Accessibility links

logo-print

სხვანაირად არ გამოდის - საახალწლო განწყობა მაინც თავის მიზანს აღწევს: დგები, მიდიხარ საჩუქრების საყიდლად, ფუთავ, ახარისხებ, ფიქრობ, ვის რა გაუხარდება. გინდა გაახარო, შენც გინდა მოგილოცონ და რამე კარგი გისურვონ. ამ საახალწლო ამბავში გახვევა რომც არ დააპირო, ეს ორომტრიალი მაინც გითრევს, ცდილობს დაგაჯეროს, რომ წინა წელი ყველა დარდს წაიღებს და მომავალს მეტი შანსი აქვს იყოს უკეთესი. ამ განწყობით გილოცავთ რადიო თავისუფლება ახალ, 2016 წელსაც.

ასეა. სანამ ჩვენი ადამიანები გვყავს, მათთვის საახალწლო საჩუქრებზე სულ ვიზრუნებთ. ცოტაც და 2016 საბოლოოდ გააცილებს წინა წელს. შარშანაც ამას ვჩიოდით, რა მალე გავარდა ეს წელიო. ახლაც ასეა, წავიდა და თან უამრავი ამბავი წაიღო - რა არ გიამბეთ გასულ წელს, ხან სამწუხარო, ხანაც პირიქით, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდით არაფერი აგვრეოდა, ყველაფერი გადაგვემოწმებინა. ახლა კი, როცა ჩვენც ახალი ძალა და ენერგია უნდა მოვიკრიბოთ, ცოტათი მოვდუნდებით და საახალწლო საჩუქრებზე დავფიქრდებით. ან, ბარემ ერთად ვიფიქროთ - რა შეიძლება ვაჩუქოთ ისეთი, რომ ხელმისაწვდომიც იყოს, ორიგინალურიც, ლამაზიც, საინტერესოც. მაინც, ახალი წელია!

ამ ფიქრებში მივადექით „ფუნდუკს“. ძველ ქართულში „ფუნდუკი“ სასტუმროს, ხანაც ქარვასლის მნიშვნელობით გვხვდება. დიდი ხანი არ არის, ამ ადგილს ინტერნეტში გადავაწყდი - უცნაურ ნივთებს ამზადებენ, აქაურს, ქართულს, ხისგან და ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან, მინიმალისტურ ავეჯში ლურსმანი არ ურევია, მაგიდას დაკეცავ, ჩანთაში ჩაიდებ და სადაც გინდა წაიღებ, ისეთია. საახალწლო საჩუქრების კოლექცია კიდევ სადაა და დახვეწილი. აი, მუყაოს ნაძვის ხე, რომელიც ერთ წამში იწყობა. „ფუნდუკის“ დიასახლისი მარიკა ჭახრაკიაც აქ არის - საახალწლოდ, ინდივიდუალური მოთხოვნის გარდა, კორპორაციული შეკვეთებიც აქვთ და ხის სასაჩუქრე ყუთებში საჩუქრებს ახარისხებენ:

„მე მგონი, ჩვენი ნივთების პლუსი ის არის, რომ საქართველოშია დამზადებული და არ არის, ვთქვათ, ჩინეთიდან ჩამოტანილი. გვინდა, რომ ცოტათი მაინც ჩვენმა, ეროვნულმა პროდუქციამ ამოიწიოს, ხალხმა დაინახოს, რომ აქაც იქმნება საინტერესო, ორიგინალური და ხარისხიანი ნივთები, გემოვნებიანი რაღაცები, ჩვენც გვაქვს ამის რესურსი და ნიჭი და შესაძლებლობა...აი, ბოლო დროს ძალიან მოსწონთ ეს „კრაფტის“ ნაძვის ხეები - ეს არის ხის მუყაოსგან გაკეთებული ნაძვის ხე, რომელიც უმარტივესად იწყობა და ნახეთ, რა ლამაზი და მარტივია“.

„ფუნდუკში“ წეროვნის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ბავშვების მიერ დამზადებულ თექის საახალწლო სათამაშოებსაც ნახავთ, კიდევ - კახეთში მოქმედ ქალთა სათემო ორგანიზაციის მიერ მოქსოვილ ულამაზეს ხელთათმანებს და, არ დამავიწყდეს, ფუნდუკელების ერთ-ერთ ყველაზე მთავარ იდეა-საჩუქარს - ხის ქალაქ-თბილისს.

„ალბათ, გინახავთ ევროპის ხის ქალაქები. ჩვენც მოგვივიდა ეს იდეა, რომ გაგვეკეთებინა თბილისი - რატომაც არა. და ასე გაჩნდა ეს ხის პატარა ფიგურები, ანძა, აბანოები, გორგასლის ძეგლი... ეს არის ეკოლოგიურად ხის მასალისგან დამზადებული ქალაქი, რომელიც ერთნაირად მოსწონთ როგორც ტურისტებს, ისე ქართველებსაც და სიამოვნებით მიაქვთ საჩუქრებად. თან ჩვენ საგანგებოდ არ შევღებეთ ეს ქალაქი, ბავშვებს რომ შესაძლებლობა ჰქონდეთ, როგორც სურთ და როგორც ხედავენ, ისეთი თბილისი დაინახონ და იმგვარად მოხატონ“.

ხელნაკეთი სათამაშოები და სუვენირები ვარდების რევოლუციის მოედანზე საგანგებოდ გამართულ საახალწლო ქალაქის ტერიტორიაზეც მრავლად შეგვხვდა. სხვადასხვა სახელოსნოების ნაწარმი წინასაახალწლოდ დახლებზე გამოფინეს. აქაც გვითხრეს, რომ რაც დრო გადის, ორიგინალური სათამაშოები უფრო მოსწონთ. ამ ქალაქის გავლით კიდევ ერთ ადგილას მივდივართ, სადაც რაღაც განსხვავებული გვეგულება. ეს საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის წვერების მიერ მომზადებული ნივთების გამოფენაა. გამოფენა თემატურია - საახალწლო და, როგორც ასოციაციის შემოქმედებითი ხელმძღვანელი ანა შანშიაშვილი გვეუბნება, ამ ნივთების დამზადებაში საქართველოს ყველა კუთხეა ჩართული. ამ თექის ანგელოზებს და ხის მოხატულ დაფებს ის ოსტატები ამზადებენ, რომლებიც ტრადიციული რეწვის სხვადასხვა დარგში დღემდე მუშაობენ:

„აი, მაგალითად, ეს თექის თეთრი ანგელოზები რაჭიდან, ონის რაიონიდან გამოგვიგზავნეს, ეს კისისხევის ნაძვის ხეებია, გვაქვს ნამუშევრები მცხეთიდან, ნუკრიანის სახელოსნოდან, ხის ასაწყობი სათამაშოები, მოხატული დაფები და კოვზები, კერამიკული ნაკეთობანი და ა.შ., ყველა საახალწლო თემაზე გაკეთებული“.

ნაფარეულის ქუჩასაც ავუყევით. აქ ერთ საახალწლოდ განათებულ ვიტრინას შენიშნავთ, სადაც სოციალური საწარმო „ბაბალე“ და მისი წევრები ბინადრობენ. „ბაბალე“ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდებისათვის შეიქმნა. მათ, სამხატვრო აკადემიის რამდენიმე მოხალისე სტუდენტის დახმარებით, საახალწლოდ ბევრი ლამაზი ნივთი დაამზადეს. მთელი 3 500! ლია ტაბატაძე „ბაბალეს“ დამფუძნებელია:

„ძირითადად ხეზე ვმუშაობთ და საახალწლოდაც ხის მხატვრული დამუშავებით ვიყავით დაკავებულები. საქმე სულ განაწილებულია: ვიღაც სახეს ხატავს კარგად, ვიღაც უკეთესად აბნევს თასმას, ასე ნაწილდება და ერთობლივად იქმნება საერთო პროდუქტი“.

საღებავებით და საახალწლო სათამაშოების დასამზადებლად საჭირო სხვა უამრავი ნივთით სავსე მაგიდას ახლაც უსხედან „ბაბალეს“ წევრები. მათ შორისაა გიგო შიუკაშვილიც, რომელიც საახალწლო ხის მაიმუნის მოხატვითაა დაკავებული, მაგრამ დიდი ენთუზიაზმით გვთანხმდება მოკლე ინტერვიუზე და აქაურობასა და თავის მეგობარ ლექსოს ნახატებზე მოგვითხრობს:

„მაგარია „ბაბალე“! მე ახლა ამ მაიმუნს ვაკეთებ, საახალწლოს. მე მინდა, რომ აუცილებლად უფრო მეტი ადამიანი მოვიდეს ჩვენთან და ჩვენი სათამაშოები იყიდოს. აი, კიდევ, აქ ლექსოს ნამუშევრებია, მისი ნახატები და გვინდა, რომ მისი გამოფენა გავაკეთოთ“.

ყველა ამ ნივთს განსაკუთრებული ემოცია მოჰყვება და ეს პოზიტიური ენერგია ამ საახალწლო სათამაშოებსაც ეტყობაო, გვეუბნება ლია ტაბატაძე და მართლა ასეა: მაიმუნები იღიმებიან. რაღაცნაირად კეთილია ყველა, სხვანაირად ვერც იქნებოდა:

„როცა ამ საწარმოს ვაფუძნებდით და მის სახელზე ვფიქრობდით, თითქოს ბუნებრივად მოვიდა „ბაბალეს“ იდეა. ეს წინაქრისტიანულ ხანაში მზის სიმბოლო იყო და ოჯახებისა და ბავშვების მფარველადაც მოიაზრებოდა საქართველოში“.

საჩუქრების ძებნაში, ალბათ, ძალიან სუბიექტურად, ისევ წიგნის საახალწლო ფესტივალზე მოვხვდით. თბილისის ქუჩებში აქა-იქ წყვეტილად ისმოდა საახალწლო მუსიკის ხმა - ზოგი კაფედან, ზოგი მაღაზიიდან, ზოგიც ქუჩიდან.

აქ კი, წიგნების საახალწლო ორომტრიალში, ის ძველი წლები გამახსენდა, დაბადების დღეებზე რომ წიგნებს ვაჩუქებდით ხოლმე ერთმანეთს და ეს წიგნები გაზეთებში იყო გახვეული. ეს ამბავი გავახსენე გამომცემლობა „დიოგენეს“ ხელმძღვანელს თამარ ლებანიძესაც და წიგნის, როგორც საჩუქრის, იდეაზე ვკითხე:

„მთავარია შინაარსი, მიუხედავად იმისა, თუ რაში იქნება წიგნი გახვეული. მე იმედი მაქვს, რომ საქართველოში გამომცემლები სწორედ ისეთ წიგნებს გამოსცემენ, რომელთაც მკითხველი და მყიდველი ჰყავს და, შესაბამისად, უამრავი ადამიანის გულს ახარებს. ზოგადად კი, წიგნი, როგორც საჩუქარი, ალბათ, სარისკო საჩუქარია: თუ ადამიანს ძალიან კარგად არ იცნობ, არასოდეს იცი ბოლომდე, მოეწონება თუ არა ესა თუ ის წიგნი. თუკი დარწმუნებული ხარ არჩევანში, მაშინ თამამად უნდა აარჩიო და აჩუქო. მე გამიხარდებოდა, მაგალითად. წიგნი საჩუქრად მიმიღია კიდეც და საკუთარი თავისთვისაც მიყიდია და ეს კიდევ განსაკუთრებული შემთხვევაა, როცა საკუთარი თავისთვის საჩუქრად წიგნს ყიდულობ“.

ისე, საჩუქრები „დიოგენეს“ სტენდზეც მრავლად იყო, მათ შორის, ბეკეტის პლაკატიც და არცთუ უმიზეზოდ. სემუელ ბეკეტი მომავალ წელს 110 წლის ხდება. იქ კიდევ ბევრი წიგნი იყო, მეც რომ ვიჩუქებდი, მაგრამ ერთ-ერთს, გამორჩეულს, ვიტყვი, ჯულიან ბარნსის „დროის ხმაურს“, რომელიც შოსტაკოვიჩს ეძღვნება და რომელიც ჯერჯერობით, ორიგინალის გარდა, მხოლოდ ქართულ ენაზე არსებობს.

გამომცემლობა „ინტელექტს“ იმდენი სასაჩუქრე წიგნი აქვს წელს, ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ რადგან ზვიად კვარაცხელიას ყველაზე პირველად ჯონ სტაინბეკის სამოგზაურო რომანი, „რუსული დღიური“, გაახსენდა, მეც ამას ვიტყვი - იქ ერთი თავი საქართველოსაც ეთმობა. თავად ზვიადი გვეუბნება, რომ წიგნი განსაკუთრებული საჩუქარია და სულ უფრო იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც საახალწლო საჩუქრად სწორედ წიგნს არჩევენ:

„ბეჭდურ წიგნს, მრავალფეროვანს, საბავშვოს, თანამედროვეს, მხატვრულს და ეს რომ ჩანს წიგნის ფესტივალებზეც. თან ახალი წელიც მოდის და კარგი იქნება, თუ ახალ წელს ცოტა მატერიალისტური საჩუქრებიდან განსაკუთრებული წიგნის ჩუქებაზე თუ გადავერთვებით“.

ოოო, რთული საჩუქებელიაო, გვეუბნება დელფინებიანი წიგნების გამომცემელი მარი კორინთელი, დამფუძნებელი გამომცემლობისა „წიგნები ბათუმში“. მათი დახლი გაზრდილია და ფერადი წიგნებითაა სავსე. ძნელია, თუმცა გამოცნობაც შეიძლება, რა წიგნი სურს იმ ადამიანს, ვისაც გინდა აჩუქოო:

„სწორად შერჩეული წიგნი მართლა ძალიან კარგი საჩუქარია, თუმცა რთული საჩუქებელია - უნდა იცოდე, ვის და რატომ ჩუქნი, მაგრამ თუ გაარტყი, მაშინ ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა. რაც შეეხება ჩვენს წიგნებს... აი, მაგალითად, სულ ახლახან გამოცემულ „ბილი მილიგანის მრავალ გონებას“ ვაჩუქებდი და ვიჩუქებდი კიდეც, მისი გამომცემელი რომ არ ვიყო“...

ამასობაში, ბოლო წუთების ათვლა დაიწყო. მეც მოსაძებნი მაქვს საჩუქრები საახალწლოდ. თან მჯერა, რომ თუ გულით ვაჩუქებ, ყველაზე მცირე საჩუქარიც გრანდიოზული გამოჩნდება.

ახალ წელს გილოცავთ!

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG