Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკვირაო ქადაგების მესიჯი „ნაციონალურ მოძრაობას“ და სასამართლოს


6 ივლისის საკვირაო ქადაგებაში ქორეპისკოპოსმა იაკობმა სასამართლო სისტემა და ყოფილი მმართველი ძალა, „ნაციონალური მოძრაობა“, გააკრიტიკა, ხოლო მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ შეახსენა, რომ ამომრჩეველი მათი მართვის სტილით ბოლომდე კმაყოფილი არ არის. ხალხს არჩევნებში ისეთი გადაწყვეტილების მიღებისაკენ მოუწოდა, რაც ყოფილი მმართველი ძალის წარმომადგენლებს ხელისუფლებაში დაბრუნების შანსს არ დაუტოვებს, დღევანდელ ოპოზიციას კი დროებით განზე გადგომა ურჩია. როგორ აღიქვეს ეკლესიის ეს მესიჯები პოლიტიკურ წრეებში და როგორ აფასებს ეკლესიის პოლიტიკურ განცხადებებს საზოგადოება?

6 ივლისის საკვირაო ქადაგებაში ეკლესია ისევ მკაფიოდ შეეხო პოლიტიკას.

ქორეპისკოპოსმა იაკობმა ყოფილ მმართველ ძალას, „ნაციონალურ მოძრაობას“, დროებით გვერდზე გადგომისაკენ მოუწოდა, ხალხს კი არჩევნებზე წასვლა და ისეთი არჩევანის გაკეთება ურჩია, რის შედეგადაც ხელისფლებაში აღარ მოვლენ ისინი, ვინც „ქვეყანას ღირსება აჰყარა“:

„დღეს რომ ისევ ხელისუფლებაში მობრუნება უნდათ, რას გვპირდებიან, რომ მოვლენ? პლაკატებზე ისევ იქნება, ალბათ, „ავამუშაოთო“, მაგრამ... ისევ ქუჩაში დახვრეტები? ისევ ციხეებში გაუპატიურება? ამის შიში რომ ჰქონდეთ, რომ ისევ აღარ ჩაიდინონ, ვიღაც მაინც უნდა გვემხილა. ეს ხომ სისტემა იყო და არა ერთი კაცის ახირება. ამას ვერ იზამდა ვერც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი, ვერც ვერავინ, რომ არა ის კაცი, რომელიც გაქცეულია და ქვეყანაში ვერ ჩამოდის... რომ მოდიხართ და თავს გვთავაზობთ, სხვა ბრენდით მაინც მოდით. როცა არ ხართ სათავეში ყოფნის ღირსი და უფალი გადაგწევთ, ადგილი სხვებს უნდა დაუთმოთ“.

უნდა მივიდეთ ყველანი არჩევნებზე და ჩვენი არჩევანი გავაკეთოთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც არ ინანიებენ, რაც გაუკეთეს ქვეყანას, ღირსება როგორ აჰყარეს ერს და დღეს ისევ მობრუნებას აპირებენ, რაღაცას უარი უნდა ეთქვას...
ქორეპისკოპოსი იაკობი

ყველაფერი არც ახალ მთავრობას აქვს მოსაწონი და ხალხის უკმაყოფილება არჩევნებზეც გამოჩნდაო, განაცხადა ქორეპისკოპოსმა, თუმცა ისიც შენიშნა, რომ განსხვავებას ყველა უნდა ხედავდეს:

„პირველად მოგვეცა საშუალება, რომ ხალხმა მართლა აირჩიოს და მართლაც უნდა ავირჩიოთ. უნდა მივიდეთ ყველანი არჩევნებზე და ჩვენი არჩევანი გავაკეთოთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც არ ინანიებენ, რაც გაუკეთეს ქვეყანას, ღირსება როგორ აჰყარეს ერს და დღეს ისევ მობრუნებას აპირებენ, რაღაცას უარი უნდა ეთქვას. მადლობა ღმერთს, რომ შურისმაძიებელი ერი არ ვართ და კიდევ ველოდებით, როდის დაბრუნდებიან ერის წიაღში. რაც უნდა იძახონ „რეიტინგი, რეიტინგიო“, რომელ რეიტინგზეა ლაპარაკი? თბილისში ერთად ხომ უნდა ვიცხოვროთ? მართლა გოგლიმოგლის პარტიად ხომ არ უნდა ვიქცეთ, რომ ქუჩაში კვერცხები დაგვაყარონ?“

ის რიტორიკა და მიდგომები, რომლებიც გამოიყენა ქორეპისკოპოსმა, ჩემი აზრით, მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს: „ქართულ ოცნებას“ არჩევნების მეორე ტურის წინ დაუქვეითდა თვითშეფასება და ჩართო ამ პროცესში ეკლესიაც...
ბექა მინდიაშვილი

ქორეპისკოპოსმა მიმართა სასამართლოსაც და სისტემაში ე.წ. „ძველი გავლენების“ არსებობაც ახსენა: „ხედავთ, რომ სახელმწიფო არ ერევა და იმ ძველ გავლენებს თავი გაანებეთო“. ეს განცხადება იაკობმა სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კონტექსტში გააკეთა და სასამართლოს „ქუჩაში150 ახალგაზრდის დახვრეტის ფაქტის სრულყოფილად გამოძიებისაკენ“ მოუწოდა.

„ქართული ოცნების“ მიერ ეკლესიის ავტორიტეტის გამოყენება საარჩევნო პროცესში - ასეთ შეფასებას აძლევს თეოლოგი ბექა მინდიაშვილი ქორეპისკოპოს იაკობ იაკობაშვილის საკვირაო ქადაგებას, რომელშიც მან „ნაციონალურ მოძრაობას“ ბრენდის შეცვლისაკენ მოუწოდა, თან თქვა, დღეს რომ საბჭოთა დრო იყოს, მათ „სხვანაირად მოექცეოდნენო“, სასამართლოს კი „ძველი გავლენებისგან“ გათავისუფლება ურჩია. საყურადღებო ფაქტია, შენიშნა ბექა მინდიაშვილმა, რომ იაკობ იაკობაშვილი საპატრიარქოს წარმოადგენს და, შესაბამისად, მისი პოზიციაც საპატრიარქოს პოზიციააო:

„ის რიტორიკა და მიდგომები, რომლებიც გამოიყენა ქორეპისკოპოსმა, ჩემი აზრით, მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს: „ქართულ ოცნებას“ არჩევნების მეორე ტურის წინ დაუქვეითდა თვითშეფასება და ჩართო ამ პროცესში ეკლესიაც, ისევე როგორც ეს მოხდა 2012 წლის არჩევნებში. იქიდან გამომდინარე, რომ იაკობ იაკობაშვილი არის „ქართული ოცნების“ - კონკრეტულად, ღარიბაშვილისა და ივანიშვილის - ყველაზე დაახლოებული პირი, სწორედ ეს პიროვნება შეირჩა ასეთი პირდაპირი პოლიტიკური მოწოდების გასაკეთებლად“.

პრობლემა, ჩემი აზრით, დღეს ის უფროა, რომ ეკლესია არ წარმოადგენს ქრისტიანულ დაწესებულებას, არამედ ეს არის ჩვეულებრივი სავაჭრო გილდია, რომელიც ვაჭრობს თავისი სიმბოლური ავტორიტეტით და კაპიტალით სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან...
ბექა მინდიაშვილი

მიუხედავად იმისა, რომ სინოდმა სამჯერ აუკრძალა კონკრეტულ სასულიერო პირებს რომელიმე პოლიტიკური ძალის პოზიციის დაკავება, ისინი მაინც არ ემორჩილებიან სინოდის მითითებას და ამისათვის არც სინოდი და პატრიარქი ითხოვს მათგან პასუხს, გვეუბნება ბექა მინდიაშვილი და წინასაარჩევნოდ იობ აქიაშვილის საარჩევნო აქტიურობასაც იხსენებს ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ, რომლის დროსაც პატრიარქმა ის ადამიანები დატუქსა, ვინც იობ აქიაშვილს სინოდის გადაწყვეტილების დაცვისაკენ მოუწოდებდნენ. შესაბამისად, ბექა მინდიაშვილი არ ელის, რომ ამისათვის დღეს მაინც დატუქსავენ ვინმეს. მით უმეტეს, რომ, მისი აზრით, ეს საპატრიარქოს ღიად გამოხატული პოზიციაა. ბექა მინდიაშვილი იმასაც განმარტავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა სასულიერო პირს არ ზღუდავს გამოხატოს საკუთარი აზრი ამა თუ იმ პოლიტიკური მოვლენისა თუ პარტიის შესახებ და თუნდაც მოუწოდოს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებისაკენ. მთავარია სახელმწიფო არ ითვალისწინებდეს ამას და არ ექცეოდეს რომელიმე რელიგიური დაწესებულების - ამ შემთხვევაში მართლმადიდებლური ეკლესიის - გავლენის ქვეშ:

„პრობლემა, ჩემი აზრით, დღეს ის უფროა, რომ ეკლესია არ წარმოადგენს ქრისტიანულ დაწესებულებას, არამედ ეს არის ჩვეულებრივი სავაჭრო გილდია, რომელიც ვაჭრობს თავისი სიმბოლური ავტორიტეტით და კაპიტალით სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან. ურიგდება იმ ძალას, რომელიც მას მეტს გადაუხდის და მის პოზიციას ახმოვანებს. ეს ბოლო წლების განმავლობაში ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა და, რაც მთავარია, ეკლესია იქცა კაცთმოძულეობის მქადაგებელ დაწესებულებად და ეს უფრო მიმაჩნია პრობლემად და არა ის, რომ ისინი თავიანთ დამოკიდებულებას გამოხატავენ ამა თუ იმ საჯარო თუ პოლიტიკური საკითხისადმი“.

ეკლესიის დიდი დოზით ჩარევას სახელმწიფო საქმეებში საფრთხილოს უწოდებს ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძეც და ამბობს, რომ ეკლესიის მხრიდან განსაკუთრებით მკაფიო პოლიტიკური მოწოდებები შეიძლება საშიში აღმოჩნდეს ქვეყნის განვითარებისათვის:

„რასაკვირველია, ეკლესიას შესაძლებელია საკუთარი პოზიცია ჰქონდეს და უნდა ჰქონდეს კიდეც, მაგრამ მე მგონია, რომ ბევრად უფრო ფრთხილად უნდა გამოთქვამდეს ამ აზრს, ვიდრე ამას ბოლო დროის განმავლობაში აკეთებს. სამწუხაროდ, პოლიტიკური ძალები - ძველი ხელისუფლება იქნება ეს თუ ახალი - ამას სიამოვნებით იყენებენ თავიანთი მიზნებისათვის და მე ამას ეკლესიისა და პოლიტიკის - მმართველ ძალას ვგულისხმობ - შეთამაშებულ პოლიტიკასაც კი დავარქმევდი. ეს კი, საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, საზიანოა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის“.

რას ფიქრობენ ამჯერად ამ საკითხზე „ქართულ ოცნებაში“? რადიო თავისუფლებამ კომენტარისათვის პარტიის ერთ-ერთ წევრს, თამარ კორძაიას მიმართა, რომლის ზოგადი პოზიცია, რომ ეკლესია სახელმწიფოს საქმეებში არ უნდა ერეოდეს, ცნობილია. შეგახსენებთ, ეს აზრი მან არაერთხელ გამოხატა სხვადასხვა დროს, მათ შორის, ანტიდისკრიმინაციული კანონის განხილვის პროცესშიც, თუმცა ამჯერად რადიო თავისუფლებასთან საუბარში ქორეპისკოპოს იაკობის საკვირაო ქადაგებაზე გამოხმაურებისგან თავი შეიკავა და გვითხრა, რომ აჯობებს ეკლესიის ასეთ განცხადებებს საერთოდ არ მოჰყვეს კომენტარები. დღის განმავლობაში საკვირაო ქადაგებას „ქართული ოცნების“ არც სხვა წევრები გამოხმაურებიან.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ მაჭავარიანმა, აღნიშნა, რომ ქადაგებისთვის „არ მოუსმენია და თუ მასში პოლიტიკური აქცენტები გაკეთდა, არც აპირებს მოსმენას“. თუმცა, მისივე სიტყვებით, „ქორეპისკოპოსს აქვს უფლება საკუთარი აზრი გამოხატოს“.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG