Accessibility links

logo-print

30 მაისს ეკატერინე ტოგონიძის მოთხრობების კრებულის „მომისმინე“ და მცირე რომანის „ს-ხ-ვ-ა გ-ზ-ა“ წარდგინება გაიმართა. ეკა ტოგონიძე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებზე წერს და ცდილობს მათი პრობლემები მხატვრული ლიტერატურის ჭრილში დაანახვოს საზოგადოებას. ბეჭდურ წიგნებთან ერთად გამოვიდა კრებულის აუდიოვერსიაც, რომელიც უსინათლო და მცირემხედველ მკითხველს გადაეცემა.

21 წლის გოდერძი გოგოლაძე ილიას უნივერსიტეტში პირველი კურსის სტუდენტია. ხის სკამზე ზის. მუქი სათვალე უკეთია. ხელში თეთრი ხელჯოხი უჭირავს და მეგობარს ელაპარაკება. ღია ცის ქვეშ ჩამწკრივებული ხის სკამების რიგში გოდერძისკენ მისასვლელ გზას მივიკვლევ. მისალმება არ მაქვს დასრულებული, ხმაზე მცნობს. თან მიკვირს, თან მიხარია. გოდერძი და მისი მეგობარი, ისევე როგორც სხვები, წიგნების წარდგენის დაწყებას ელიან - წიგნების, რომელთა მთავარი პერსონაჟები სხვადასხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები არიან. ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილი ლიტერატურას უკავშირდებაო, მეუბნება გოდერძი, რომელიც ცდილობს ლიტერატურას ყველა იმ გზით გაეცნოს, რა გზითაც კი უსინათლო ადამიანს შეუძლია მისწვდეს მას - იქნება ეს ბრაილის შრიფტი თუ აუდიოწიგნები. მაგრამ გოდერძი იმაზე დარდობს, რომ მხატვრული ლიტერატურა, განსაკუთრებით კი თანამედროვე ქართული ლიტერატურა, ნაკლებად არის ხელმისაწვდომი უსინათლო მკითხველისთვის. ამჯერად, შეიძლება ითქვას, გოდერძის გაუმართლა - მწერალ ეკატერინე ტოგონიძის პროზაულ კრებულს, „მომისმინე“, ის მოუსმენს:

„ჩემი ცხოვრების ბოლო ოთხი-ხუთი წელი სულ აუდიოწიგნებით შემოიფარგლება. ვკითხულობ როგორც დეტექტივს, ისე კლასიკას. ჩემი სურვილიც ეს არის, რომ რაც შეიძლება მეტი ლიტერატურა იყოს ხელმისაწვდომი ქართული ენაზე - იქნება ეს აუდიოწიგნები, ბრაილის შრიფტით თუ სხვა. წიგნები და ლიტერატურა აუცილებლად უნდა იყოს ხელმისაწვდომი ჩვენთვის. ეს არის ჩემი ოცნება, რომლის ასრულებამდეც ჯერ კიდევ შორია“.

„მომისმინე“ და „ს-ხ-ვ-ა გ-ზ-ა“

„მომისმინე“ და „ს-ხ-ვ-ა გ-ზ-ა“

მოთხრობების კრებული „მომისმინე“ და რომანი „ს-ხ-ვ-ა გ-ზ-ა“ სწორედ იმ მიზნით შეიქმნა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების, მათი საჭიროებების, განცდებისა თუ ემოციების შესახებ უამბოს მკითხველს - მკითხველს, რომელსაც ხანდახან არც კი წარმოუდგენია, თუ რა პრობლემას შეიძლება გადააწყდეს ადამიანი, რომელიც ვერ ხედავს, არ ესმის, დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ეკატერინე ტოგონიძის წიგნებზე იმ საღამოს არაერთმა ცნობილმა სახემ თუ მწერალმა ისაუბრა, მათ მნიშვნელობაზე ყველაზე უკეთ მაინც ისევ გოდერძი გოგოლაძე გვეტყვის:

„მწერლები და პოეტები ცდილობენ, რომ ადამიანებს სხვა კუთხით დაანახვონ რაღაც საკითხები, უფრო კარგები და უკეთესები გახადონ ადამიანები, უფრო სხვანაირად მიაწოდონ ის ინფორმაცია, რომ, მაგალითად, შშმ პირიც ჩვეულებრივი ადამიანია, ვიდრე მიაწვდიდა ამას უფლებადამცველი. გულთან უფრო ახლოს არის მწერლობა და ადამიანთან უფრო ახლოს არის. მწერლის ნათქვამს, მე ვფიქრობ, ყველა გაიგებს, ტელევიზორიდან მოსმენილი კი შეიძლება ბევრმა ვერ გაიგოს“.

თინათინ რევაზიშვილი ეტლში შვიდი წლის წინ ავტოკატასტროფის შემდეგ აღმოჩნდა. მას მერე შეიცვალა მისი ცხოვრება. არც მეტი და არც ნაკლები, მან იმაზე გაცილებით აქტიური ცხოვრებით დაიწყო ცხოვრება, ვიდრე ეტლში ჩაჯდომამდე ცხოვრობდა. მეტიც, როგორც ის მეუბნება, პოლიტიკოსობას გეგმავს, რათა შემდეგ უკვე საკანონმდებლო ორგანოდან დაიცვას იმ ადამიანების უფლებები, რომლებიც ყოველ ნაბიჯზე პრობლემებს აწყდებიან.

უბრალოდ, ადამიანები, რომლებზეც მე ვწერდი და ვეძებდი სიუჟეტებში სიმძაფრეს, აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანები იყვნენ უმცირესობაში, მათ ხვდებოდათ წინააღმდეგობები საზოგადოებიდან, მათ ხვდებოდათ წინააღმდეგობები საკუთარ თავშიც...

„დიახ, საინტერესოა, როდესაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებზე წერს მწერალი“, - მეუბნება თინათინი, თუმცა იმასაც ამბობს, რომ არ არის ადვილი ამ საკითხებზე წერა, რადგან, მისი აზრით, არის ერთი საშიშროება:

„ეს არ უნდა გადავიდეს სტიგმასა და სეგრეგაციაში. ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მეტ-ნაკლებად სწორად გადადგმული ნაბიჯი, რათა საზოგადოებას აუმაღლოთ ცნობიერება, ზოგადად, შშმ ადამიანების მიმართ“.

საშა, რომელიც ყველა ადამიანს ცხოველად აღიქვამს, მელად, კატად ან პანტერად, ყრუ ჯემალი, გეგა, რომელსაც ყრუ მშობლები ჰყავს, ალექსანდრე, რომელსაც დისლექსია - კითხვის უნარის დარღვევის სინდრომი - აქვს და ამის დასაფარად სიბრმავე გამოიგონა და ა.შ... ესენი ეკატერინე ტოგონიძის მოთხრობების პერსონაჟები არიან:

„ძლივს მივაგენი. ახალგარემონტებული ორსართულიანი ცენტრი იყო. ვიფიქრე, ისე შევხედავ-მეთქი. ბოლოს და ბოლოს, ინვალიდები მხოლოდ ტელევიზორში მენახა. ჩვენთან ხომ მათი ადგილი არაა... გადამალულები არიან, გამოკეტილები. ოლიგოფრენია, დემენცია - ეს სიტყვები პირველად გავიგე. დაუნი და ცერებრალური დამბლა ვიცოდი. უმრავლესობა აუტიზმით იყო დაავადებული, თუმცა დიაგნოზები არ დამიმახსოვრებია, რად მინდოდა?“

ეს არის ეკატერინე ტოგონიძის აუდიომოთხრობიდან „მომისმინე“ ამონარიდი, რომელსაც თავად ავტორი კითხულობს. რატომ დაინტერესდა ეკა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებით და რატომ უძღვნის საკუთარ წიგნებს მათ? ამ კითხვაზე პასუხად, მწერალი ამბობს, რომ ეს არ ყოფილა ხელოვნური პროცესი. მას არ შეურჩევია ეს თემა იმისათვის, რომ მკითხველები ამ კონკრეტული თემის გარშემო გაეერთიანებინა, რათა ისინი მეტად დაფიქრებულიყვნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებზე. ეს ბუნებრივად მოხდაო, ამბობს ის:

მოთხრობების კრებულის „მომისმინე“ და მცირე რომანის „ს-ხ-ვ-ა გ-ზ-ა“ წარდგინება

მოთხრობების კრებულის „მომისმინე“ და მცირე რომანის „ს-ხ-ვ-ა გ-ზ-ა“ წარდგინება

„უბრალოდ, ადამიანები, რომლებზეც მე ვწერდი და ვეძებდი სიუჟეტებში სიმძაფრეს, აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანები იყვნენ უმცირესობაში, მათ ხვდებოდათ წინააღმდეგობები საზოგადოებიდან, მათ ხვდებოდათ წინააღმდეგობები საკუთარ თავშიც. ეს არ არის მწერლის საქმე, თუმცა ძალაუნებურად, თანდათანობით, ჩემი საქმიანობაც დავუკავშირე ადამიანთა უფლებებზე ფიქრს, ამ ყველაფერს ჯერჯერობით ბრძოლას არ დავარქმევ...“

გია ჯვარშეიშვილი - სოციალური პროექტის, „მოისმინე წიგნების“, ავტორი - ეკატერინე ტოგონიძეს რომან „ს-ხ-ვ-ა გ-ზ-აზე“ მუშაობისას უწევდა კონსულტაციებს. გია ჯვარშეიშვილს უკვე წლებია უწევს ურთიერთობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან და სწორედ ამიტომ მისი გამოცდილება და ცოდნა ეკატერინეს მუშაობის პროცესში ძალიან დაეხმარა. გია იყო კონსულტანტი ეკატერინე ტოგონიძის კიდევ ერთი რომანისა „Aსინქრონი“, რომლის მთავარი გმირები სიამის ტყუპი გოგოები არიან. როგორც გია ჯვარშეიშვილი ამბობს, ამ წიგნების შექმნით საფუძველი ჩაეყარა ერთ დიდ პროექტს, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები მათთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა სერვისს მიიღებენ, მათ შორის - უფასოდ გავრცელდება აუდიოწიგნები:

„ჩვენ მოხალისეობრივად ვმუშაობთ, რაც ჩემთვის მართლა საამაყოა, რადგან ეს, რეალურად, ჩვეულებრივი ბიზნესია. ვიღაცას შესაძლოა უხერხულობასაც კი ვუქმნით ჩვენი საქმით, რადგან ვავრცელებთ იმას, რასაც ისინი ყიდიან, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის გზა და ის სოციალური აქტივობები, რაც მიება ამ წიგნების გამოცემას, არის გზა მეტი ინკლუზივისკენ, მეტი მხარდაჭერისკენ, მეტი გააზრებისკენ“.

ანა კორძაია-სამადაშვილი

ანა კორძაია-სამადაშვილი

მწერალი ანა კორძაია-სამადაშვილი გვესაუბრება ეკატერინე ტოგონიძის ერთ რომანზე -„ს-ხ-ვ-ა გ-ზ-ა“. როგორც ის ამბობს, ეს მცირე რომანი არის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ნიმუში ქართულ ენაზე ქალის მიერ დაწერილი ნაწარმოებისა. გარდა ამისა, ანა კორძაია-სამადაშვილი ეკატერინე ტოგონიძის მწერლურ თავისებურებაზეც ლაპარაკობს:

„ძალიან საინტერესო ამბავია, როგორ მეტყველებენ ქალები, როგორ ფიქრობენ ქალები, რა ჰგონიათ ქალებს და ა.შ. მეორე, რაც არის, ძალიან საინტერესოა ეკას კინემატოგრაფიულობა. ეს არის ტექსტი, რომელსაც როდესაც კითხულობთ, აუცილებლად ხედავთ. უცნაური რამ არის. ეკას ვკითხე, როგორ მიაღწიე-მეთქი და არ ვიცი, მივაღწიე კიო? მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ეს ასეთი რომანია. მე კარგად წარმომიდგენია, როგორი შეიძლება იყოს ძალიან ლამაზი ფილმი გადაღებული ამ რომანის მიხედვით. მოდით, არ დავასპოილერებ მსმენელს და მკითხველს, თუ რას ვგულისხმობ, მაგრამ უდავოდ ძალიან საინტერესო ამბავია. და ხაზგასმით ვამბობ, რომ პლუსი არის სწორედ ქალის თვალით დანახული სამყარო, რომელიც საშუალებას აძლევს მკითხველს, რომ უყუროს სამყაროს არა მარტო ერთი, არამედ მეორე კუთხითაც“.

ეკატერინე ტოგონიძის ორი რომანის - „Aსინქრონისა“ და „ს-ხ-ვ-ა გ-ზ-ის“ - ეკრანიზაციას სულ მალე იხილავს მისი ერთგული მკითხველი. რომანმა „ს-ხ-ვ-ა გ-ზ-ა“ 2013 წელს მოიპოვა გამარჯვება საქართველოს ეროვნული კინოცენტრის კინოსცენარების კონკურსში. რაც შეეხება რომან „Aსინქრონს“, ის შეირჩა კინოცენტრისა და წიგნის ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტისთვის „21-ე საუკუნის ქართული ლიტერატურის ეკრანიზაცია“. წიგნის მიხედვით უკვე შექმნილია სცენარი, რომელსაც რეჟისორი რუსუდან ჭყონია გადაიღებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG