, რომ გაგრძელდება ეგვიპტის მმართველებთან თანამშრომლობა, დაფუძნებული ორ ქვეყანას შორის არსებულ სამშვიდობო შეთანხმებებზე. მუჰამად მურსის ეგვიტის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა. ირანმა, ეგვიპტესთან ერთად ახლო აღმოსავლეთის უდიდესმა ქვეყანამ, ეგვიპტელებს მიულოცა ისლამისტი კანდიდატის გამარჯვება და განაცხადა, რომ ეგვიპტე „ისლამური გამოღვიძების“ ბოლო ფაზაში იმყოფება.
XS
SM
MD
LG