Accessibility links

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში დაგეგმილია საჯარო განხილვა ტყით სარგებლობის წესის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შესატანი ცვლილებების პროექტისა. ეს იქნება გარდამავალი დებულება მანამ, სანამ საქართველოში ახალი ტყის კოდექსი დამტკიცდება და ტყით სარეგბლობის საკითხები საბოლოოდ დარეგულირდება და განისაზღვრება.

დღეს ტყით სარგებლობისთვის, კერძოდ, ტყის ტერიტორიაზე სხვადასხვა საქმიანობის წარმოებისთვის, მაგალითად, ჰიდროკვანძების, მილსადენების, გზების, ელექტროგადამცემი კომუნიკაციების, არხების ფუნქციონირებისათვის, მშენებლობისათვის, ნავთობისა და გაზის ოპერაციების ჩასატარებლად, სახელმწიფო, საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობაში გადაცემისას და ა.შ. ტყით მოსარგებლე ვალდებულია განახორციელოს სარგებლობაში გადაცემული ფართობის ტოლფას ფართობზე საკომპენსაციო სამუშაოები. საკომპენსაციო ღონისძიებების სახე, ვადები და ადგილმდებარეობა განისაზღვრება მართვის ორგანოს მიერ.

როგორც ახალი ინიციატივის ავტორები ამბობენ, აღნიშნული რეგულაცია იწვევს მთელ რიგ პრობლემებს, კერძოდ, ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის მართვის ორგანოს უწევს საკომპენსაციო ღონისძიების განსაზღვრა სუბიექტურად, მხოლოდ ფართობთან მიმართებაში.

ამიტომ ხელისუფლებამ ახალი წესი მოამზადა, რომელიც შემდეგ გათვლებს ემყარება:

საშუალოდ ერთი ჰექტარი ტყის გაშენებისთვის საჭიროა 35 000 ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ 1 ჰექტარზე ირგვება 5 000 ცალი ნერგი, შესაბამისად, ერთი ძირი ნერგის დარგვის ღირებულება შეადგენს 7 ლარს. გარდა ამისა, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ნერგის შემდგომი მოვლა-პატრონობისთვის აუცილებელი თანხებიც.

ამ გათვლით, ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისთვის წლიურად გადასახდელი თანხის ოდენობების დიფერენციაცია მოხდა ფართობების მოცულობების მიხედვით, კერძოდ, 500 მ2-მდე ფართობისთვის დგინდება 250 ლარი, 500-1000 მ2-მდე - 500 ლარი, 1000-5 000 მ2-მდე - 800 ლარი, 5 000 მ2–1,0 ჰა – 1200 ლარი, ხოლო 1 ჰა-ს ზევით - 0,12 ლარი ყოველ მ2-ზე

ცვლილება ითვალისწინებს ასევე გარდამავალ რეგულაციას, რომელიც ეხება იმ ტყით მოსარგებლეებს,რომელთაც ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე გადაეცათ ტყე სარგებლობაში. კერძოდ, ასეთ სუბიექტებს უფლება ექნებათ, დადგენილი საკომპენსაციო ღონისძიებების განხორციელების ნაცვლად, გადაიხადონ ახალი საკომპენსაციო საფასური, რის შესახებაც 3 თვის ვადაში წერილობითი განცხადებით უნდა მიმართონ შესაბამის მართვის ორგანოს. ამასთან, ასეთ შემთხვევაში საკომპენსაციო საფასურის გადახდა ხდება სრულად, მიუხედავად მათ მიერ ამ მომენტამდე საკომპენსაციო ღონისძიებების განხორციელებისათვის გაწეული ხარჯებისა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წარმოდგენილი დადგენილების პროექტი შემუშავდა გერმანიის საერთაშორისო ტექნიკური თანამშრომლობის (GIZ) ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით.

ინიციატივის ავტორები იმასაც ამბობენ, რომ ცვლილების პროექტით გათვალისწინებული მიდგომები გადაიხედება ახალი ტყის კანონის შემუშავებისა და მიღების დროს. შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილებები შეასრულებს გარდამავალი ეტაპისათვის აუცილებელი რეგულაციის ფუნქციას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG