Accessibility links

logo-print

წინასწარი შეფასებით, 2016 წლის ივლისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 2,1 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, 2016 წლის II კვარტალის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 3,1 პროცენტი, ხოლო 2016 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 2,7 პროცენტი შეადგინა.

2016 წლის იანვარ-ივლისში საქონლით საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის მაჩვენებლები ასე გამოიყურება: საქონლის ექსპორტმა 1 მილიარდ 121,8 მლნ აშშ დოლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან ცვლილებამ კი (- 11,5 %) შეადგინა. საქონლის იმპორტმა 5 426,2 მლნ აშშ დოლარი, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან ცვლილებამ 25,3 % შეადგინა. 2016 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 6 მილიარდ 548,1 მლნ აშშ დოლარი, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან ცვლილებამ 16,9 % შეადგინა.

ექსპორტის შემცირების მიზეზებზე საუბრისას მედია შემდეგ საკითხებზე აკეთებს აქცენტს: ექსპორტი შემცირებულია როგორც ევროკავშირის (25 %-ით), ასევე დსთ-ის ქვეყნებში (27 %-ით). საინტერესოა, რომ იანვრიდან, ივლისის ჩათვლით, საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო ბრუნვა კანადასთან ჰქონდა, თუმცა ეს ქვეყანა დაწინაურდა C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამით სამკურნალო საშუალებების დიდი მოცულობით იმპორტის გამო. საქართველოდან კი კანადაში ყველაზე მეტი გავიდა დაუმუშავებელი თუ ნახევრად დამუშავებული ოქრო - დაახლოებით, 1,5 ტონა. კანადის შემდეგ, ჩვენი ქვეყნის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორები კვლავ არიან თურქეთი და რუსეთი.

ექსპორტის შემცირება მით უფრო დამაფიქრებელია, რომ ბოლო პერიოდში ლარის კურსის დაცემამ საქართველოდან ექსპორტი გააიაფა, რაც დამატებით წამახალისებელი ფაქტორი უნდა ყოფილიყო. უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტებიდან შემცირებულია ფეროშენადნობების, მსუბუქი ავტომობილების, სამკურნალო საშუალებების, მინერალური წყლებისა და აზოტოვანი სასუქების ექსპორტი, თუმცა გაზრდილია სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების, თხილის, ყურძნის ნატურალური ღვინოების, სპირტისა და ოქროს ექსპორტი. მიუხედავად ამისა, ექსპერტების შეფასებით, სასაქონლო ექსპორტის შემცირება შესაძლოა კიდევ გაგრძელდეს. მიზეზთა შორის ექსპერტები ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში არსებულ ვითარებას ასახელებენ.

ეკონომიკის 2,7 %-იანი ზრდისა და ექსპორტის შემცირების ფონზე, ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ 2016 წლის ივლისში, 2016 წლის ივნისთან შედარებით, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 1,5 პროცენტით გაიზარდა, თუმცა წლიურ ჭრილში ინდექსი 2,3 პროცენტით შემცირდა, ხოლო, 2010 წლის საშუალოსთან შედარებით, 21,8 პროცენტით გაიზარდა.

„2016 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ინდექსის ზრდა გამოიწვია დამამუშავებელი მრეწველობის სექციაზე ფასების 1,5 პროცენტით ზრდამ. სექციაში ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა მეტალურგიული მრეწველობისა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოების ქვესექციაზე (9,9 პროცენტი). ფასების 7,5-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობის სექციაზე“, - ნათქვამი იყო საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, 12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ მთელ რიგ სექციებსა და ქვესექციებზე: დამამუშავებელი მრეწველობა - ფასები შემცირდა 5,4 პროცენტით; საკვები პროდუქტებისა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოება (-3,7 პროცენტი), ქიმიური წარმოება (-16,1 პროცენტი) და მეტალურგიული მრეწველობისა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოება (-6,7 პროცენტი); ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება: ფასები გაიზარდა 19,4 პროცენტით და, შესაბამისად, სექციამ 2,43 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG