Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლელი ლიდერები მურსის გადაგდებამ რთულ მდგომარეობაში ჩააყენა


მუჰამედ მურსი
მუჰამედ მურსი
დასავლეთის მთავრობები სიფრთხილით ეხმაურებიან სამხედრო გადატრიალებას ეგვიპტეში, ვინაიდან ხალხის მიერ არჩეული ისლამისტი პრეზიდენტი, მუჰამედ მურსი, ეგვიპტის არმიამ გადააყენა. დასავლეთში არც მხარი დაუჭერიათ და არც გაუკიცხავთ ეს გადატრიალება, რომლის შედეგადაც არმიამ კონსტიტუცია შეაჩერა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის პირობა დადო. რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კლერ ბიგი იტყობინება, რომ ეგვიპტეში განვითარებული მოვლენები უხერხულ მდგომარეობაში აყენებს დასავლეთს.

პრაღა, 4 ივლისი, 2013 (რადიო თავისუფლება): მთელი მსოფლიო ეხმაურება ოთხშაბათს, 3 ივლისს, ეგვიპტის არმიის მიერ პრეზიდენტ მურსის გადაგდებას.

რამდენიმე არაბული სახელმწიფო მიესალმა ისლამისტი ლიდერის გადაყენებას და მიულოცა ადლი მანსურს, კონსტიტუციური სასამართლოს თავმჯდომარეს, ეგვიპტის დროებით პრეზიდენტად დანიშვნა.

ამის საპირისპიროდ, მურსის გადაგდება დაგმო თურქეთის ისლამისტურმა მთავრობამ.

თუმცა დასავლელი ლიდერები ჯერჯერობით ორჭოფობენ. მათ მურსის გადაყენება არ შეუფასებიათ სახელმწიფო გადატრიალებად, რასაც შეეძლო გამოეწვია სანქციები.

ექსპერტები აცხადებენ, რომ ბევრი მთავრობა ფრთხილობს და არ სურს მხარი დაუჭიროს მმართველს, რომელიც ძალიან მალე გახდა არაპოპულარული ეგვიპტეში.

ბევრი სახელმწიფო დაინტერესებულია სტაბილურობით ქვეყანაში, რომელზეც გადის სუეცის არხი და რომელიც ტრადიციულად გადამწყვეტ როლს ასრულებდა ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკაში. ლონდონში დაფუძნებული კვლევითი ინსტიტუტის ”ჩეთემ ჰაუზის” ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში მაჰა აზამი ამბობს, რომ დასავლეთი ასევე შეშფოთებულია ისლამისტური მთავრობით ახლო აღმოსავლეთში.

"არმია ყველაზე ძლიერი მოთამაშეა ქვეყანაში. მას შეუძლია ქვეყნის მართვა ახალ არჩევნებამდე, გარდამავალ პერიოდში. ახალ არჩევნებში კი ამჯერად არაისლამისტი ლიდერი გაიმარჯვებს -- ან არჩევნებს გააყალბებენ, ან ისლამისტური პლატფორმის კანდიდატები არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ, რადგან ამ ჯგუფების ლიდერებს დააკავებენ ან ხალხი გადაწყვეტს ასე. დასავლეთს ურჩევნია ეგვიპტის სათავეში იხილოს არაისლამისტი პრეზიდენტი ”.

მურსი ეგვიპტის პირველი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი გახდა 2012 წლის 30 აგვისტოს - მას შემდეგ, რაც 2011 წელს არაბული გაზაფხულის აჯანყებამ ჰოსნი მუბარაკის მრავალწლიანი დიქტატურა დაამხო. შემდეგ, არჩევნებში, სწორედ მურსიმ გაიმარჯვა.

ჩვენ არასოდეს ვუჭერთ მხარს სამხედროების ჩარევას ქვეყნის საქმეებში, მაგრამ ახლა ჩვენ გვჭირდება ეგვიპტეში დემოკრატიამ იზეიმოს და ნამდვილი, დემოკრატიული ცვლილება მოხდეს...
დევიდ კამერონი
თუმცა მურსის ერთწლიან მმართველობას თან გასდევდა პოლიტიკური არეულობა და გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობა, რამაც საფუძველი ჩაუყარა გასულ კვირაში გამართულ მასობრივ გამოსვლებსა და მის გადაგდებას.

