Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტელი ოპოზიციონერები რეფერენდუმის წინააღმდეგ


11 დეკემბერი: ოპოზიციის დემონსტრაცია კაიროში
11 დეკემბერი: ოპოზიციის დემონსტრაცია კაიროში
კაიროში ცხრა ადამიანი დაშავდა ეგვიპტის პრეზიდენტ მუჰამად მურსის მომხრეებსა და ოპონენტებს შორის დაპირისპირების შედეგად, ორივე ბანაკის დემონსტრაციების დაწყებამდე. ეგვიპტის მედიის ცნობით, სამშაბათს დილით რამდენიმე პირმა აალებადი ყუმბარები ესროლა კაიროს ცენტრში, ტაჰრირის მოედანზე მყოფ ოპოზიციონერ დემონსტრანტებს.

ეგვიპტელი ოპოზიციონერები პრეზიდენტისაგან მოითხოვენ, გააუქმოს ახალი კონსტიტუციის პროექტის შესახებ რეფერენდუმი, რომელიც შაბათისთვის არის დაგეგმილი. ამ მოთხოვნით იმართება ოპოზიციის დღევანდელი აქციები მაშინ, როცა პრეზიდენტის მომხრეები პირიქით, მოითხოვენ რეფერენდუმის ჩატარებას.

ორშაბათს პრეზიდენტმა მურსიმ არმიას დაავალა, პოლიციასთან ერთად იზრუნოს საზოგადოებრივ წესრიგზე. მან არმიას მიანიჭა სამოქალაქო პირების დაპატიმრების უფლებამოსილებაც.
შევეცდებით, ისე არ მივიდეთ შაბათამდე, რომ ვერაფერს მივაღწიოთ. სიცოცხლეს გავიღებთ, რომ შაბათი არ დადგეს ეგვიპტეში ...

კონსტიტუციის პროექტს, რომელიც ისლამისტების მიერ დომინირებულმა ასამბლეამ დაამტკიცა, ოპოზიცია და უფლებადამცველები აკრიტიკებენ იმის გამო, რომ არ უზრუნველყოფს ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და ქალებისა და უმცირესობების დაცვას. თავის მხრივ, პრეზიდენტი და მისი მომხრეები ახალ კონსტიტუციას აუცილებლად მიიჩნევენ მას შემდეგ, რაც ეგვიპტეში დაემხო ყოფილი პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის მრავალწლიანი მმართველობა.

ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებით ჩანს, რომ მათ მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი რეფერენდუმის გასაუქმებლად ბრძოლა. „შევეცდებით, ისე არ მივიდეთ შაბათამდე, რომ ვერაფერს მივაღწიოთ. სიცოცხლეს გავიღებთ, რომ შაბათი არ დადგეს ეგვიპტეში, რადგან თუ შაბათი დადგა და ჩვენთან არაფერი იქნება შეცვლილი, ღმერთმა დაიფაროს ეგვიპტე“, - უთხრა კაიროში დღევანდელი დემონსტრაციის მონაწილე აჰმედ საიადმა საინფორმაციო სააგენტო როიტერსს.
ეს არის კონსტიტუცია, რომელიც უგულებელყოფს ჩვენს ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს. ის არ აყალიბებს სათანადო დემოკრატიულ სისტემას ...

ჯერ არ არის ნათელი, რას მიანიჭებს უპირატესობას ეგვიპტის წამყვანი ოპოზიციური გაერთიანება „ეროვნული ხსნის ფრონტი“ იმ შემთხვევაში, თუ რეფერენდუმი მაინც ჩატარდება: ბოიკოტისაკენ მოწოდებას ამჯობინებს, თუ რეფერენდუმში მონაწილეობას და უარყოფითი პასუხის მოხაზვას.

„ეროვნული ხსნის ფრონტის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მუჰამად ელბარადეიმ ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია BBC-თან ინტერვიუში დაადასტურა, რომ ოპოზიცია, უწინარეს ყოვლისა, რეფერენდუმის გასაუქმებლად იბრძვის.

„ეს არის კონსტიტუცია, რომელიც უგულებელყოფს ჩვენს ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს. ის არ აყალიბებს სათანადო დემოკრატიულ სისტემას. ამიტომ, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე გადავწყვიტეთ, რომ გავაგრძელებთ აქტიურ ბრძოლას მომავალი შაბათის რეფერენდუმის წინააღმდეგ“, - ამბობს ეგვიპტელი ოპოზიციონერების ერთ-ერთი ლიდერი, მუჰამად ელბარადეი.

ახალი კონსტიტუციის შესახებ რეფერენდუმის გეგმა ყველაზე მწვავე პოლიტიკურ კრიზისს იწვევს ეგვიპტეში მას შემდეგ, რაც 2011 წლის თებერვალში მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს მოჰყვა პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის გადადგომა.
XS
SM
MD
LG