Accessibility links

ავტომოვაჭრეებს განბაჟების უფასო ვადას გაუხანგრძლივებენ


იმპორტირებული ავტომობილები ფოთის "გეზში"

იმპორტირებული ავტომობილები ფოთის "გეზში"

ავტორი: ირინა გურული

ფინანსთა სამინისტრო იმპორტირებული მსუბუქი ავტომობილების მფლობელებს განბაჟების უფასო ვადას უხანგრძლივებს. განუბაჟებლობის შემთხვევაში ავტომფლობელი დაკისრებული სანქცია-საურავებისგან გათავისუფლდება.

შესაბამის ცვლილებების პაკეტზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ერთი თვეა მუშაობს. როგორც შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, 1 მარტიდან 1 სექტემბრამდე ავტომობილების გაყიდვის ან განბაჟების შემთხვევაში ავტომობილის მფლობელებზე საჯარიმო სანქციები არ გავრცელდება. ამასთან, განბაჟების უფასო ვადა 45 დღიდან 60 დღემდე გაიზრდება.

ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლება ცდილობს ნაწილობრივ მაინც შეუმსუბუქოს ტვირთი ქართველ ავტომოვაჭრეებს, რომლებიც ბოლო წლის განმავლობაში, აზერბაიჯანის მიერ ავტომობილების იმპორტზე ახალი მოთხოვნების წარდგენის შემდეგ, მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დადგნენ.

კერძოდ, შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანმა2014 წლის 1-ელ აპრილს ა „ევრო 4-ის“ სტანდარტი აამოქმედა. აზერბაიჯანული მხარის ოფიციალური პოზიციის თანახმად, ახალი რეგულაციის მიზანი ავტომობილის გამონაბოლქვის შემცირების გზით გარემოსათვის ნაკლები ზიანის მიყენებაა. 2015 წელს კი აზერბაიჯანმა ავტომობილზე აქციზის გადასახადი გაზარდა - აქციზის გადასახადი 3 000 კუბურ სანტიმეტრზე ნაკლები მოცულობის მქონე ძრავისთვის 400 მანეთი, ანუ 977 ლარი, იქნება; 4 000 კუბურ სანტიმეტრამდე ძრავისთვის აქციზის გადასახადი 4 634 ლარი იქნება, 5 000 კუბურ სანტიმეტრამდე ძრავისთვის კი - 5 900 მანეთი, ანუ 14 392 ლარი.

ცხადია, ამ ცვლილებებმა მნიშვნელოვანი ასახვა პოვა ექსპორტის მასშტაბზე. მართალია, 2014 წელს საქართველოდან ექსპორტირებულ ხუთ უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფში მსუბუქი ავტომობილები ისევ შედის (მსუბუქი ავტომობილები /18.1%/, ფეროშენადნობები /10%/, სპილენძის მადანი /8.7%/, თხილი /6.4%/ და ღვინო /6.3%/), - მსუბუქი ავტომობილები ექსპორტირდება, ძირითადად, აზერბაიჯანში, სომხეთსა და ბელგიაში, - მაგრამ ამჟამად საგრძნობლად არის შემცირებული მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი (-26.44%).

კიდევ უფრო დიდი შემცირებაა 2014 წლის იანვარ-თებერვალსა და 2015 წლის იანვარ-თებერვალს შორის: ავტომობილების ექსპორტი შემცირებულია თითქმის ორჯერ -77,102მლნ აშშ დოლარიდან 40,642 მლნ აშშ დოლარამდე.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ბიზნესთან ერთად ჩამოყალიბდნენ სამი მიმართულებით. ეს მიმართულებები ძირითადად ერთ კონცეფციას ეფუძნება. შესაძლოა ეს წესი 1 აპრილამდე შემოყვანილ მანქანებსაც შეეხოს. ავტომობილები, რომლებმაც დაარღვიეს შემოსვლის ვადა ან დაარღვევენ 1 სექტემბრამდე და მათი მფლობელები 1 სექტემბრამდე წარადგენენ ამ საქონელს საბაჟო ორგანოში, მათი შემდგომი გაფორმების მიზნით, გათავისუფლდებიან საგადასახადო კოდექსით დაწესებული ყველა ჯარიმა-საურავისა და ყველა სანქციისგან.

მეორე მიმართულება: შემოღებულია ასევე 45-დღიანი საფასურის გარეშე ავტომობილების შემოყვანის ვადა. ფინანსთა სამინისტროში გადაწყვიტეს, რომ ეს ვადა გაგრძელდეს, სავარაუდოდ, 60 დღემდე და, ამასთან, 60-დან 90 დღემდე. 90 დღე არის ავტომობილის წარდგენის საბოლოო ვადა, ასევე, სავალდებულო არ გახდება ამ ვადის გაგრძელების მიზნით საბაჟო ორგანოში განაცხადის შეტანა და ეს არ დაისჯება ჯარიმით.

თუ 90 დღის ვადაშიც ვერ მოახერხა ბიზნესმენმა ამ მსუბუქი ავტომობილის გაყიდვა, გამარტივდება მისი საბაჟო საწყობის რეჟიმში მოთავსება. გარკვეული პერიოდით ასეთი სახის მანქანების ამ რეჟიმში მოთავსება შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ სპეციალურ საბაჟო საწყობში, არამედ სხვა ადგილებშიც.

ეს ინიციატივა ნაწილობრივ შეუმსუბუქებს ტვირთს იმ ავტომოვაჭრეებს, რომლებიც უკვე ჩამოყვანილი ტრანსპორტის გაყიდვას დროულად ვერ ახერხებენ.

XS
SM
MD
LG