Accessibility links

logo-print

ზუგდიდში ექიმები კუთვნილ ხელფასებს ითხოვენ


ზუგდიდის მრავალპროფილური საავადმყოფო „რესპუბლიკა“

ზუგდიდის მრავალპროფილური საავადმყოფო „რესპუბლიკა“

ზუგდიდის მრავალპროფილური საავადმყოფო „რესპუბლიკის“ მედპერსონალს დღეს, 13 თებერვალს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია, მოგვიანებით კი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეხვდა.

ექიმებმა ეკა ბესელიას უთხრეს, რომ ორი თვის ხელფასის დავალიანების გამო ამბულატორიული პაციენტების მიღებაზე უარს ამბობენ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ექიმებს დაჰპირდა, რომ დაუყოვნებლივ მიიღებს ზომებს და დაელაპარაკება ჯანდაცვის მინისტრს. მისივე თქმით, მსგავსი პრობლემა სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბისიაის" საკუთრებაში არსებულ სხვა საავადმყოფოებშიც არსებობს და ეს საკითხი უნდა გადაიხედოს.

„ჩვენ პარლამენტში აუცილებლად გვექნება ამ საკითხზე მსჯელობა. ჩვენი ვალდებულებაა, რომ დავეხმაროთ ექიმებს იმისთვის, რომ მათ იფიქრონ თავიანთ პაციენტებზე და არა იმაზე, რა აჭამონ სახლში საკუთარ ოჯახის წევრებს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ძალიან გვიჭირს. ყველას პრობლემები გვაქვს, რადგან სხვა შემოსავალი არ გვაქვს. ჩვენი მოთხოვნა სამართლიანია...


დღესვე ექიმებს სახელფასო დავალიანებაზე გაესაუბრა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. პრეზიდენტმა მთავრობას პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდა.

მედპერსონალი კი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს, ვიდრე ხელფასები არ დარიგდება.

„ძალიან გვიჭირს. ყველას პრობლემები გვაქვს, რადგან სხვა შემოსავალი არ გვაქვს. ჩვენი მოთხოვნა სამართლიანია“.

„არავინ არაფერს არ გვპირდება. დეკემბრის თვის ხელფასი არ გვაქვს, იანვარიც დამთავრდა და თებერვალიც, აგერ, მთავრდება“, - აცხადებენ ექიმები.
ხელფასები როდის დარიგდება, ამას მე ვერ გეტყვით. სადაზღვევო კომპანია „აისი ჯგუფს“ აქვს დავალიანება „ჩემი ოჯახის კლინიკის“ ქსელის და ამიტომაც ვერ მოხერხდა დეკემბრის თვის ხელფასების გაცემა კლინიკაში...


საავადმყოფოს ადმინისტრაციულმა მენეჯერმა პაატა ადამიამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ სადაზღვევო კომპანია „აისი ჯგუფს“, სადაც სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობის დიდი ნაწილია დაზღვეული, აქვს დავალიანება საავადმყოფოს მფლობელთან, „ჩემი ოჯახის კლინიკასთან“, რის გამოც ვერ მოხდა მედპერსონალისთვის ხელფასების დროულად გაცემა.

„ხელფასები როდის დარიგდება, ამას მე ვერ გეტყვით. სადაზღვევო კომპანია „აისი ჯგუფს“ აქვს დავალიანება „ჩემი ოჯახის კლინიკის“ ქსელის და ამიტომაც ვერ მოხერხდა დეკემბრის თვის ხელფასების გაცემა კლინიკაში“, - განაცხადა პაატა ადამიამ.

თავის მხრივ, სადაზღვევო კომპანია „აისი ჯგუფში“ სახელფასო დავალიანებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. „ალდაგი ბისიაის“ შვილობილი კომპანიის, „ჩემი ოჯახის კლინიკის“, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ლიკა ბასლანძემ კი რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ სახელფასო დავალიანება აქვს „აისი ჯგუფს“ და არა „ალდაგი ბისიაის“ .

საავადმყოფოს ექიმები პროტესტის შეწყვეტას სახელფასო დავალიანების დაფარვამდე არ გეგმავენ.
გაიგეს, რომ დღეს აქ მე ჩამოვდიოდი. დილის ხუთ საათზე გამოვიდნენ თბილისიდან, რომ ჩემზე წინ მოსულიყვნენ...


ზუგდიდის მრავალპროფილურ საავადმყოფო "რესპუბლიკაში" დღეს, მედპერსონალთან შეხვედრამდე, ეკა ბესელიამ და მოგვინებით მისულმა პრეზიდენტმა 12 თებერვალს დაჭრილი პოლიციელი დავით ქვარაია მოინახულეს. დილით დაჭრილ პაციენტს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაესაუბრა.

პრეზიდენტის თქმით, ეკა ბესელიამ და ირაკლი ღარიბაშვილმა მას შეგნებულად დაასწრეს საავადმყოფოში მისვლა.

„გაიგეს, რომ დღეს აქ მე ჩამოვდიოდი. დილის ხუთ საათზე გამოვიდნენ თბილისიდან, რომ ჩემზე წინ მოსულიყვნენ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პოლიციელი დავით ქვარაია 12 თებერვალს ღამით დაჭრეს ზუგდიდის ბულვარში. შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვარაიამ ბულვარში მყოფ რამდენიმე პირს სიმშვიდისკენ მოუწოდა, რასაც ურთიერთშელაპარაკება მოჰყვა. მინისტრის თქმით, პოლიციელი მუცლის არეში სწორედ ამ შელაპარაკების დროს დაიჭრა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბრალდებული სამართალდამცავებმა დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG