Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეპოზიტების დაზღვევის ინიციატივა


ავტორი: ირინა გურული

მსოფლიო ბანკის დახმარებით, საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის პროექტის განხორციელება იგეგმება. სისტემის შესაქმნელად, ფინანსთა მინისტრის ხელმძღვანელობით, იგეგმება სამუშაო ჯგუფის შექმნაც. ინიციატივის მიზანია წვრილი დეპოზიტარების დაცვა ეკონომიკაში არსებული სხვადასხვა რყევებისგან. ამასთან, დაზღვევის ამგვარი სისტემის შექმნას ითვალისწინებს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებაც.

დანაზოგების მოცულობა საქართველოში მზარდია. 2015 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2015 წლის პირველი იანვრისთვის 11,6 მლრდ ლარს გადააჭარბა. დეპოზიტები, უმეტესწილად, მოკლევადიანია. კერძოდ, მთლიანი დეპოზიტების საშუალო ვადიანობა დაახლოებით 9 თვეა, ხოლო ვადიანი დეპოზიტების საშუალო ვადიანობა - 11,4 თვე. რაც შეეხება დეპოზიტების რაოდენობას ერთეულის მიხედვით, 2014 წლის ბოლოსთვის გაფორმებული იყო 151,592 სადეპოზიტო ხელშეკრულება. მაღალი იყო დეპოზიტებში დოლარიზაციის კოეფიციენტი და 60,15 პროცენტი შეადგინა, რაც, 2014 წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობით, მცირედი - 0.31-პროცენტიანი - მატებაა.

საბანკო სექტორის საიმედოობისა და სტაბილურობის გასაძლიერებლად, დეპოზიტების დაზღვევის ინიციატივა პირველად გერმანული განვითარების ბანკ KFW-ს ჰქონდა. ბანკი მზად იყო 2006 წელს საქართველოსთვის 3.5 მილიონევროიანი შეღავათიანი კრედიტი გამოეყო ამ სისტემის შესაქმნელად, მაგრამ იმ ხანებში ვერ მოხერხდა კონსენსუსის მიღწევა საქართველოს ხელისუფლებასთან და პროექტი ვერ განხორციელდა.

დეპოზიტების დაზღვევა მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაში მოქმედებს. ბოლო წლების განმავლობაში ეს მექანიზმი განსაკუთრებით პოპულარული გახდა განვითარებად ქვეყნებში. სისტემის ძირითადი მიზანი მოულოდნელი ფინანსური პანიკის შემცირებაა. დეპოზიტების დაზღვევის ხარჯები, უმეტესწილად, სახელმწიფოსა და საბანკო სექტორის თანამონაწილეობით იფარება. ამ მიზნით წინასწარ იქმნება ფონდი. ამგვარი სისტემის უარყოფით ეფექტად ხშირად სახელდება ის გარემოება, რომ დაზღვევის არსებობის დროს ბანკები უფრო მეტ რისკიან გადაწყვეტილებებს იღებენ და სესხს სარისკო ინვესტიციებში გასცემენ, რამაც, შესაძლოა, ამგვარი სადაზღვევო სისტემის ეფექტურობა შეამციროს.

პირველი ქვეყანა, რომელმაც დეპოზიტების დაზღვევა აამოქმედა, ამერიკის შეერთებული შტატები იყო. იქ დეპოზიტების ფედერალური დაზღვევის სისტემა 1933 წელს შევიდა ძალაში. ამ ინიციატივის მთავარი მიზანი უფრო დიდი დეპრესიის შემდეგ საბანკო სექტორისა და დეპოზიტების მიმართ მოსახლეობის ნდობის ამაღლება იყო, ვიდრე მცირე მეანაბრეების დაცვა.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში დეპოზიტების დაზღვევის სისტემა, უმეტესწილად, 1990 წლებში ამოქმედდა, რაც განპირობებული იყო მათი ევროკავშირში გაწევრიანების ინტერესით.

განხორციელდება თუ არა საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის სისტემა და რა მოდელს აირჩევს ქვეყანა, ეს, სავარაუდოდ, წელს გახდება ცნობილი, მიღებული შედეგების შეფასება კი ამოქმედებიდან ერთი წლის თავზე იქნება შესაძლებელი.

XS
SM
MD
LG