Accessibility links

ისრაელის თავდაცვის მინისტრი პოლიტიკიდან მიდის


ისრაელის თავდაცვის მინისტრი ეჰუდ ბარაკი

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ეჰუდ ბარაკი

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ეჰუდ ბარაკმა ორშაბათს განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის - თანამდებობაზე მხოლოდ იანვრის არჩევნებამდე დარჩება: „დღეს თქვენ წინაშე ვარ, რათა გაუწყოთ ჩემი გადაწყვეტილება პოლიტიკიდან წასვლისა და კნესეთის არჩევნებში მონაწილეობის მიუღებლობის თაობაზე. ამ გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ იყო, თუმცა, საბოლოო ანგარიშით, ის მე მთელი გულით მივიღე“.

ბარაკის გადაწყვეტილება მოულოდნელია და აჩენს კითხვებს იმის თაობაზე, თუ რა პოლიტიკას გაატარებს ისრაელი მომავალში ირანის ბირთვულ პროგრამასთან მიმართებით.

70 წლის ვეტერანი სამხედრო პირი და პოლიტიკოსი ეჰუდ ბარაკი თავდაცვის მინისტრის პოსტზე 2007 წლიდან მუშაობს. 1999-დან 2001 წლამდე ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო.

მას შემდეგ, რაც ღაზის სექტორზე ისრაელის მიერ მიტანილი რვადღიანი იერიში ზავით დასრულდა, ბარაკის პოლიტიკური კარიერა მორიგ აღმასვლას განიცდიდა, თუმცა, გამოკითხვების თანახმად, მისი ცენტრისტული პარტია, რომელიც მემარჯვენე ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობაში შედარებით მცირერიცხოვანი პარტნიორია, 22 იანვრის არჩევნებში მხოლოდ 4 მანდატის მოპოვებას შეძლებს ისრაელის 120 ადგილიან პარლამენტში.

ბარაკი უწინ მემარცხენე ცენტრისტულ ლეიბორისტულ პარტიას ხელმძღვანელობდა. ის ირწმუნება, რომ ირანთან მიმართებით მას და ნეთანიაჰუს ერთი პოზიცია აქვთ. ირანი ის საკითხია, რომლის გარშემოც პრემიერ-მინისტრს დროდადრო უთანხმოება ექმნება აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან.

ბარაკი, მემარჯვენე და ახალი დასახლებების მხარდამჭერი მმართველი კოალიციის ერთადერთი ცენტრისტი წევრი, ხშირად სტუმრობდა ვაშინგტონს, აშშ-ის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებების გამართვის მიზნით. დროდადრო ის ნეთანიაჰუს აშშ-ისგან განსხვავებული შეხედულებების გამოთქმის გამო აკრიტიკებდა.
პატივისცემით ეკიდება თავდაცვის მინისტრ ეჰუდ ბარაკის გადაწყვეტილებას, მადლობას უხდის მას მთავრობაში გაწეული თანამშრომლობისთვის ...

ორშაბათს საჩქაროდ მოწვეულ პრესკონფერენციაზე ბარაკმა განაცხადა, რომ არჩევნებზე ის არ იქნება ნეთანიაჰუს ლიკუდის პარტიის სიაში. გამარჯვებას სწორედ ამ პარტიას უწინასწარმეტყველებენ.

ეჰუდ ბარაკმა განაცხადა, რომ ის თანამდებობაზე ახალი მთავრობის ფორმირებამდე დარჩება და ასევე მიანიშნა, რომ მისი გადაწყვეტილება რაიმე მნიშვნელოვან გავლენას არ იქონიებს ისრაელის მხრიდან ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის მიზნით გატარებულ პოლიტიკაზე: „ირანის საკითხი კვლავ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება - მაშინაც კი, როცა მე სამი თვის შემდეგ პოსტს დავტოვებ. ის ერთ-ერთ მთავარ საკითხად დარჩება. ახლა ამაზე მეტის თქმა უადგილო იქნება“, განაცხადა ბარაკმა, რომელსაც ხშირად აღიქვამდნენ ერთგვარი მოზომილი ხმის პატრონად თუ ზომიერი პოზიციის მქონედ ირანის წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო იერიშის თაობაზე მსჯელობის პროცესში.

70 წლის პოლიტიკოსმა ისრაელის მოქალაქეებს უთხრა, რომ სურს მეტი დრო დაუთმოს ოჯახს. პოლიტიკა ჩემთვის განსაკუთრებული ვნების საგანი არასოდეს ყოფილა, ახლა კი ვგრძნობ, რომ ისრაელის წამყვანი თანამდებობებისკენ სხვა პოლიტიკოსებსაც უნდა გაეხსნას გზაო, განაცხადა მან.
ბარაკმა იქვე დასძინა, რომ მზად არის მომავალ მთავრობას რჩევებით დაეხმაროს, თუკი ამის საჭიროება იქნება.

ცნობას უკვე გამოეხმაურა ნეთანიაჰუ. გავრცელებულ განცხადებაში ის წერს, რომ „პატივისცემით ეკიდება თავდაცვის მინისტრ ეჰუდ ბარაკის გადაწყვეტილებას, მადლობას უხდის მას მთავრობაში გაწეული თანამშრომლობისთვის და დიდად აფასებს იმ დიდ წვლილს, რომელიც ბარაკმა სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეიტანა“.

ღაზის სექტორში კი „ჰამასისგან“ დაკომპლექტებულმა მთავრობამ ბარაკის გადაწყვეტილება იმის დასტურად აღიქვა, რომ ისრაელის მიერ ანკლავზე თავდასხმა კატასტროფა იყო:

„ამით დამტკიცდა ის პოლიტიკური თუ სამხედრო ფიასკო, რომელიც ნეთანიაჰუს მთავრობამ და მისმა თავდაცვის მინისტრმა განიცადეს“, - განაცხადა „ჰამასის“ პრესმდივანმა, ფავზი ბარჰუმმა.

ისრაელი თავის სამხედრო კამპანიას წარმატებულს უწოდებს და აცხადებს, რომ ღაზაზე შეტევით შეძლო „ჰამასის“ გრძელი მანძილის რაკეტების არსენალის განადგურება და ისლამისტური დაჯგუფების წამყვანი ფიგურების დახოცვა.
რვადღიან ძალადობას 166 პალესტინელი და 6 ისრაელელი ემსხვერპლნენ.
XS
SM
MD
LG