Accessibility links

logo-print

მურსიმ მოსამართლეებს მისი უფლებების გაზრდის აუცილებლობა აუხსნა


მოჰამედ მურსი

მოჰამედ მურსი

ეგვიპტის პრეზიდენტმა მოჰამედ მურსიმ ქვეყნის უმაღლესი სასამართლოს წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ იგი მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდა, თავისი, როგორც პრეზიდენტის, ძალაუფლების გასაფართოებლად. ორშაბათ ღამით გამართულ შეხვედრაზე მურსი შეეცადა დაერწმუნებინა მოსამართლეები, რომ მის მიერ მომზადებული დეკრეტი არ შეაფერხებს ეგვიპტის სასამართლოების მუშაობას. თუმცა მურსის გადაწყვეტილების გამო საპროტესტო აქციები არ წყდება ეგვიპტეში, სადაც 27 ნოემბერს პოლიციას კვლავ მოუხდა ცრემლსადენი გაზის გამოყენება ბრბოს დასაშლელად.

26 ნოემბერს, როდესაც ეგვიპტის უმაღლეს მოსამართლეებს ხვდებოდა, მოჰამედ მურსიმ განაცხადა, რომ დეკრეტი, რომელიც პრეზიდენტის ნებისმიერ გადაწყვეტილებას იცავს სასამართლოს ჩარევისაგან, არ შეაფერხებს ქვეყანაში სასამართლოების მუშაობას. ეგვიპტის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა იასერ ალიმ კი განმარტა, რომ სასამართლოს ჩარევას არ დაექვემდებარება მხოლოდ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც ქვეყნის „მართვასთან დაკავშირებულ“ საკითხებს შეეხება:

„რასაც რესპუბლიკის პრეზიდენტის აღმასრულებელ განკარგულებებთან დაკავშირებით ადგენს საკონსტიტუციო დეკლარაციის მე-2 მუხლი, შეეხება ქვეყნის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე ხაზს უსვამს იმას, რომ ეს არის დროებითი ღონისძიება, ახალი კონსტიტუციის შექმნამდე.“

ეგვიპტის პრეზიდენტ მოჰამედ მურსის მიერ დამატებითი ძალაუფლების მოპოვების მცდელობამ იმპულსი მისცა ქვეყანაში როგორც ხელისუფლების მომხრეების, ისე მოწინააღმდეგეების საპროტესტო აქციებს. გავრცელებული ინფორმაციით, პარასკევიდან ქვეყნის მასშტაბით დაწყებულ არეულობებსა და შეტაკებებში ეგვიპტის მმართველი „მუსლიმთა საძმოს“ ერთი წევრი დაიღუპა და ასამდე ადამიანი დაიჭრა.

რეფორმატორული ძალები ბრალს სდებენ მურსის თავის ხელში დიქტატორული უფლებამოსილებების კონცენტრაციასა და რევოლუციის მონაპოვრის უპატივცემულობაში.

ახალი დეკრეტით, პრეზიდენტის ნებისმიერ გადაწყვეტილება დაცულია სასამართლო ხელისუფლების ჩარევისგან, სანამ ახალი პარლამენტი იქნება არჩეული. ამავე დროს, ის სასამართლოებს უკრძალავს დაშალოს ახალ კონსტიტუციაზე მომუშავე ორგანო, საკონსტიტუციო ასამბლეა, რომელშიც ისლამისტები დომინირებენ. პროტესტის ნიშნად, მოსამართლეები და პროკურორები კაიროში და ეგვიპტის სხვა ქალაქებში არ ცხადდებიან სამსახურში.

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ორივე მხარეს სიმშვიდისა და სადავო საკითხის მშვიდობიანად მოგვარებისაკენ მოუწოდა. ორშაბათს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ტელეფონით დაურეკა ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრს მოჰამედ კამელ ამრს, რათა გამოეხატა აშშ-ის ადმინისტრაციის შეშფოთება ეგვიპტეში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის გამო. დაძაბული ვითარების განსამუხტად ეგვიპტის მმართველმა „მუსლიმთა საძმომ“ გააუქმა სამშაბათისთვის დაგეგმილი თავისი მხარდამჭერების აქცია, თუმცა მოჰამედ მურსის მოწინააღმდეგეებმა მრავალათასიანი აქციები გამართეს ქვეყნის მასშტაბით. კაიროში კი, თაჰრირის მოედანზე, 27 ნოემბერს პოლიციას კვლავ მოუხდა ცრემლსადენი გაზის გამოყენება ბრბოს დასაშლელად.

მოჰამედ მურსი აცხადებს, რომ მაშინვე გააუქმებს სადავოდ ქცეულ დეკრეტს, როგორც კი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება და ახალი კონსტიტუციის პროექტი შემუშავდება. ეს კი, სავარაუდოდ, მომავალი წლის შუა ხანებშია მოსალოდნელი. ეგვიპტის პრეზიდენტზე დაყრდნობით, მისმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ მურსი კვირის დასაწყისში ელაპარაკა ქვეყნის პრემიერ-მინისტრსა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ამის თაობაზე და აცნობა, რომ მისი დეკრეტი „გარდამავალი პერიოდის რაც შეიძლება სწრაფად დასრულებას ისახავს მიზნად“. მოჰამედ მურსი ივნისიდან შეუდგა მუშაობას, როგორც ეგვიპტის პირველი არჩეული პრეზიდენტი.
XS
SM
MD
LG