Accessibility links

ეგვიპტის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 100-მდე გაიზარდა უსაფრთხოების ძალებსა და ქვეყნის დამხობილი პრეზიდენტის მომხრეებს შორის მომხდარი შეტაკების დროს დაღუპულთა რიცხვი. ევროკავშირი გამოეხმაურა ძალადობას ეგვიპტეში და ორივე მხარეს მოუწოდა თავი შეიკავონ ძალადობის შემდგომი ესკალაციისგან. ეგვიპტის ხელისუფლებამ ძალადობის პასუხად ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა შემოიღო.

ოფიციალური დადგენილების თანახმად, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მხოლოდ ერთი თვით იმოქმედებს. ამასობაში კი ეგვიპტიდან კვლავ მოდის განსხვავებული ცნობები შეტაკების დროს დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ. ეგვიპტის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 100-მდე კაცი დაიღუპა. დამხობილი პრეზიდენტის მუჰამედ მორსის მომხრეები თავიანთი რიგებიდან ასობით დაღუპულზე საუბრობენ. ეგვიპტეში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდო ვესტერველე, რომელმაც ბერლინში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეგვიპტის გარდამავალმა ხელისუფლებამ მშვიდობიანი საპროტესტო აქციის უფლება უნდა უზრუნველყოს:

„მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას დაუბრუნდნენ დიალოგსა და მოლაპარაკებებს, რათა თავიდან აიცილონ ძალადობის ესკალაცია. მოვუწოდებთ ორივე მხარეს დაუბრუნდნენ პოლიტიკურ პროცესს, რაც ყველა პოლიტიკური ძალის მონაწილეობას გულისხმობს“.

ეგვიპტის დროებითმა ხელისუფლებამ რამდენჯერმე მოუწოდა დემონსტრანტებს შეეწყვიტათ საპროტესტო აქციები, ბოლოს კი გააფრთხილა, რომ ძალის გამოყენებით დაშლიდა.
ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტთაგან გაწმინდეს და მთლიანად აკონტროლებენ ნაჰდას მოედანს, რომელზეც 3 ივლისის შემდეგ მცირე ბანაკი ჰქონდათ ისლამისტებს. თუმცა მუჰამედ მორსის მომხრეები დანებებას არ აპირებენ.

სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით კი, პოლიციის სპეცოპერაცია ჯერჯერობით გრძელდება რაბაა ალ ადავიას მეჩეთის წინ, სადაც მორსის მომხრეთა ყველაზე დიდი ბანაკია გაშლილი და, შესაბამისად, მეტი წინააღმდეგობაც არის მოსალოდნელი. მსოფლიოს წამყვანი ტელევიზიებით ნაჩვენებ კადრებში ჩანს დიდი კვამლი მეჩეთის ირგვლივ და ისმის სროლის ხმა, ჰაერში ეგვიპტის სამხედრო შვეულმფრენები დაფრინავენ, ბარიკადებისგან ქუჩების გასაწმენდად კი ქალაქის ცენტრში მობილიზებულია სპეციალური საინჟინრო ტექნიკა.

ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პეტერ სტანომ „უკიდურესად შემაშფოთებელი“ უწოდა კაიროდან მოსულ ცნობებს სპეცოპერაციის დროს ადამიანების დაღუპვისა და დაშავების შესახებ:

„ნება მიბოძეთ გავიმეორო ევროკავშირის პოზიცია, რომ ძალადობით ვერანაირი პრობლემა ვერ გადაწყდება, და ამიტომ ჩვენ ყველა მხარეს კატეგორიულად მოვუწოდებთ მაქსიმალურად თავი შეიკავონ“.

ეგვიპტეში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებულია მეზობელი თურქეთის ხელისუფლებაც. სისხლისღვრის შესაჩერებლად თურქეთის პრემიერ-მინისტრის რეჯეპ ტაიპ ერდოანის ადმინისტრაციამ გაეროს უშიშროების საბჭოს და არაბულ ლიგას სასწრაფო ზემოქმედებისაკენ მოუწოდა. ამასობაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის სისხლიანი შეტაკებების შესახებ ცნობები ეგვიპტის სხვა ქალაქებიდანაც ვრცელდება. ქალაქ სოხაგში, სავარაუდოდ, დამხობილი პრეზიდენტის მუჰამედ მორსის მომხრეებმა სამ კოპტურ ეკლესიას წაუკიდეს ცეცხლი. კოპტებმა სამ ივლისს მხარი დაუჭირეს მორსის გადადგომას. ძალადობას ვერც მედიის წარმომადგენლები გადაურჩნენ. კაიროში მომხდარი შეტაკების დროს ტელეკომპანია „სკაი ნიუსის“ ოპერატორი მაიკ დინი დაიღუპა, რადიოსადგურ „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი კი მანქანიდან გადმოაგდეს და შემდეგ ცოტა ხნით პოლიციაში ჰყავდათ დაპატიმრებული.
XS
SM
MD
LG