Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის მთავრობამ „მუსლიმთა საძმო“ „ტერორისტულ“ ორგანიზაციად გამოაცხადა


ეგვიპტის პარლამენტი
ეგვიპტის პარლამენტი
ეგვიპტის სახელმწიფო მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, პრემიერ-მინისტრმა „მუსლიმთა საძმო“ „ტერორისტულ“ ორგანიზაციად გამოაცხადა.

ამის შესახებ განცხადებით გამოვიდა პრემიერ-მინისტრ ჰაზემ ბებლავის პრესმდივანი რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც კაიროდან ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ მანსურაში პოლიციის სადგურის შენობის წინ მანქანაში დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა. როგორც იუწყებიან, აფეთქებას შეეწირა, სულ მცირე, 14 ადამიანი, დაშავდა კიდევ 100-მდე პირი. აფეთქების შედეგად პოლიციის შენობა დაინგრა.

„მუსლიმთა საძმომ“ სამშაბათს გაავრცელა განცხადება, რომელშიც „უმკაცრესი ფორმით“ გმობს თავდასხმას. პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა თავდასხმის მოწყობაში ბრალი „მუსლიმთა საძმოს“ დასდო.

თავდასხმამდე ერთი დღით ადრე აბსარ ბეიტ ალ-მაყდისის სახელის მატარებელმა ჯგუფმა გაავრცელა განცხადება, რომ ეგვიპტის უშიშროების ძალებს „ურწმუნოებად“ აღიქვამს, რადგან ისინი ემორჩილებიან ქვეყნის სეკულარულ, სამხედრო ძალებით მხარდაჭერილ მთავრობას.

ორშაბათს დავაკავეთ ოთხი აქტივისტი, რომლებმაც ამ ინციდენტებიდან რამდენიმე აღიარეს და ახლა იციან, რომ მათ წინააღმდეგ ზომებს მივმართავთ. ყველა ეს ინციდენტი წარმოადგენს გზიდან გადახვევის...
მუჰამედ იბრაჰიმი
ეგვიპტის შინაგან საქმეთა მინისტრმა მუჰამედ იბრაჰიმმა მანსურაში აფეთქების ადგილის მონახულების შემდეგ ტელევიზიით გაავრცელა განცხადება და „მუსლიმთა საძმოსთან“ მიმართებით თქვა, უსაფრთხოების უწყებები პასუხს აგებინებენ იმ „ბნელ ტერორისტულ ძალებს“, რომლებიც ეგვიპტის სტაბილურობის შერყევას ცდილობენო:

„ორშაბათს დავაკავეთ ოთხი აქტივისტი, რომლებმაც ამ ინციდენტებიდან რამდენიმე აღიარეს და ახლა იციან, რომ მათ წინააღმდეგ ზომებს მივმართავთ. ყველა ეს ინციდენტი წარმოადგენს გზიდან გადახვევის და [2014 წლის იანვრის საკონსტიტუციო] რეფერენდუმის წინ ხალხის დატერორების მცდელობას. მაგრამ მსურს ხალხი მტკიცედ დავარწმუნო, რომ სამხედრო ძალებთან ერთად შემუშავებულია გეგმა, რომ ყველა საარჩევნო ცენტრი უმაღლეს დონეზე იყოს დაცული. ღვთის ნებით, ეს დღე მშვიდობიანად ჩაივლის“.

„მუსლიმთა საძმოს“ ბრალად ედება უსაფრთხოების ძალებზე არაერთი თავდასხმის მოწყობა მას შემდეგ, რაც ჯარმა ივლისში ისლამისტი პრეზიდენტი მუჰამედ მურსი გადააყენა.

ქვეყნის პირველი თავისუფლად არჩეული ლიდერის, მურსის გადაყენებას წინ უძღოდა მისი მმართველობის წინააღმდეგ მიმართული მასობრივი საპროტესტო გამოსვლები. პრეზიდენტის გადაყენების შემდეგ თანამედროვე ეგვიპტის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი შიდა კონფლიქტი მიმდინარეობს.
უსაფრთხოების ძალებმა მურსის ასობით მომხრე მოკლეს, „მუსლიმთა საძმოს“ შევიწროების კამპანიის ფარგლებში, „მუსლიმთა საძმოსი“, რომელიც მანამდე ეგვიპტის ყველაზე ძლიერი პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაცია იყო. პარალელურად, გაგრძელდა დაგახშირდა სისხლიანი თავდასხმები უსაფრთხოების ძალებზე.

სახელმწიფომ „მუსლიმთა საძმო“ აკრძალა, რამაც საძმოს წევრების იატაკქვეშეთში გადასვლა გამოიწვია. საძმოს ათასობით მომხრე დაპატიმრებულია. მთავრობა საძმოს ძალადობრივ ქმედებებში სდებს ბრალს, თუმცა თავად ორგანიზაცია ამ ბრალდებას უარყოფს.

ზოგიერთი ანალიტიკოსის ვარაუდით, ეგვიპტეში შესაძლოა შიდა ისლამური ამბოხება მოხდეს. ამ საფრთხეს აძლიერებს დიდძალი იარაღი, რომელიც ეგვიპტეში მეზობელი ლიბიიდან კონტრაბანდულად შეიტანეს მას შემდეგ, რაც იქ სამი წლის წინ მუამარ კადაფის წინააღმდეგ დაიწყო ამბოხება.
XS
SM
MD
LG