Accessibility links

logo-print

ეგვიპტის ქაოსი „არაბული გაზაფხულის“ დასასრულია?


ეგვიპტე

ეგვიპტე

სახალხო აჯანყებებმა, რომლებიც ორი წლის წინ მოედო ლიბიას, ტუნისს, სირიასა და ეგვიპტეს და რომლებსაც, ხშირ შემთხვევაში, ავტორიტარული მთავრობების დამხობა მოჰყვა, მოქალაქეებს ვერ მოუტანა დაპირებული დემოკრატიული რეფორმები და ცხოვრების გაუმჯობესებული პირობები. ეგვიპტეში მიმდინარე პროცესებმა და ავტორიტარიზმთან დაბრუნებამ ბევრ ანალიტიკოსს გაუჩინა შეკითხვა, ხომ არ მოასწავებს ეს „არაბული გაზაფხულის“ დასასრულს.

ერთი წლის წინ ეგვიპტის მოქალაქეები თავიანთი ქვეყნის ისტორიაში პირველ თავისუფალ საპრეზიდენტო არჩევნებში იღებდნენ მონაწილეობას, დღეს კი დემოკრატიის ეს ჩანასახი გამქრალია დამხობილი პრეზიდენტის, არმიის მიერ სამოქალაქო პირების დახოცვისა და სამოქალაქო ომის მზარდი საშიშროების პირობებში.

ეგვიპტე არაა ერთადერთი ქვეყანა, რომელშიც მმართველების წინააღმდეგ წარმატებული აჯანყება მოხდა „არაბული გაზაფხულის“ ფარგლებში და ახლა კი ძალადობამ დაისადგურა. ტუნისსა და ლიბიაში მწვავე ბრძოლაა ძალაუფლებისთვის, ქუჩებში შეიარაღებული დაჯგუფებები დადიან, მოსახლეობაში ღრმავდება სიღარიბე. სირიის მოქალაქეები მძიმე არჩევანის წინაშე დგანან - ან ქვეყანა დატოვონ, ან სასტიკი სამოქალაქო ომის მსხვერპლად ქცევის საფრთხის ქვეშ დარჩნენ. იემენის სუსტი მთავრობა ცდილობს გაუმკლავდეს მტრულად განწყობილ არმიას, ფართოდ გავრცელებულ კანონდარღვევებსა და საკვების დეფიციტს.

დემოკრატიული პროგრესის ნაკლებობამ და ახლა უკვე ეგვიპტეში სამხედრო მმართველობის დაბრუნებამ არაერთ ანალიტიკოსს გაუჩინა ვარაუდი, რომ „არაბული გაზაფხულის“ სახელით ცნობილი პროცესი სიკვდილის პირასაა. ამ ანალიტიკოსებს შორის არის იემენელი აქტივისტი, ნობელის პრემიის თანალაურეატი ტავაკულ კარმანი.

ნამდვილად ძალიან რთულია აქ, ვაშინგტონში, იჯდე და დემოკრატიის ირგვლივ დიდ იმედებზე ლაპარაკობდე, როცა ეგვიპტეში სულ უფრო მეტად ღრმავდება ქაოსი, როცა სირია სისხლიანი სამოქალაქო ომითაა მოცული...
სტიმსონის ცენტრში მომუშავე ანალიტიკოსი მონა იაკუბიანი ამ გავრცელებული შეშფოთების მიზეზებს ასე ხსნის:

„ნამდვილად ძალიან რთულია აქ, ვაშინგტონში, იჯდე და დემოკრატიის ირგვლივ დიდ იმედებზე ლაპარაკობდე, როცა ეგვიპტეში სულ უფრო მეტად ღრმავდება ქაოსი, როცა სირია სისხლიანი სამოქალაქო ომითაა მოცული, როცა ლიბია კვლავ ცდილობს გასამხედროებული დაჯგუფებების უკანონობასთან გამკლავებას. ამდენად, შეშფოთება იმის გამო, თუ მაინც საით მიდის არაბული ქვეყნების გარდამავალი პოლიტიკური პროცესი, საფუძვლიანია“.
იაკუბიანი, რომელიც ორი თვის წინ ტუნისში იმყოფებოდა, მიიჩნევს, რომ საქმე, მართლაც, პოლიტიკურ კრიზისთან გვაქვს, თუმცა ეს კრიზისი, შესაძლოა, საკუთრივ გარდამავალი პროცესის სირთულეებით იყოს გამოწვეული:

„ჩემი აზრით, გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტორი, რომ ეს გარდამავალი პროცესები ნაწილია ისტორიული ტრანსფორმაციისა, რომელიც მთელ რეგიონსაა მოდებული და რომელსაც, ჩემი აზრით, მთელი თაობის ცვლა ან კიდევ უფრო მეტი დრო დასჭირდება“.
ანალიტიკოსის თქმით, იმის გამო, რომ პირველი ამბოხება ტუნისში - და შემდეგ ყველაზე მასშტაბური ამბოხება ეგვიპტეში - მეტნაკლებად წარმატებით შედგა, ბევრს მიეცა იმედი, რომ პოსტრევოლუციური პერიოდიც ასე თუ ისე უპრობლემოდ ჩაივლიდა.

