Accessibility links

logo-print

საქართველოში ინვესტიციებისა და გზავნილების შემცირების ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ როგორ წარიმართება საქართველოს საგარეო ვაჭრობა. ტენდენცია საკმაოდ შემაშფოთებელია: 2015 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 4 მილიარდ 761 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 13 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 1 მილიარდ 82 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (24 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი - 3 მილიარდ 680 მლნ. აშშ დოლარს (9 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარ-ივნისში 2 მილიარდ 598 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 55 პროცენტი შეადგინა.

ვფიქრობთ, ამ ფონზე საინტერესოა მთავარი პარტნიორებისა და პროდუქციის გაანალიზება:

2015 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1 მილიარდ 434 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 293 მლნ. აშშ დოლარი იყო (2 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი - 1 მილიარდ 141 მლნ. აშშ დოლარი (3 პროცენტით მეტი).

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 30 პროცენტი შეადგინა, მათ შორის, ექსპორტში - 27 პროცენტი და იმპორტში - 31 პროცენტი (2014 წლის იანვარ-ივნისში, შესაბამისად, 26, 21 და 28 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 33 პროცენტი (2014 წლის იანვარ-ივნისში 31 პროცენტი). დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2015 წლის იანვარ-ივნისში 1 356 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2014 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით, 21 პროცენტით ნაკლები). აქედან ექსპორტი 417 მლნ. აშშ დოლარი (45 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 939 მლნ. აშშ დოლარი იყო (2 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 28 პროცენტი იყო, მათ შორის, ექსპორტში - 39 პროცენტი და იმპორტში - 26 პროცენტი (2014 წლის იანვარ-ივნისში, შესაბამისად, 32, 53 და 24 პროცენტი). 2015 წლის იანვარ-ივნისში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 20 პროცენტი (2014 წლის იანვარ-ივნისში - 8 პროცენტი).

2015 წლის იანვარ-ივნისში სავაჭრო პარტნიორების პირველ სამეულში თურქეთი, აზერბაიჯანი და ჩინეთი შედის. რუსეთი მეოთხე ადგილზეა და 7,1 პროცენტს შეადგენს.

საინტერესოა, რომ საექსპორტო ქვეყნებს შორის რუსეთს, რომელსაც საერთო ექსპორტში 6,5 პროცენტი აქვს, ტრადიციული პარტნიორების თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის გარდა, ბულგარეთმაც გადაუსწრო და მესამე ადგილზეა.

ობიექტური მიზეზების გამო უკრაინის წილი ვაჭრობაშიც და ექსპორტშიც მნიშვნელოვნადაა შემცირებული და 2,5 პროცენტს შეადგენს.

2015 წლის იანვარ-ივნისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა და 130 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 12 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 110 მლნ. აშშ დოლარს და, შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 10 პროცენტს უდრიდა. მსუბუქი ავტომობილების ჯგუფმა მესამე ადგილზე გადაინაცვლა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 99 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 9 პროცენტი შეადგინა.

ექსპორტში მეოთხე ადგილზე თხილი და კაკალია, შემდეგ სამკურნალო საშუალებები და აზოტოვანი სასუქები მოდის და მხოლოდ შემდეგ მინერალური წყლები და ყურძნის ღვინო.

საინტერესოა, რომ რუსეთთან დათბობის მთავარ „მიღწევას“, ღვინის ექსპორტს, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვანი ვარდნა აქვს ექსპორტში: 2014 წლის იანვარ-ივნისში თუ, დაახლოებით, 84 მილიონის ღვინოა ექსპორტირებული, წელს სულ, დაახლოებით, 39 მილიონის ექსპორტია გასული. შესაბამისად, 2014 წელს ღვინო საერთო ექსპორტში 6 პროცენტს იკავებდა, ახლა კი3,7 პროცენტს იკავებს. დიდი ალბათობით, ეს მაჩვენებელი უკრაინის ბაზარზე შექმნილ პრობლემებთანაა კავშირში.

ამ ფონზე ახალი საექსპორტო პროდუქციისა და ახალი ბაზრების ძიება ერთადერთი და საკმაოდ რთული გამოსავალია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG