Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა გიგაური - უფლებადამცველი


3 ივნისი, კვირა
ეს კვირადღე ნაკლებად ჰგავდა კვირას, მისი კლასიკური გაგებით. დილიდან სამსახურის საქმეებზე დავრბოდი. შუადღეს ვემზადებოდი ბათუმში გასამგზავრებლად, სადაც ხვალ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს უნდა შევხვდე. შევირბინე ოფისში და მაინც ამოვბეჭდე სხვადასხვა ტიპის მასალა - რა იცი, რაში დამჭირდება... მნიშვნელოვანია, რომ მომზადებული იყო ასეთი შეხვედრის წინ. მართალია, გასულ კვირას ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პირველი პირი სამოქალაქო საზოგადოებას შეხვდება, მაგრამ ბოლო მომენტამდე არ ვიცოდით, ვის და როდის შევხვდებოდით. მოკლედ, ასეა თუ ისე, შეხვედრა ჰილარი კლინტონის დელეგაციასთან შედგება და ეს ძალიან კარგია, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ამდენი მნიშვნელოვანი წამოწყება გვაქვს!

არა, აუცილებელია, რამე მოვუხერხოთ ამ მედიაგარემოს - ხალხი თუ ჩარჩოში მოამწყვდიე და ინფორმაციის წყარო გადაუკეტე, ძალიან ცუდ შედეგს მიიღებ, ცოტა ხანში ნამდვილად ძალიან ცუდად შემოგიბრუნდება! ეს არ უნდა დავუშვათ, არ უნდა დავუშვათ, რომ ხალხი ვაკუუმში ვამყოფოთ. ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს თანამედროვე საქართველოში.

ჩუგომ გამომიარა, ანუ თამუნა ჩუგოშვილმა. საიას ჩვენს მეგობარ ორგანიზაციას ვეძახი; ან, თანამედროვე ტერმინოლოგიით რომ ვთქვა, პარტნიორს. გადავწყვიტეთ, ბათუმში ერთი მანქანით წავიდეთ. გზაში ბევრი ვილაპარაკეთ ყველაფერზე: ჩვენზე, პოლიტიკაზე, საქართველოს მომავალზე... ცოტა გვაწუხებს, მართლა რა იქნება რამდენიმე თვეში, არ გვინდა, რომ არასასიამოვნო პროცესები განვითარდეს. არ სჭირდება ეგ არავის - არც ამ ქვეყანას, და არც მის ხალხს! ყველა დაიღალა ამდენი დავიდარაბით, ერთხელ და სამუდამოდ უნდა მორჩეს დაპირისპირება და ყველამ ხალხზე ზრუნვა დაიწყოს... ცოტა მიამიტურია, არა?

ბევრი ვილაპარაკეთ იმაზე, თუ რაზე გავაკეთოთ აქცენტები ორშაბათის შეხვედრაზე. კარგია, რაღაც დოკუმენტები წამოვიღე: ახლა კი ნამდვილად გვქონდა რამდენიმე საათი, რომ ზედმიწევნით შეგვესწავლა ამ must carry-სა და must offer-ის ევროპული გამოცდილება, გვემსჯელა, რა არის საქართველოსთვის მისაღები და რა - არა. ძალიან რთული საკითხია! ძნელია, დეტალებში აუხსნა ადამიანებს და მიახვედრო, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნისთვის. მე მგონი, მზად ვართ, რომ იტყვიან, „ბრძოლისა და თავდადებისთვის“; უბრალოდ, ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, ზოგჯერ ზედმეტსაც.
თავისუფლების დღიურები - ეკა გიგაური
please wait

No media source currently available

0:00 0:14:26 0:00
გადმოწერა

მივუახლოვდით ბათუმს. ვერაფერს იტყვი, ქალაქი შეიცვალა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ერთადერთი რამ არ შეცვლილა - სასტუმროს მომსახურება. უცნაურია, რაში იხდის ქართველი მომხმარებელი ამოდენა საფასურს?! მე მგონი, ძვირი ფასი ადევს იმ მომსახურებას, რასაც, საბოლოოდ, ვიღებთ. მიუხედავად სასტუმროს შესასვლელში ამოტვიფრული ოთხი უზარმაზარი ვარსკვლავისა, ოთახში არ მუშაობდა ონკანი, იდგა სიგარეტის კვამლის აუტანელი სუნი, მინიბარი საგულდაგულოდ იყო ჩარაზული და ოთახის მჭიდროდ ჩასმული კარის გაღება, ალბათ, მთელს სასტუმროს ესმოდა... დაღლილი რომ ხარ, ამას ნაკლებად აქცევ ყურადღებას, მაგრამ ამ კონკრეტულ სასტუმროში მაშინვე გამოგაფხიზლებს ის უჩვეულო დიზაინი, რომელიც სასტუმროს შესასვლელში გხვდება. საინტერესოა, ვისი კრეატიული იდეა იყო აქ უზარმაზარი, განათებული მწვანე პლასტმასის კაქტუსების დადგმა, მათ თავზე კი რაფაელისა და რემბრანდტის ტილოების რეპროდუქციების დაკიდება. შემომსვლელის ყურადღებას ასევე მაშინვე იპყრობს უზარმაზარი ზებრას ფოტოც ერთ-ერთ კედელზე. აქ არის როგორც ძველი სტილის ჩუქურთმებში ჩასმული სკამები და სავარძლები, ისე სოკოს ტიპის ბარის მაგიდები, რომელთა გვერდითაც, როგორც ჩანს, მუსიკოსებისთვის გამოყოფილი ადგილია, სადაც მიკროფონები და სხვადასხვა დასაკრავი ინსტრუმენტი დგას. მოკლედ, ეს ყველაფერი სატელევიზიო სტუდიას ან დისკოთეკას მოგაგონებს. ცოტა დამთრგუნველიც კია...

საღამოს გავისეირნეთ ღამის ბათუმში. ლამაზია... მშენებლობების გამო ბევრი მტვერია, მაგრამ ქალაქი უდავოდ ლამაზია. დავსხედით მოედანზე, სადაც ცოცხალ მუსიკას ასრულებდნენ. რა პატარაა საქართველო! ბევრი ნაცნობი შეგვხვდა. აგერ, აქვე ვარშალომიძეც გამოჩნდა მეგობრებთან ერთად. ცოტა უცნაურად კი გვიყურებდა, კრიტიკულ საკითხებზე რომ ვლაპარაკობდით... ან, იქნებ, არც გვიყურებდა და მხოლოდ მომეჩვენა. ღამის პირველ საათამდე ვისხედით, დრომ სწრაფად გაირბინა. დაღლილებმა, კარგად დავიძინეთ...

ჰო, მართლა, ონკანი გამიკეთეს!

4 ივნისი, ორშაბათი
საუზმე ნორმალური იყო. ბევრი ირანელი შეგვხვდა. საინტერესოა, რატომ არის ამდენი ჩამოსული. იყვნენ თურქებიც, ოჯახებთან ერთად. ჩემთვის ეს ცოტა უცნაურია - თურქეთში დასვენება ნამდვილად საქართველოზე იაფია. ალბათ, სხვა რამ თუ იზიდავთ... ეს საკითხი უკეთ უნდა შევისწავლო.

დილით ოფისში წავედი; რომ იტყვიან, „ოფისს დავხედე“. გამიხარდა, რომ იქ დამხვდა ბევრი სტუდენტი, რომლებიც ჩვენთან სტაჟირებას გადიან. თანამშრომლობა ბათუმის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტთან შედგა. სულ ვფიქრობ, რა პატარა ოფისი გვაქვს და რამდენ საქმეს ვაკეთებთ! ერთი წელიც კი არ არის, რაც ბათუმში ვართ და უკვე ბევრი გვიცნობს. იმიტომ, რომ ძალიან კარგები არიან ოფისის თანამშრომლები, მათთან მეტი დრო უნდა გავატარო. ვილაპარაკეთ, რა შეიძლება დაიწეროს ახალი აჭარაზე. მაგალითად ის, რომ რამდენიმე თვის წინ, ჟურნალისტის შეურაცხყოფისთვის დათხოვნილი აჭარის პოლიციის უფროსი ვარშალომიძის მრჩევლად დაინიშნა. ძნელია ამაზე ზუსტი ინფორმაციის მოპოვება, უამისოდ კი ვერაფერს ვიტყვით. ან იმაზე, თუ რა მდგომარეობაა აჭარაში საკუთრების უფლებების მხრივ. ამაზე ხომ ბევრს ვმუშაობთ. სულ ვფიქრობ, მეტი უნდა ვიაროთ სოფლებში, ველაპარაკოთ ხალხს, გავიგოთ, რა პრობლემები აწუხებთ... ამას სულ ვაკეთებთ, მაგრამ კიდევ უფრო მეტად უნდა გავაქტიურდეთ. რამდენი რამეა, რაც არ ვიცით! იქნებ შეგვიძლია, ვინმეს მეტად დავეხმაროთ?..

ვნახე მარკ მალენი, ჩვენი გამგეობის თავმჯდომარე. მარკს იცნობს თითქმის ყველა, ვინც კი ბოლო 15 წლის განმავლობაში ჩართულია ქართულ პოლიტიკაში. მე რომ მკითხო, ეს კაცი ნახევრად ქართველია... ყოველთვის მგონია, რომ ძალიან კარგად ესმის საქართველო და, რაც მთავარია, ძალიან უყვარს ქართველი ხალხი. ესმის-მეთქი, რომ ვამბობ, ამის დასტურად ის მაქვს, თუ როგორ მეგობრულად აშარჟებს ჩემს ხასიათს, რომელშიც მკვეთრად არის გამოხატული მთის ხალხისთვის დამახასიათებელი თვისებები. თუკი ნახა, რომ რაღაცაზე აღვშფოთდი, ან „მოხევის ქალო თინაოს“ წაიმღერებს, ან კიდევ მომწერს: „თუში ვარ და მაგარი ვარ!“ თანაც, ქართულად. მოკლედ, ეს ყველაფერი ძალიან სახალისოა! მარკი ბათუმში ამჯერად უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე იყო მწერალ კეთრინ შულცთან ერთად. ამ ახალგაზრდა მწერლის წიგნი - „როცა ცდები. თავგადასავალი შეცდომების ზღვარზე“ - ახლახან ითარგმნა და დაიბეჭდა ქართულ ენაზე. ძალიან საინტერესო წიგნია, რომელშიც საუბარია შეცდომებზე და იმაზე, როგორ უნდა აღვიქვათ ისინი. მართლაც, რა საინტერესო ფენომენია შეცდომა! საინტერესოა, ადამიანი ჩაიდენს თუ არა შეცდომას, თუ ეცოდინება მისი გრძელვადიანი შედეგი? ან ყველა შეცდომის საბოლოო შედეგი ყოველთვის უარყოფითია? ვფიქრობ, ყველაფერი კარგი და ცუდი, რაც გვაქვს, გარკვეული მოვლენების ერთობლივი შედეგია და, საბოლოოდ, ნებისმერი ჩვენი ქმედებების ერთობლიობიდან გამომდინარეობს. ამიტომ, ზოგიერთი შეცდომა შეიძლება სულაც არ იყოს სავალალო და გრძელვადიან პერიოდში სიკეთის მომტანიც კი გახდეს...

მივედით შეხვედრაზე ბათუმის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, სადაც უკვე პრესის წარმომადგენლებიც გველოდნენ. საინტერესოა, ზოგადად, ქართული პრესა. ორი რამ ვერ გამიგია: პირველი - რატომ გწერენ პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ? მაშინ რა აზრი აქვს პრესკონფერენციას, თუ ყველა მაინც სათითაოდ გწერს? და მეორე - რატომ გწერენ შეხვედრის დაწყებამდე და გეკითხებიან სავარაუდო შედეგებზე? რა შეიძლება ითქვას ამ დროს? თითქმის არაფერი, უბრალოდ, დადგმული და მშრალი ფრაზები. ამჯერადაც იგივე მოხდა. თუმცა კარგია, რომ შეხვედრის შემდეგაც მოგვეცა საშუალება, კიდევ ერთხელ გველაპარაკა პრესასთან.

შეხვედრა მართლაც საინტერესო იყო, კმაყოფილები ვართ მეც, თამუნაც და ნინო ლომჯარიაც. მაქსიმალური აქცენტი მედიაზე გავაკეთეთ. ვუთხარით, რომ ჩვენ არ ვართ ის არასამთავრობოები, რომლებიც ვერ ხედავენ ქვეყნაში არსებულ პროგრესს რევოლუციის შემდეგ. ჩვენ, უბრალოდ, გვგონია, რომ ეს მიღწევები სულ ცოტა ხანში წყალში შეიძლება ჩაიყაროს; რომ ქვეყნის მომავალ სტაბილურობას საფრთხე დაემუქრება, თუ საქართველოში არ ჩატარდა თავისუფალი არჩევნები. ამისთვის კი საჭიროა: თავისუფალი მედიაგარემო და მოსახლეობისთვის მრავალფეროვანი მედიის ხელმისაწვდომობა, ეფექტიანი მექანიზმების შემუშავება, რომლებიც აღკვეთს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას მმართველი პარტიის სასარგებლოდ, კანონის უზენაესობა, იმისთვის, რათა კანონის წინაშე ყველა პოლიტიკური მოთამაშე თანაბარი იყოს, და გრძელვადიანი საერთაშორისო მეთვალყურეები. მოკლედ, ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო! ყველა საკვანძო საკითხზე ვისაუბრეთ. პირობაც მივიღეთ, რომ ეს ჩვენი გულისტკივილი სახელმწიფო მდივანს ეცნობება და ის უსათუოდ დააყენებს ამ საკითხებს პრეზიდენტთან შეხვედრის დროს. ამ დღეებში ვიღაც ამბობდა, ცოტა უცნაურია, რომ სახელმწიფო მდივანს უნდა შევატყობინოთ ჩვენი მოსაზრებები იმისთვის, რათა მან ეს ჩვენივე ქვეყნის პრეზიდენტს გადასცესო! თითქოს ის იყოს შუამავალი ჩვენს ხალხსა და მთავრობას შორის... ცოტა არ იყოს, კომიკური სიტუაციაა!

შეხვედრის დამთავრებისთანავე თბილისში გამოვემგზავრეთ - კმაყოფილი და იმედით სავსე. გზა მალე გავიარეთ - მეც და თამუნასაც სახლში გვეჩქარებოდა. გზაშივე მივიღეთ რამდენიმე თხოვნა სამშაბათს ეთერში მისვლაზე - ამ შეხვედრაზე სასაუბროდ.

5 ივნისი, სამშაბათი
დღე შალვა რამიშვილის დილის გადაცემაში მონაწილეობით დაიწყო - აინტერესებდა, რა მოხდა შეხვედრაზე და რას შეიძლება ველოდეთ მისგან. იმედია, გასაგებად ავხსენი. ისე კი, ზედმეტი იმედი არ უნდა გვქონდეს, რომ უცხო ქვეყნის ხელისუფლება შეცვლის ჩვენთან რამეს, ჩვენს გასაკეთებელ საქმეს სხვა ვერ გააკეთებს, ხალხმა თვითონ უნდა იაქტიუროს, რომ ცვლილებები მივიღოთ. ცოტა რევოლუციური განცხადება გავაკეთე. თუმცა, მე უფრო მეტად სამოქალაქო აქტიურობას ვგულისხმობ.

ეთერის შემდეგ, საავადმყოფოში გავიქეცი - დედაჩემს ოპერაცია გავუკეთეთ. სერიოზული არაფერია, მაგრამ მაინც ვინერვიულე. ახლა ვხვდები, რომ ჩემი მშობლები ნელ-ნელა ბერდებიან. რა ცუდია ეგ ყველაფერი! გინდა, რომ სულ კარგად და შენს გვერდით იყვნენ, მაგრამ რაც დრო გადის, სულ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობ მათზე. ასეთ დროს ვფიქრობ ხოლმე, რომ მეტი დრო უნდა დავუთმო მათ. ისინი ხომ ხვდებიან, რომ მე ჩემი ცხოვრება მაქვს და არასოდეს გეტყვიან და მოგთხოვენ რამეს; მაგრამ ამ ორომტრიალში ზოგჯერ შენთვის ყველაზე საყვარელი ხალხი შეიძლება დაგავიწყდეს და ეს ძალიან ცუდია!

ჰოსპიტლის შემდეგ ისევ სამსახური, ორი რადიოეთერი, ინტერვიუ „რუსთავი 2“-ისთვის და „მაესტროსთვის“, ისევ მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე, ისევ „ქართული ოცნების“ მიერ ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობაზე... სამწუხაროდ, თემები ხშირად ერთი და იგივეა. საღამოს - შეხვედრა არასამთავრობოებთან „ეს შენ გეხება!“ კამპანიის ფარგლებში. ვილაპარაკეთ, რა შეიძლება მომავალში გავაკეთოთ. ისევ და ისევ must carry და must offer-ი. მომეწონა კლიპები ჩვენი კამპანიისთვის, მართლაც კარგი გამოვიდა!

საღამოს - მიღება შვედეთის საელჩოში. უნდა წავიდე, ბევრი მნიშვნელოვანი ადამიანი შეიძლება ვნახო. უნდა დაველაპარაკო.

6 ივნისი, ოთხშაბათი
მთელი დღე განიხილებოდა, რა თქვეს ჰილარიმ და მიშამ პრესკონფერენციის დროს. თქვა თუ არა სახელმწიფო მდივანმა კონკრეტული გზავნილები, ხაზი გაუსვა თუ არა must carry-ს პრინციპების დანერგვის აუცილებლობას. ბევრი ინტერვიუ ჩამომართვეს. განსაკუთრებით უცნაურები იყვნენ „რეალ TV“-ის ჟურნალისტები. უნდოდათ, რომ „მაესტროსთვის“ მიცემული ინტერვიუდან ერთი კონკრეტული ფრაზა გამემეორებინა; კერძოდ მეთქვა, რომ თუკი ადამიანს რომელიმე პარტიის მაისური აცვია, ეს კიდევ არაფერს ნიშნავს; მთავარი ის არის, იღებდნენ თუ არა ისინი კონკრეტულ დავალებას თავიანთი ხელმძღვანელებისგან. სასაცილოა. ზუსტად ვერ გავიმეორე და, მგონი, ცოტა ნაწყენები დარჩნენ.

საღამოს ვნახე ალეკო ელისაშვილი და მოძრაობა „ჰამქრის“ წარმომადგენლები. მინდა, მათაც დავეხმაროთ მათს საქმიანობაში. გუდიაშვილის მოედანს ისევ ანგრევენ. იქნებ, შეიძლებოდეს რამის გაკეთება? გვერდში ამოვუდგები.

გვიან ღამით გავიგე, რომ სამარშრუტო ტაქსებში რადიოები გათიშეს. არ ვიცი, ამას ვინ იგონებს, მაგრამ ეს კიდევ ერთი საფუძველია ხალხის გასაღიზიანებლად... არ ვიცი, ვის შეიძლება აწყობდეს ეს ყველაფერი. ძალიან დიდი სისულელეა, მე მგონი!

7 ივნისი, ხუთშაბათი
ჰილარი წავიდა და დაიწყო? ყველაფერი ერთ დღეში მოხდა: „მე-9 არხი“ რადიოსიხშირიდან გათიშეს, „ოცნების“ სამი აქტივისტი დააკავეს, ივანიშვილი სამართალდარღვევის სუბიექტად სცნეს... ამას დაემატა ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობის ჩამონგრევა. ყველაფერი ერთმანეთს მიჰყვა - ერთი ნიუსი მეორეს ფარავდა.

გული დამწყდა, რომ საინფორმაციო სივრცე იმდენად გადატვირთული იყო, ჩვენი მასალა გონიოსა და ანაკლიაში საკუთრების ჩამორთმევასთან დაკავშირებით ყურადღების მიღმა დარჩა. ისე, ეს პრობლემაც ხომ მოსაგვარებელია ამ ქვეყანაში? ინფრასტრუქტურის განვითარება კარგია, მაგრამ, ამის გამო მოსახლეობა უმიწოდ არ უნდა დარჩეს, მისი უფლებები არ უნდა დაირღვეს.

ჩვეული გრაფიკი მქონდა - დატვირთული და გადატვირთულიც კი. ოფისში ყველას ვეცოდები, ზრუნავენ იმაზე, რომ ჭამა მაინც მოვახერხო, თან მეჩხუბებიან. ნანა, რომელსაც საზოგადოებასთან ურთიერთობები აბარია, როცა მიყურებს, რა დღეში ვარ, სულ „საწყალს“ და „საცოდავს“ მეძახის; მარიანა კი, ჩვენი პროექტების მოლდაველი კოორდინატორი, მეუბნება, თუ ტელეფონით ამდენს ილაპარაკებ, ტვინის კიბო დაგემართებაო.

ჩვენი ოფისი განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა. თბილისში იშვიათად თუ ნახავ არასამთავრობოს, რომლის ოფისშიც ხალხი ხუთ სხვადასხვა ენაზე საუბრობს. მართლაც რომ სახალისოა! კარგი გუნდი გვყავს, ყველა ერთმანეთს ავსებს. ხუმრობით ხან „შეფს“ მეძახიან, ხან „ბოსს“, ხანაც - „ცარს“. მოკლედ, სასაცილოა...

საღამოს წვიმა წამოვიდა და ზუსტად მაშინ დარეკა ჩემმა მეგობარმა ჰოლანდიიდან. ჩამოსულა, მთხოვა, ერთად ვისადილოთო. წვიმა რომ მოდის, ამსტერდამი მახსენდება. როგორ მიყვარს იქაურობა, თავისი წვიმითა და ქარით, ხიდებითა და არხებით! ძალიან მომენატრა, ერთი წელია, არ ვყოფილვარ. უნდა წავიდე აუცილებლად. იქ მართლა ვისვენებ და მენატრება ის დრო, იქ რომ ვცხოვრობდი.

8 ივნისი, პარასკევი
პარასკევი რთული დღეა. არაორდინარული რაღაც ვთქვი ახლა! რთულ დღედ თითქოს ორშაბათია აღიარებული, მაგრამ ეს პარასკევი ორშაბათს არაფრით ჩამორჩება. ისევ დიდი ორომტრიალია. კარგია, რომ დღე ჩვენს დონორებს დავუთმე. მომავალი კვირა რთული მექნება - რამდენიმე პრეზენტაციაა დაგეგმილი, თანაც ეუთოს საჭიროებათა შემფასებელი ჯგუფიც ჩამოდის; ისევ და ისევ არჩევნები. დღეს საბოლოოდ მოვემზადეთ ძალიან კარგი ინიციატივისთვის, რომელსაც რადიო თავისუფლების მედიასკოლასთან ერთად ვაკეთებთ. გვინდა ჩავწეროთ ტოკ-შოუ რადიო თავისუფლებისთვის IREX-ის მიერ გახსნილი მედიის განათლების ცენტრის ახალ ნიუსრუმში. გვინდა, მომავალი ჟურნალისტების გაზრდაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. იმედია, კარგი გამოვა. პირველი გადაცემის წამყვანი მე უნდა ვიყო. ცოტას ვნერვიულობ, არ ვიცი, როგორ გამომივა... მგონი, ცუდი არ უნდა იყოს. პარლამენტის უმრავლესობიდან დამირეკეს - ენთუზიაზმით შეხვდნენ ჩვენს წინადადებას, მონაწილეობას მიიღებენ. ეს უკვე კარგია, მატარებელი დაიძრა!

საღამოს გერმანული ენის გაკვეთილი მქონდა. კი მეუბნება ბევრი, რომ არანორმალური ვარ და სწავლაზე გადაყოლილი, მაგრამ ძალიან მენანება და არ მინდა, ეს ენა დავივიწყო, ამიტომ ვცდილობ, კვირაში სამჯერ მაინც ვისაუბრო გერმანულად. დღეს, მაგალითად, ვყვებოდი, რამდენად სასიამოვნოა, როდესაც ჭკვიან ადამიანთან ურთიერთობ, მიუხედავად იმისა, იზიარებს თუ არა ის შენს პოზიციას.

9 ივნისი, შაბათი
დღეს შაბათია, მაგრამ რად გინდა?! არ ვარ იმ ადამიანთა სიაში, შაბათს კარგად რომ გამოიძინებენ, შემდეგ სახლში მშვიდად ისაუზმებენ და დღეს ისე გაატარებენ, როგორც ამას დატვირთული კვირის შემდეგ შაბათი იმსახურებს. მე დღესაც ისეთივე დატვირთული დღე მაქვს, როგორიც სამუშაო კვირის სხვა დღეები იყო. ახლა რადიო თავისუფლებაში დღიურების ჩაწერა მაქვს. შემდეგ კი ყველანი ერთად რადიო თავისუფლების მედიასკოლაში წავალთ. დღეს ახალი პროექტი იწყება - „დისკუსიები მედიასკოლაში“...
XS
SM
MD
LG