დასავლელმა ლიდერებმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ ეგვიპტის არმიის ქმედებას მხარს უჭერდა მილიონობით ეგვიპტელი, რომელიც მეტი დემოკრატიისა და კეთილდღეობისკენ მიისწრაფვის.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ აღიარა, რომ დემონსტრანტებს ”სამართლიანი საჩივრები” ჰქონდათ. ობამას თქმით, ”ეგვიპტის მომავალი მხოლოდ ეგვიპტელი ხალხის გადასაწყვეტია.” მიუხედავად ამისა, მან შეშფოთება გამოთქვა სამხედროების გადაწყვეტილების გამო და აღნიშნა, რომ მურსიმ საპრეზიდენტო სავარძელი ლეგიტიმურ არჩევნებში მოიგო და რომ შეერთებული შტატები გადახედავს ეგვიპტისთვის გამოყოფილი დახმარების საკითხს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდო ვესტერველემ განაცხადა, რომ ეგვიპტეში ”ისტორიული მოვლენები” ვითარდება და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა ”გააგრძელებს დემოკრატიის გზაზე სიარულს.” ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონიც მოერიდა მურსის გადაგდების უპირობოდ დაგმობას:

”ჩვენ არასოდეს ვუჭერთ მხარს სამხედროების ჩარევას ქვეყნის საქმეებში, მაგრამ ახლა ჩვენ გვჭირდება ეგვიპტეში დემოკრატიამ იზეიმოს და ნამდვილი, დემოკრატიული ცვლილება მოხდეს. ამ პროცესში ყველა მხარე უნდა იყოს ჩართული. ამას ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები გარკვევით ვეტყვით ეგვიპტელებს”.

დასავლელი ლიდერების შეფასებებს აკრიტიკებენ პოლიტიკური მიმომხილველები, რომლებიც ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ მურსი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი იყო და რომ მისი გადაგდება სამხედრო გადატრიალების ტოლფასია. აზამი აცხადებს, რომ თუ დასავლეთი მტკიცედ არ დაგმობს ხელისუფლების ძალის გამოყენებით შეცვლას, მაშინ გაჩნდება ეჭვი, რომ ის ახლო აღმოსავლეთში დემოკრატიული პროცესებით არაა დაინტერესებული:

”ამგვარი პოზიციის დაკავებით დასავლეთი აცხადებს: ”ჩვენ მხარს ვუჭერთ დემოკრატიას, მაგრამ ქუჩაში საკმარისი ხალხი იყო გამოსული მურსის წინააღმდეგ”. ეს კი ძირს უთხრის დემოკრატიის არსს. დემოკრატიზაციის პროცესმა, რომელსაც ხელი შეუწყო არაბულმა გაზაფხულმა, ძლიერი დარტყმა მიიღო. ამას დასავლეთში არც ერთი დემოკრატიული საზოგადოება არ დაეთანხმებოდა”.

ზოგიერთი ქვეყანა ამბობს, რომ რაც გუშინ მოხდა, კარგი ამბავი იყო და რომ ეგვიპტეში ცვლილება უკეთესობას მოასწავებს. მეც ამის იმედი მაქვს. მაგრამ ჩვენ შიშებიც გვაქვს...
ოლა აბდალა
ეგვიპტის არმიამ ასევე შეწყვიტა ისლამისტების შედგენილი კონსტიტუცია და ახალი არჩევნების ჩატარების პირობა დადო, თუმცა კონკრეტული თარიღი არ დასახელებულა.

მურსის მხარდამჭერი სატელევიზიო სადგურები მაუწყებლობიდან მოხსნეს. არმიამ სამხედრო დანაყოფები და ტანკები გამოიყვანა კაიროში მურსის მხარდამჭერების შესაკავებლად. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა მანსურმა განაცხადა, რომ მიესალმება მუსულმანური საძმოს დახმარებას ”სახელმწიფოს შენებაში”, თუმცა, ამ განცხადების მიუხედავად, ადგილობრივი მედია იუწყება, რომ „მუსულმანური საძმოს“ 300 წევრის დაკავების ბრძანებაა გაცემული. თვითონ მურსი უახლოეს რამდენიმე მოკავშირესთან ერთად გაუხმაურებელ ადგილზე ჰყავთ დაკავებული.

მურსის გადაგდებას საზეიმო მსვლელობები მოჰყვა მთელ ეგვიპტეში. ასობით ათასმა ადამიანმა ღამე ქუჩაში გაატარა. თუმცა ბევრი ეგვიპტელი, მათ შორის მურსის ოპონენტებიც, ღრმად შეშფოთებულები არიან. ოლა აბდალამ, ეგვიპტის დამოუკიდებელი გაზეთის ”ალ-მასრი ალ-იუმის” საერთაშორისო ამბების კორესპონდენტმა, რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა:

"ზოგიერთი ქვეყანა ამბობს, რომ რაც გუშინ მოხდა, კარგი ამბავი იყო და რომ ეგვიპტეში ცვლილება უკეთესობას მოასწავებს. მეც ამის იმედი მაქვს. მაგრამ ჩვენ შიშებიც გვაქვს. ამ ქვეყანას სამხედროები 60 წლის მანძილზე მართავდნენ. არ გვაქვს გარანტია, რომ ამ გადატრიალების შემდეგ სამხედროები ხელისუფლებას სამოქალაქო მთავრობას გადასცემენ ”.
XS
SM
MD
LG