მაგრამ ამბოხებების შემდეგ გაჩენილმა სახელისუფლო ვაკუუმმა ბიძგი მისცა მწვავე პოლიტიკურ კონფლიქტს იმ ჯგუფებს შორის, რომლებსაც დემოკრატიის გამოცდილება არ ჰქონდათ. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ისლამისტები და სეკულარისტები. ხალხს, ვინც რეპრესიული მთავრობების პირობებში, წლების განმავლობაში მარგინალიზებული იყო, ახლა თავისი რელიგიური და პოლიტიკური შეხედულებების გამოთქმის საშუალება მიეცა, ამან კი საზოგადოებაში არსებული ღრმა განხეთქილება გამოიტანა სააშკარაოზე და ზოგ შემთხვევაში ძალადობასაც მისცა ბიძგი.

როცა ამ რეგიონში აქტივისტ ქალებს ელაპარაკები, კვლავ გრძნობ მყარ ოპტიმიზმს - გაქვს განცდა, რომ იმედი არ გამქრალა. ტუნისელმა აქტივისტმა მითხრა, რომ „არაბული გაზაფხული“ მისთვის კვლავაც ცოცხლობს...
იაკუბიანის და სხვა ანალიტიკოსების აზრით, ეს ქაოსური მოვლენები ნაწილობრივ ლოგიკური შედეგია, რომელიც მოჰყვა ათწლეულების მანძილზე მოქმედი ავტორიტარული რეპრესიების დასრულებას. თუმცა მონა იაკუბიანი მიიჩნევს, რომ, ბევრი ექსპერტის პესიმიზმის მიუხედავად, ამ ქვეყნების ბევრ მოქალაქეს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი „არაბული გაზაფხულის“ იდეალებისთვის ბრძოლა.

ამ პოზიციას იზიარებს კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი და რეგიონის საკითხების სპეციალისტი კარიმა ბენუნიც:

„როცა ამ რეგიონში აქტივისტ ქალებს ელაპარაკები, კვლავ გრძნობ მყარ ოპტიმიზმს - გაქვს განცდა, რომ იმედი არ გამქრალა. ტუნისელმა აქტივისტმა მითხრა, რომ „არაბული გაზაფხული“ მისთვის კვლავაც ცოცხლობს - მეტიც, ის თვლის, რომ სწორედ ამ პროცესის გამოხატულებაა ის არაორდინარული ძალის წინააღმდეგობა, რომელსაც მის ქვეყანაში უწევენ ახლა უკვე ისლამიზმს და ახალი ტოტალიტარიზმის - თეოკრატიული ტოტალიტარიზმის - დაარსების საფრთხეს. „არაბული გაზაფხული“ ამ აქტივისტისთვის არის მშვიდობიანი პროცესი ჭეშმარიტად დემოკრატიული ალტერნატივის დასამყარებლად“ - ამბობს ის.

ბენუნი ეთანხმება ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ბევრი სხვა ანალიტიკოსის პოზიციას: იმისათვის, რომ რევოლუციებმა შედეგი გამოიღოს, ეკონომიკური პროგრესი პოლიტიკურ პროგრესზე არანაკლებ მნიშვნელოვანია.

ჰოსნი მუბარაქის რეჟიმის დამხობის შემდეგ ეგვიპტეში გაიზარდა უმუშევრობა, სიღარიბე, საკვების დეფიციტი; შეწყდა საგარეო ინვესტიციები, მნიშვნელოვნად შემცირდა ტურიზმი.

ნავთობით მდიდარ ლიბიაში მთლიანი შიდა პროდუქტი 2011 წლის შემდეგ 60 პროცენტით შემცირდა - მუამარ კადაფის დასამხობად მიმდინარე ბრძოლის პირობებში უცხოურმა კომპანიებმა ქვეყნიდან თავიანთი მუშახელი გაიყვანეს.
ბენუნი მრავლისმეტყველად მიიჩნევს ფრაზას, რომელიც მას ერთმა ეგვიპტელმა ქალმა უთხრა: გატეხილ მილსადენს ვერ შეაკეთებ ‘ალაჰ აკბარის’ დაძახებითო.

ისტორიიდან ვიცით, რომ რევოლუციურ პოლიტიკურ ცვლილებებს დიდი დრო სჭირდება. კიდევ ერთი ცნობილი პოლიტკური გაზაფხული, რომელიც 1968 წელს პრაღაში იყო, საბჭოთა ტანკებით ჩაახშეს, თუმცა მან ორი ათწლეულის შემდეგ გამოიღო შედეგი, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დემოკრატიზაციით და ბერლინის კედლის დანგრევით.

ანალიტიკოსების ნაწილს - მონა იაკუბიანის ჩათვლით - სწორედ ეს აძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. ისინი იმედოვნებენ, რომ „არაბული გაზაფხულის“ შემდეგ დამდგარ ქაოსურ და ძალადობრივ პერიოდს უკვე ახალი თაობა დაძლევს.

ამ თაობამ უკვე გამოსცადა თავისუფლება და მას არანაირ ფასად არ დათმობსო, ამბობს მონა იაკუბიანი.
XS
SM
MD
LG